ბოლნისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებამ დაიკლო

0

რატევანი-რაჭისუბნის მონაკვეთზე მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრები 40 თეთრის ნაცვლად 20-ს  იხდიან. თუმცა გაუქმდა კატეგორიების მიხედვით შეღავათი უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით. თანხის გადახდა უწევთ პედაგოგებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და სოციალურად დაუცველებს. უფასო მგზავრობით მხოლოდ მოსწავლეები სარგებლობენ. მგზავრობა 50 თეთრი გახდა რატევანი-ფარიზის ხაზზეც, რომელიც პედაგოგებს ემსახურება. რასაც ნაწილი პედაგოგების გაღიზიანება მოჰყვა. აღდგა ბალიჭი-რაჭისუბნის ხაზი, რომელიც გაიაფდა და მგზავრები 70 თეთრს გადაიხდიან.

თემურ გაბიძაშვილი, შპს სატრანსპორტო სამსახურის უფროსი:

_ კატეგორიების მიხედვით როდესაც უფასო იყო მგზავრობა,  გაცილებით მეტი მგზავრი დაჰყვებოდა ავტობუსს.  დადგენილი ტარიფით გადახდა ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს მოსახლეობას. თუ არ იქნება შემოსავალი, ავტობუსი ვერ იმუშავებს. სუბსიდია, ხელფასებს და საწვავს ხმარდება. გადახდილი თანხა კი, რომელიც ძალიან მცირეა,  ავტობუსების რემონტს სჭირდება.

მაია არველაძე, პედაგოგი:

_ პედაგოგები წლებია უფასოდ ვმგზავრობდით, გვესმის შეღავათიანი ფასია, თუმცა ყოველდღიურად გვიწევს წასვლა-წამოსვლა. 1 ლარი მინდა ყოველდღე. ტარიფის დაწესება ჩვენს მცირე ხელფასებზე აისახება.

როზა ხარაიშვილი, მგზავრი:

_ მგზავრობის ღირებულების გაიაფებას მივესალმები. დიდი შეღავათია. 20 თეთრის გადახდა ვფიქრობ მოსახლეობის არცერთ ფენას არ უნდა გაუჭირდეს, 40 თეთრად კი ორჯერ იმგზავრებ.


Share.

Comments are closed.