ალექსანდრა ობოლაძე კომპანია RMG-ის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

0

ათდღიანმა საპროტესტო აქციამ დაბა კაზრეთის კულტურის სახლიდან კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კომპანია RMG-ის  თანამშრომლების მოთხოვნას კიდევ ერთი, ხელმძღვანელობის შეცვლა დაემატა. უკვე მესამე დღეა საწარმოს გარეთა პერიმეტრზე კარვები გაშალეს და 9 ადამიანმა უვადო შიმშილობა  გამოაცხადა. ისინი საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი დღეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლნისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპროტესტო აქციას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებიც შეუერთდნენ.

აქციის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და მისმა მოადგილეებმა მოინახულეს.

მიხეილ ყაველაშვილი, აქციის მონაწილე:

_ მესამე დღეა ვშიმშილობთ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვთ უფლებების აღდგენას,  ადამიანურ მოპყრობას,არ ვართ მონები, დააბრუნონ უმიზეზოდ გათავისუფლებული თანამშრომლები.  ხელფასების გაზრდა 100%-ით ცუდად ესმით,  400 ლარია ხელფასი და ზუსტად უნდა მოხდეს ასპროცენტიანი ზრდა, ბევრს არ ვითხოვთ, უმძიმეს პირობებში ვმუშაობთ. კარვები გვაქვს გაშლილი და 9 ადამიანი ვშიმშილობთ. ერთი მუშა ცუდად გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ვაპირებთ უვადო შიმშილობას.

ლეილა ყაფლანიშვილი, დაბა კაზრეთის I საჯარო სკოლის პედაგოგი:

_ უფროსი კლასის მოსწავლეები არ გამოცხადდნენ დღეს სკოლაში, აქციას შეუერთდნენ, ისინი მშობლების გათავისუფლებას აპროტესტებენ, ამიტომ ჩვენ მათ გამოვუცხადეთ სოლიდარობა და აქციაში ჩავებით. ყველა პედაგოგის მოთხოვნა ერთია :დააბრუნონ ეს ადამიანები სამუშაო ადგილებზე.

შეგახსენებთ, რომ აქცია 14 თებერვალს დაიწყო,  პროფკავშირებმა და საწარმოს მუშახელმა სამსახურიდან გათავისუფლებულ 184 თანამშრომელს სოლიდარობა გამოუცხადa, ისინი ნომერ პირველ მოთხოვნად გათავისუფლებულების აღდგენას მოითხოვდნენ და ხელმძღვანელობას დიალოგისკენ მოუწოდებდნენ.  ხელმძღვანელობა მუშების გათავისუფლებას საწარმოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობით ხსნის, რაზეც მუშები პასუხობენ:

„ხელმძღვანელობას მაღალი ხელფასები აქვთ, საწარმოს მხოლოდ მუშებისთვის უჭირს. ამდენი ხნის მანძილზე გვაჩუმებდნენ, მოგემატებათ ხელფასიო, გვატყუებდნენ. აღარ ვაპირებთ გაჩერებას. ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. ხელოვნურად არის შექმნილი კრიზისი, ყაჩაღიანის გადათხრას ითხოვენ, ვითომ საწარმოში ოქროს მარაგი არ აქვთ, სინაmდვილეში აქ 25 წლის მარაგია, მაგრამ როგორც ამბობენ, საყდრისზე მაღალი ხარისხის შემცველი მადანია და გამდიდრება მოინდომეს”.- აცხადებენ აქციის მონაწილეები. სხვადასხვა ლოზუნგებითა და შეძახილებით მუშახელი ერთმანეთს მეთერთმეტე დღეა ამხნევებს, მათ მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთი და მთავარი- ხელმძღვანელობის შეცვლა დაემატა. დღეს აქციის წევრებს  კომბინატში ამ დრომდე დარჩენილი თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდა.

ჯონი რთველაძე, RMG გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარე:

_ RMG გოლდის ფაბრიკიდან შემოგვიერთდნენ ცვლის უფროსები,  გამოვიდნენ ბუღალტერიის თანამშრომლები და მაღაროს კოორდინატორები.  უკვე ყველა ძველ მოთხოვნას დღეს ახალი დაემატა:  კომბინატის ყველა ხელმძღვანელი შეიცვალოს და ჩვენ მაშინ შევწყვეტთ აქციების. ბოლომდე ერთად ვიდგებით და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ვლადიმერ ასლანიშვილი, აქციის მონაწილე:

_ დიალოგი აღარ გვინდა. მათი აღარ გვჯერა, უნდა შეიცვალონ,  ეყოთ რაც აქამდე ჭამეს, გვამცირეს, დროა ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. დიალოგს მხოლოდ მთავრობასთან მოვითხოვთ, თუ არ მოგვარდება არსებული მდგომარეობა ხალხის სასიკეთოდ, პირობას ვდებ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი და დარწმუნებული ვარ.  ბევრი შემომიერთდება ისინი ძველი მთავრობის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები არიან, ამიტომ უნდა წავიდნენ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ხალხს სიტყვით მიმართა და დახმარებას საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე დაჰპირდა.

ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი:

_ ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობაა  შეკრებილი, მათი მოთხოვნაა ადმინისტრაციის შეცვლა, ვესაუბრე აქციის წევრებს, მოშიმშილეებს, დავუკავშირდები გუბერნატორს, ერთად შევხვდებით  გაფიცულ თანამშრომლებს, ასევე შევხვდები RMG გოლდის წარმომადგeნლებს,  ვეცდები დავეხმარო ამ ხალხს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გამოსვლას აქციის წევრები ტაშით შეხვდნენ, მათ სჯერათ მთავრობა ჩაერევა და მოლაპარაკება მუშახელის  სასიკეთოდ დამთავრდება.

აქციის მონაწილეებთან დღემდე არ გამოჩენილა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი და საწარმოს ყოფილი აქციონერი კობა ნაყოფია, მასთან დაკავშირებასაც ვცდილობთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.