კობა ნაყოფიას პირველი კომენტარი კაზრეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

0

ექსკლუზივი

243031_111354432349353_1550851638_o–         ბატონო კობა, დაბა კაზრეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით როგორია თვენი პოზიცია, თქვენ ბრძანდებით ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, ხალხი ითხოვს თქვენგან თანადგომას… 

–         რას გულისხმობთ თანადგომაში?

–         თუნდაც ჩარევას კომპანიასთან მოლაპარაკებებში, თქვენ ხომ ხალხზე ზრუნვა გევალებათ, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს?

–         დიახ. ჩემს პოზიციას გეტყვით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე აღარ ვარ მაგ კომპანიაში, გამოსული ვარ. ვისაუბრებ, როგორც ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი  და ადამიანი, რომელიც მაგ დავაში არის სრულიად ნეიტრალური. ჩვენ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ. მე ვიყურები ცოტა უფრო შორს. რას ნიშნავს ჩემი მხრიდან ეს, ამას ორი სიტყვით აგიხსნით. ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაა დღეს კომაპანიაში. ვიცი, რომ კომპანიას არასახარბიელო მდგომარეობა აქვს ფინანსური კუთხით. იცით, რომ ოქროს ფასიც დავარდა, მომარაგების კუთხითაც  ვერ არის საქმე კარგად, მადნის ნაკლებობაა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ კომპანიას კიდევ სხვა პრობლემებს ზემოდან დავადებთ, ვერ იმუშავებს და უფრო უარესი მდგომარეობა არ შეიქმნება? მე ვფიქრობ, რომ კონსენსუსი უნდა გამოინახოს და უნდა აღსდგეს კომპანიაში მუშაობა. დროთა განმავლობაში, როდესაც კომპანიას გამოუჩნდება შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესოს თავის მუშა-მოსამსახურეების პირობები, დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ნაბიჯი იქნება გადადგმული. მაგრამ დღეს კომპანიის ამხელა დარტყმის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, ვფიქრობ რა იქნება ხვალ, ზეგ, რა მოხდება ერთ ან ორ წელიწადში. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიამ   იმუშაოს წლების განმავლობაში, მივცეთ საშუალება რომ ნორმალურად იფუნქციონიროს.

–         ბატონო კობა,  დღემდე  გაფიცულების ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ გათავისუფლებლი 184 თანამშრომელი დაბრუნებულიყო სამუშაო ადგილებზე, ნუთუ კომპანიისთვის მათი დაბრუნება ასეთი პრობლემაა, მითუმეტეს, როცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მენეჯმენტზე კრიზისი არ ასახულა, მათ ისევ მაღალი ხელფასები აქვთ და ასე შემდეგ…

–         ამ საკითხით დავინტერესდი, მქონდა კონსულტაცია და როგორც ვიცი 30% სამსახურიდან გაშვებული არიან ადმინისტრაციიდან,  ანუ კომპანიის ადმინისტრაციის ხარჯები შემცირდა. რამდენადაც ვიცი,  ხელფასებიც და ყოფითი პირობებიც საგრძნობლად შეუმცირდათ, ვიდრე მანამდე იყო. მე ყოველი შემთხვევისთვის ასეთი ინფორმაცია მაქვს და არა მგონია მოეტყუებინათ. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი აისახა მენეჯმენტზეც და ასე ცალმხრივად ლაპარაკი არ შეიძლება. ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი არის,  რომ ეს ადამიანები მიუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს და  განახლდეს  ჩვეულებრივ რიტმში მუშაობა,  მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონსულტაციები მენეჯმენტთან. დაყენება პირობის, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ ამას ვიზამთ, ჩემი აზრით ფორმა არის არასწორი.

–         დღეს უკვე მენეჯმენტის წასვლაც დააყენეს ერთ-ერთ მოთხოვნად… მესამე დღეა ხალხი შიმშლობს, ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა, ოპერაცია დასჭირდა. დაბაში სიტუაცია მძიმე და კრიტიკულია, თუ აპირებთ ხალხთან ჩასვლას და რასაც ჩვენთან საუბრობთ ამის ახსნას,  საზოგადოება შველას  ხელისუფლებისგან ითხოვს, მათი რიცხვი არც თუ მცირეა, დღეს მთელი დაბა იყო უკვე გამოსული…

–         ვიცი, მე მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ასე ვთქვათ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობ. ნუ გგონიათ, რომ არ ვიცი. ინფორმაციას ვფლობ იმის შესახებ, რომ ხალხი არის შეწუხებული. ხალხი არა მხოლოდ შეწუხებული, ნაწილი ადამიანების არის უკიდურეს ზომებამდე მისული. მინდა განვმეორდე, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ გრძელვადიან პერსპექტივაზე.  მე მაგ კომპანიაში გენერალური დირექტორიც  და ერთ-ერთი აქციონერიც ვიყავი, კარგად ვიცი კომპანია  რა პრობლემების წინაშე დგას  დღეს. ცალმხრივად არ შემიძლია ლაპარაკი ამაზე. კომპანიას რეალური პრობლემები აქვს და თუ ამას დავამატებთ და მუშაობის  ბლოკირებას მოვახდენთ, უარეს დღეში ჩავარდება და მერე რა ვქნათ,  ვინმეს უფიქრია ამაზე?

–         ბატონო კობა, ვინაიდან ჩახედული ხართ და გქონდათ აღნიშნულ კომპანიასთან კავშირი, აუცილებლად უნდა გკითხოთ. საუბრობენ, რომ ძალიან ბევრი ფინანსური დარღვევაა, ლაპარაკია ვალებზე, რომელიც მენეჯმენტის მხრიდან შეიქმნა, ამბობენ რომ პროკურატურაა ჩასარევი, ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, მართლა არის იქ ისეთი დარღვევები, რამაც კომპანია მიიყვანა ამ მდგომარეობამდე?

–         არანაირ დარღვევებზე მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი აზრით, ეს არის უბრალო ჭორი, რაც ხშირად ხდება ხოლმე მაგ კომპანიის ირგვლივ. ყველაზე მთავარი პრობლემა  რაც  მე ვიცი, არის მადნის უკმარისობა. კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ოქროზე ფასები დავარდა. რეალურად ბოლო პერიოდის განმავლობაში 400 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა ფასი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფასის ვარდნა იწვევს ფინანსურ პრობლემებს. ფასის ვარდნა და მადნის უკმარისობა, არის რეალური მიზეზი კრიზისის. ამ დროს კი ხდება შემცირება გარკვეული ხარჯების,  ხარჯების შემცირების ერთ-ერთი ზომაა როდესაც, ადამიანებს ან ხელფასს აკლებენ, ან უშვებენ და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, განა არ მაინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის ბედ-იღბალი? ჩემი ნება რომ იყოს,  მთელ საქართველოს დავასაქმებდი,  რაზეა ლაპარაკი, რას ბრძანებთ, კარგად მესმის ადამიანების მდგომარეობა და ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ კომპანია არის ცოცხალი ორგანიზმი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გაზზე, მადნის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ამას სჭირდება დრო და თუ კომპანიის მდგომარეობას გაუარესებას დავუმატებთ, სიტუაცია ხომ არ გაუმჯობესდება? გაუარესდება. ეს კი გამოიწვევს მოსახლეობის კიდევ მეტ უკმაყოფილებას, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გადავარჩინოთ კომპანია. კომპანია თუ იმუშავებს და არ გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა ექნება იქ მომუშავე ადამიანებს. ჩემი პოზიცია ასეთია.  კომპანია რომ განვითარდება, მეტი ხალხი დასაქმდება, ეხლა როცა უჭირს კომპანიას, მაშინ ფეხი არ უნდა დავადგათ.

–         თუ ჩახვალთ ხალხთან და აიღებთ შუამავლის როლს კომპანიასა და მათ შორის?

–         ჯერ არ ვარ მზად მაგაზე რომ გიპასუხოთ. მიფიქრია მაგ საკითხზე… მე როგორც ვიცი კომუნიკაცია არსებობს კომპანიასა და გაფიცულებს შორის.

–         ვერ შედგა ბატონო კობა კომუნიკაცია, იყო მხოლოდ ერთი შეხვედრა, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება…

–         ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

–         ბატონო კობა, ვინაიდან მოგვეცა საშუალება თვქენთან საუბრის, აქვე მინდა გკითხოთ საყდრისთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია?

–         საყდრისთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს და მიმაჩნია, რომ საყდრისზე უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

–         თვლით, რომ ის არ არის კულტურული ძეგლი?

–         ჩემი აზრი დიდი ხნის წინ გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა იქ იმუშაოს. საყდრისზე ბევრი რამ არის სამომავლოდ დამოკიდებული. იქ მომუშავე ადამიანების, რეგიონის და ქვეყნის კეთილდღეობის საკითხია ეს. მაგრამ ამავე დროს მე მაქვს ნათქვამი უკვე, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ძეგლი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს მუზეუმი, სადაც იქნება ძეგლი და ნიმუშები გადატანილი. არსებობს ამის ფორმა, რომ ის შენარჩუნდეს და ამავ დროულად კომპანიას მიეცეს საშუალება რომ იმუშაოს.

ხატია ფოცხვერაშვილი


Share.

Comments are closed.