„თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ..?!“

0

…იდგა თებერვალი…

…იდგა ჯიუტი, არაფრისმთქმელი, არაფრის გამომხატველი.

იდგა ზამთრის ბოლო თვე კუშტად, მკაცრად, ცივად…

…იდგა და ელოდა, ელოდა გატრუნული, გარინდებული…

ელოდა რას იტყოდნენ მასზე, როგორ შეამკობდნენ, როგორ განადიდებდნენ, როგორ ჩააქრობდნენ თუ გააცამტვერებდნენ, ყველაფერს ელოდა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იდგა და ელოდა. მან იმ დღიდან იცოდა ყველაფერი (არა, იმ დღიდან კი არა, უფრო ადრიდანაც), როდესაც 1921 წ. სერგო ორჯონიკიძემ სტალინს მისწერა: „ჩაგრულთა დამცველი წითელი არმიის გამოჩენამ საქართველოს ტერიტორიაზე აუწერელი აღტაცება და ზეიმი გამოიწვია… თავის მხსნელებს პურ-მარილით ხვდებოდნენ, ბევრნი სიხარულით ტიროდნენ.“ მან უკეთ იცოდა თუ რა, როგორ… იცოდა, რომ ეს ასე არ იყო… ამიტომ ჩაეცინა იქედნურად  საქართველოში ჩამომდგარ თებერვალს. ჩაეცინა და გული დარდმა დაუსერა. მაინც ჯიუტად დუმდა… დრო ულმობლად გადიოდა, ფიქრობდა, დარდობდა და თავის საქმესაც აკეთებდა, თებერვალი ბერავდა…

არც ის გაჰკვირვებია, როცა გაიგონა ვიღაცის ნათქვამი, უფრო სწორად ინკოგნიტოსი, ანუ სამშობლოს სიყვარულით გულდამწვარი, გულანთებული ფრთხილი ქართველის, რომელიც წერდა თურმე ფარულად: „მაგონდება მე ტფილისი, თებერვლის ოცდახუთს, დაღვრემილი, თავზარდაცემული ჩვენი საზოგადოება ზანტად გამოსული ქუჩაზე. თითქოს ცხოვრების მიზანი დაჰკარგვია ამ ხალხს და გაოგნებულს აღარ ესმის რას უნდა ემსახუროს, რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა გზას მისცეს თავი.“

… რას უნდა ემსახუროს, რა ნაბიჯი გადადგას, რა გზას მისცეს თავი…

რას ემსახუროს…

რა ქნას თებერვალმა, როგორ მოიქცეს, რა გზას დაადგეს. ქებას უსმინოს თუ ძაგებას, დიდებას თუ განადგურებას, ვის დაუჯეროს, ვის გაჰყვეს, ვის ემსახუროს, როგორ, როგორ ემსახუროს…

ფილიპე მახარაძემ ლენინს აცნობა „მოვლენები განვითარდა რამდენადმე მოულოდნელად, მუშათა კლასი აღმოჩნდა ამ მოულოდნელი ფაქტის წინაშე.“

…გაოგნებულია თებერვალი, რა ხდებაო, ვისგან მოდის ეს მოულოდნელობა და ვისკენ მიემართებაო, ფიქრობს…

ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი, ვინ და რატომ?.. რაღა ახლა ჩემს დროს, მე ხომ საქმე მაქვს, ჩემი მიზანი, ჩემი გეგმა, მე ხომ უნდა დავასრულო ეს ცივი ზამთარი, მე ხომ გაზაფხულს უნდა დავუთმო ასპარეზი, მაგრამ ო, ეს ოცდახუთი…

„თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით“

სიკვდილი ცელით, ცელით, რეკავს ზამთრის მიწურული და კვლავ ვერა გაუგია რა…

„მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს და უძრავ იყო თებერვლის ღამე…“

… და იწურება ზამთრის ბოლო ღამეები, ზამთრის ბოლო თვე. ტოვებს სარბიელს თებერვალი, ტოვებს ტკივილით, სინანულით, დარდით სავსე. არ უნდა შავი შტრიხი… გაზაფხულობა, მაისობა უნდა, განსაკუთრებით ოცდაექვსმაისობა, დაკარგულის დაბრუნება, დაკარგული თავისუფლების.

„დედებო, შეამკეთ მათი საფლავები, საქართველოსათვის რომ დადეს თავები…“

ბუბუნებს თებერვალი, ბერავს თებერვალი, ფიქრობს თებერვალი, გლოვობს მერამდენედ დაჭრილ და დაჩოქილ საქართველოს, გლოვობს თავისუფლების დაკარგვას, წყევლა-კრულვას უთვლის თებერვალი მოღალატე იმპერიის ლაქია ბობოლებს, რომლებიც ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს უპატაკებდნენ: „თბილისზე ფრიალებს ხელისუფლების წითელი დროშა“ _ და ეს ფრიალი უამრავ სისხლად და საფლავად დაუჯდა საქართველოს…

„…და ჩემს ფიქრებში ცრემლი გროვდება, ვიღავ ჩურჩულებს _ არ არის მკვდარი, დროთა მიჯნაზე საღამოვდება, სადაც ქვითინებს მწუხარე თარი…“

დრო გადის, ისტორია მეორდება . თითქმის ყველა თვე ერთმანეთს ემსგავსება. თებერვალი კი  კვლავ ბერავს… რუსის ჩექმა ისევ მძლავრად იკიდებს ფეხს, მას არც თებერვალი აინტერესებს და არც მაისი, არც ახალ  წელს ერიდება, არც შობას, არც ეკლესიას, არც საფლავებს, წინაპართა ძვირფას საფლავებს გვიფეთქებს რუსული ბომბი, არც რუსეთის ლამაზ პატარძალს ერიდება, არ აფასებს იმ დიდ ერთგულებას და სიყვარულს, რომელიც უცხო ტომელებისათვის უცხოა, წარმოუდგენელია ერთგულება, რომელიც ჭავჭავაძეების ასულმა გამოიჩინა გრიბოედოვისადმი… მაგრამ რა მივიღეთ სანაცვლოდ? დაპყრობა, დამცირება, შეურაცხყოფა…

…ტრაქტატი, გეორგიევსკის ტრაქტატი, მერამდენე პირობა, ხელშეკრულება და მერამდენე დარღვევა, მოტყუება, ბოლოს დაპყრობა, ანექსია, ძვირფასი თავისუფლების წართმევა. თანაც, თურმე ჩვენი სურვილით, სიხარულით, აღმაფრენით…

9 აპრილი, რუსის ჩექმის კიდევ ერთი გამოცდა პატრიოტი ქართველების ზურგზე, რუსის ნიჩბის კიდევ ერთი ასპარეზი სასაკლაოზე, ახალგაზრდების სისხლით მორწყულ მოწაზე.

„ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა, პატარა საქართველო, ობოლი საქართველო…“

იშვილა, მაგრამ რად გინდა! საოცრად მკაცრი და უგულო გამოდგა მამობილი.

„გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო“

მაგრამ თებერვალი მაინც ფიქრობს, სხივი აუკიაფდა გულში იმედის. შეუძლებელია რუსთაველის სამშობლო ვინმემ დააჩოქოს, შეუძლებელია აღმაშენებლის საქმიანობა უკვალოდ გაქრეს. მერე რა, რომ ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, მერე რა რომ 70 წლის მანძილზე იარაღის მეტი არაფერი შეუქმნიათ, მერე რა…

მოვა თებერვალი, კარგი თებერვალი, ისეთი კი არა, რომ გვახსოვს. უკეთესი, გმირული… დადგება გაზაფხული, ნაირფერი ყვავილებით მოჩითული გაზაფხული, მოვა და იმედებს მოიტანს, სიხარულს მოიტანს და მაშინ კი, ნამდვილად, ნამდვილად იქნება თებერვალი საქართველოს გაზაფხული…

***

დადგა თუ არა ის „ნანატრი“ თებერვალი? რა მოგვიტანა ზამთრის ამ სუსხიანმა თვემ? რამდენად იცნობენ ბოლნისელები და რისი თქმა შეუძლიათ, ოდესღაც საზეიმო თარიღად ქცეულ 25 თებერვალზე? ამის გარკვევას შეძლებისდაგვარად შევეცადეთ.

მაყვალა თაყნიაშვილი:

-არ ვიცი, 25 თებერვალზე არაფერი მსმენია, ოცდახუთსა თებერვალსაო..თუ რაღაც მსგავსი, მახსოვს ვისწავლე სკოლაში, სხვა რა გითხრათ…

ნათელა ტოგონიძე:

-ეს გასაბჭოების დღე იყო. კომუნისტების დროს ამ დღეს აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ, წითელი არმია შემოიჭრა და დაგვიპყრო. სინამდვილეში საქართველოს რა ჰქონდა საზეიმო? ანექსია უნდა გვეზეიმა? ქართველი ხალხის გენოციდი იყო, ისტორიამ თავისი განაჩენი გამოუტანა ყველა მოვლენას, იმედია მომავალშიც ასე იქნება…

იზო ხუციშვილი:

-25 თებერვალს წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და დაიპყრო. მაშინ ეს სულ სხვანაირად აღიქმებოდა. „მხსნელ წითელ არმიას“ ეძახდნენ, მაგრამ  ჩვენ არ გვჯეროდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ანექსია, ოკუპაცია „ თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით“… ასეთი გახლდათ ის ავბედითი, წითელი 25 თებერვალი.

თამაზ მუშკუდიანი:

-დღევანდელი გადასახედიდან არ უნდა აღნიშნულიყო, მაგრამ მაშინ სხვანაირად არ შეიძლებოდა. ოქტომბრის რევოლუციამ მოიტანა ახალი ქვეყანა, ახალი სოციალისტური სამყარო. კომუნისტური რეჟიმის დრო იყო და ეს დღე აუცილებლად უნდა აღნიშნულიყო, ლექსებსაც გვასწავლიდნენ ამ თარიღზე სკოლაში.

-ხომ არ გახსოვთ რომელიმე, ბატონო თამაზ?

-მახსოვს, უფრო სწორად შევეცდები გავიხსენო „ჩემო ტკბილო საქართველო, მოგილოცავ ძვირფას დღესა , მონობიდან თავდახსნილი, აღარ ისმის შენი კვნესა“, ან კიდევ, „თუ რამ იყო სიდუხჭირე, ქარს გაჰყვა და გაიარა“… ზუსტად არ მახსოვს, მიახლოებით ასეა.

-მაინც, ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, რამე სიკეთე მოუტანა ამ არმიამ საქართველოს?

-ცოტა ვრცლად მინდა გიპასუხოთ, საქართველო უნდა წასულიყო თავისი ბუნებრივი განვითარების გზით _ ეს გზა იყო დამოუკიდებლობის გზა, ის უნდა ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ რესპუბლიკად და არა იმპერიის ნაწილად. ეს იმპერია იყო ტოტალიტარულ რეჟიმზე აწყობილი, ასეთი იმპერიები დიდხანს ვერ იარსებებენ, ამის მაგალითები ისტორიაში მრავლად გვაქვს.ვიცით, როგორ დაინგრა და აღიგავა პირისაგან მიწისა რომის იმპერია, სასანიდების დინასტია, და სხვა იმპერიები, რუსეთის იმპერიაც დაინგრა, იმიტომ, რომ მას  არ ჰქონდა ბაზა, საძირკველი და ლოგიკური იყო მისი შემდგომი ბედი. რაც შეეხება სარგებლობის მოტანას,რა გითხათ, არიან ისეთები, რომლებიც ახლაც მისტირიან იმ დროს, არიან ისეთებიც ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა მაშინაც და დღესაც, მაგრამ არსებობს ჭეშმარიტება: შეიძლება  ერს უჭირდეს, შეიძლება ულხინდეს, მაგრამ როდესაც ის აშენებს თავის სახელმწიფოს, თუ მას უნდა, რომ ეროვნული განვითარების გზას დაადგეს, მაშინ ბევრი რამე უნდა აიტანოს, გაჭირვებაც, სიდუხჭირეც და თვითონ დადგეს ფეხზე.

– რუსები იძახიან, რომ რწმენა შეგვინარჩუნეს ამით…

– იმ დროს კომუნისტური რეჟიმი იყო, კომუნისტები ეკლესია-მონასტრებს გვინგრევდნენ, რწმენას გვიკარგავდნენ, მღვდლებს პარსავდნენ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ არავითარი ქრისტე არ არსებობს, ათეიზმი მძვინვარებდა მაშინ, როგორ შეეძლოთ მათ  რწმენის გადარჩენა? ქრისტიანობა ქართველმა ხალხმა, მორწმუნეებმა გადაარჩინეს და არა კომუნისტურმა რუსეთმა.

მაშინ ცოტა შორს გადავინაცვლოთ, 1783 წელი, გეორგიევსკის ტრაქტატი და ერეკლე მეფე…

– თქვენ გაინტერესებთ მე ვამართლებ თუ არა ერეკლე მეფეს? _ მე მიმაჩნია, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენი ერი ფიზიკურად უნდა გადაერჩინა, ამ დროს აუცილებელი იყო რუსეთთან შეერთება, ჩვენ ჩვენი ფიზიკური ყოფიერება უნდა  გადაგვერჩინა. მოგეხსენებათ ამ დროს საქართველო თურქეთისა და სპარსეთის სათარეშოდ იყო ქცეული, ერთ-ერთს უნდა დაეპყრო, ან შუაზე უნდა გაეყოთ ჩვენი ბედკრული სამშობლო, დასავლეთი _ თურქეთს, ხოლო აღმოსავლეთი სპარსეთს უნდა  რგებოდა. როდესაც ერეკლე დამარცხდა აღა მახმად ხანთან, მთიულეთში გაიხიზნა. იქ სხვა გზა მოჭრილი იყო და დაიწყო ფიქრი , რომ საქართველო რუსეთს შეერთებოდა. სასარგებლო ჩვენთვის სწორედ ეს ტრაქტატი იყო, რუსეთმა ჩვენ ფიზიკურად გადაგვარჩინა, ეს იყო ერეკლე მეფის მიერ გადადგმული ჭკვიანური ნაბიჯის შედეგი. ამ კონტექსტში შეიძლება  განვიხილოთ რუსეთი, როგორც ჩვენი გადამრჩენი, რაც შეეხება კომუნისტურ რუსეთს, მას ჩვენი რწმენის გადარჩენა არ შეეძლო, ის თვითონ ურწმუნობის და ათეიზმის რეჟიმში ცხოვრობდა.

აი, ასეთი იყო 25 თებერვალი, დღემდე ტკივილად რომ გაგვყვება, დღემდე რომ საკამათო თემაა ახალ და ძველ თაობებს შორის. ზოგს საერთოდ არ აინტერესებს, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, ხალხი ჭრელია, ბოლნისელების მოსაზრებებიც შესაბამისი…

ბელა ონიანი

(არქივი, გაზეთი „ბოლნისი“ 2007 წელი)


Share.

Comments are closed.