საქართველოს ქალაქებისთვის ურბანული განვითარების გეგმები შეიქმნა

0

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  USAID-ის მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის თვითმმართველობის წევრები.

შეხვედრაზე განიხილეს ქ. რუსთავისა და ფოთისთვის მომზადებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი მონახაზები. აღნიშნული გეგმები, USAID-ის მხარდაჭერით და მათივე შერჩევით, კომპეტენტურმა საექსპერტო-არქიტექტურულმა ორგანიზაციამ მოამზადა. გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს, თუმცა, მათ რაიმე სახის ხარჯი არ გაუღიათ.

აღნიშნული დოკუმენტი ეხება ტერიტორიული დაგეგმვის, გამწვანების, განაშენიანებისა და სხვა  საკითხებს, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ კუთხით არსებულ პრობლემებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, „ეს გამოცდილება სხვა ქალაქებმაც უნდა გაიზიარონ. თვითმმართველობებმა მეტი უნდა მოინდომონ იმისთვის, რომ მსგავსი განაშენიანების და განვითარების გეგმები იქნას შემუშავებული. ჯერჯერობით, არის გარკვეული კითხვები, მაგრამ ეს დოკუმენტი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება. ამ ეტაპზე ეს კარგი ბაზისია, რომ მუნიციპალიტეტებმა  ეს გეგმა სამოქმედო დოკუმენტებად აქციონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.“

USAID-ის მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გამოყენება, პირველ ეტაპზე, ფოთში, რუსთავსა და ბათუმში დაიწყება.


Share.

Comments are closed.