დაწყებით კლასებში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები დაინერგება

0

DSC_1826საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც  დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებაში  ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები დაინერგება.

ახალი ინიციატივა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის  ფარგლებში განხორციელდება. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაახლოებით 300 საჯარო და ეთნიკური უმცირესობის სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტი გააუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.

პროექტმა უკვე დაიწყო პილოტირების პროცესი 122 საპილოტე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები 1200 დაწყებითი საფეხურის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის.

2016 წელს პროექტის დასრულებისათვის ქართველი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი იქნება  მრავალფეროვანი რესურსები, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კითხვასა და მათემატიკაში, რაც მათ დაეხმარება  აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებსა და ცოდნას.


Share.

Comments are closed.