საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

0

გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან დღეს სამუშაო სადილი გამართა.

ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე დარჩენილ პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ იმსჯელა. მათ ყურადღება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს. ქვეყნის პირველმა პირმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოხატინ საკუთარი პოზიცია და მოახდინონ სათანადო რეაგირება აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ზოლის 11 კილომეტრით გაფართოების თაობაზე.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს რეგულარულად ვმართავთ იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რასაც ასოცირების შელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს. შეხვედრისას, განვიხილეთ მიმდინარე პროცესი, ვისაუბრეთ თუ რა ვალდებულებები და სამოქმედო გეგმა ექნება ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ბუნებრივია, განვიხილეთ რეგიონალური საკითხებიც… ჩვენ კიდევ ერთხელ გავხატეთ შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ზოლის გაფართოების თაობაზე. მეც და საგარეო უწყების წარმომადგენლებმაც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ტიპის საკითხები არ შეიძლება გადაიდოს. მსოფლიო თანამეგობრობამ მყისიერად უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია მსგავსი საკითხების მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის საკითხს და იმ თემებს, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევების მხრივ არის აქტუალური. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა განაცხადა, რომ ასევე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.
„ევროპის დედაქალაქებსა და ბრიუსელში განწყობა ერთიანია – ცნობილია, რომ საქართველომ წელს ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველომ უნდა განაგრძოს დაწყებული რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროინსტიტუტებთან დაახლოების გზაზე“, – აღნიშნა მან.

სამუშაო სადილს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე.

ინფორმაციის წყარო:  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.


Share.

Comments are closed.