ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ საადრეო კარტოფილის დათესვა დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტს საადრეო კარტოფილის მოყვანა-რეალიზების კუთხით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ძირითადად აზერბაიჯანულ სოფლებში მოწეული კარტოფილით მარაგდება საქართველოს რეგიონები. აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას. ამ კუთხით მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სიიპ ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლის რეგიონალური სამმართელოს ბოლნისის ოფისი  მოსახლეობას კარტოფილის ჩრჩილის თავიდან ასაცილებლად სათესლე მასალის კონკრეტული პრეპარატებით დამუშავებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ ჩვენს მუნიციპალიტეტში გავრცელებულია საადრეო კარტოფილის ერთ-ერთი სერიოზული საკარანტინო მავნებელი – კარტოფილის ჩრჩილი და გამომდინარე აქედან ადგილობრივი კარტოფილი სათესლედ არ გამოიყენება, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ,  ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და დათესონ ძირითადად ისეთი ჯიშის კარტოფილი, როგორიცაა პიკასო, იმპალა, არენდა და ა.შ. დაავადებების მიმართ განსაკუთრებით გამძლეა პიკასოს ჯიში. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ კარტოფილის ჩრჩილთან ბრძოლა არც თუ ისე იოლია, რადგანაც ის იზამთრებს მატლისა და ჭუპრის სახით, ამიტომ  შეიძლება შეგვხვდეს როგორც მინდორში, ასევე საწყობის პირობებში. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კარტოფილის წამლობა თესვის პერიოდიდანვე. არენდატორებსა და კერძო მოსახლეობას ვურჩევ პრეპარატებს, რომელიც გამოცდილი, მაღალეფექტური და ხარისხიანია, ესენია: პრესტიჟი, რომლით დამუშავებული თესლიც გამძლე და  მდგრადია როგორც მავნებლების, ასევე დაავადებებისადმი. გარდა ამისა,  ეფექტური პრეპარატებია სელესტ-ტოპი, მატადორ გრანდი და როვრალ აკვაფლოო. ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთით აუცილებლად უნდა დამუშავდეს კარტოფილის თესლი, რაც წინა პირობაა იმისა, რომ  შევძლოთ საღი პროდუქციის მიღება. ჩრჩილით დაავადებული კარტოფილი საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმდენად არის დაზიანებული,  რომ მისი გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. ასევე უვნებელია შეწამლული თესლით მოყვანილი პროდუქციის მიღება, თუმცა პრეპარატის საჭირო დოზირება უნდა იყოს აუცილებლად დაცული.

როდესაც კარტოფილი აღმოცენდება 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე,  ესაჭიროება სხვა სახის წამლობები, რის შესახებაც  მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბრისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა.


Share.

Comments are closed.