კომპანია RMG გაფიცულ თანამშრომლებს 19 თებერვლამდე სამსახურში გამოცხადებისკენ მოუწოდებს

0

რამდენიმე წუთის წინ კომპანია RMG-იმ  ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე, სპეციალური განცხადება გაავრცელა. აღნიშნული  განცხადება RMG Gold-ის კომერციულმა დირექტორმა, სოსო ცაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც გააკეთა.

გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კომპანია RMG უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მისთვის ზუსტად ცნობილი არ არის თანამშრომლების სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი, გარდა გაფიცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებისა, რომლებმაც ამის თაობაზე წინასწარ წერილობით განაცხადეს.
გაფიცვის საინიციატივო ჯგუფისა და პროფკავშირების განაცხადი არ შეიცავს გაფიცულ თანამშრომელთა მიერ საინიციატივო ჯგუფისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დოკუმენტს. ამდენად მიგვაჩნია, რომ გაფიცვა უკანონოა, რაზედაც კომპანიამ შეიტანა სათანადო სარჩელი სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას დღემდე არ გაუტარებია არანაირი ადმინისტრაციული ღონისძიება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მე-5 დღეა არ ცხადდებიან სამსახურში.
იქედან გამომდინარე, რომ ზიანი არ მიადგეს საწარმოს სრულფასოვან ფუნქციონირებას და საწარმოში მომუშავე იმ პერსონალს, რომელიც არ იზიარებს გაფიცულთა შეხედულებებს, კომპანია მოუწოდებს ყველა თანამშრომელს არაუგვიანეს 2014 წლის 19 თებერვლისა გამოცხადდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას:
• გაატაროს ამგვარი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული ზომები;
• სამუშაოზე არ გამოცხადების ფაქტი სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე ჩაითვალოს სამსახურის თვითნებურად, არასაპატიო მიზეზით გაცდენად;
• არასაპატიო მიზეზით მიტოვებულ სამუშაო ადგილზე აიყვანოს ახალი თანამშრომელი;
კომპანიისთვის ცნობილია, რომ საწარმოს თანამშრომლებზე ხდება დაშინებისა და უხეში ზეწოლის ფაქტები, რათა განხორციელდეს საწარმოს სრული პარალიზება. ნიშანდობლივია, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად ამ ზეწოლას ახორციელებენ უცნობი პიროვნებები, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებული საწარმოს ინტერესებთან და საერთოდ არ არიან ბოლნისის რაიონის ან დაბა კაზრეთის მცხოვრებნი. ამგვარი პიროვნებებისაგან შექმნილი ე.წ. ზონდერ ჯგუფები ანხორციელებენ კომპანიის ცალკეულ თანამშრომლებზე პირდაპირ თუ სატელეფონო მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
კომპანია მოუწოდებს ყველა თანამშრომელს არ აჰყვნენ და არ დაემორჩილონ გარკვეული ჯგუფების უკანონო ქმედებას, რისი ფაქტებიც ბოლო დღეებში საკმაოდ მოხშირდა. ამასვე მოწმობს ჩვენს თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ გადაღებული ვიდეო მასალა, რომლესაც მივაწვდით შესაბამის ორგანოებს და რომლებიც საჯაროა მედიის წარმომადგენლებისთვის.
მოვუწოდებთ პროფკავშირების წარმომადგენლებს აღკვეთონ მსგავსი ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს უფლებას მივცემთ ჩავთვალოთ, რომ თვითონ ისინი არიან ასეთი ქმედებების ინიციატორები. ნებისმიერ შემთხვევაში კომპანია ყოველ ამგვარ ფაქტთან დაკავშირებით აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს.
საგულისხმოა, რომ პროფკავშირების როლი და პოზიცია მიმდინარე სიტუაციაში საკმაო კითხვებს აჩენს. თამაზ დოლაბერიძის და ჯონი რთველაძის ქმედება სცილდება, როგორც კანონის, ასევე ელემენტარული ეთიკის ფარგლებს. მათი მხრიდან ხშირია დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები კომპანიის ვითომდა გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. მათ შორის სპილენძის კონცენტრატის ფასების ზრდასა და კომპანიის მოგებაზე, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დეზინფორმირებას.
მაშინ როდესაც ბოლო დროს ოფიციალური მონაცემებით რიგ ფერად ლითონებზე და შესაბამისად მათ კონცენტრატებზე ღირებულება საკმაო ვარდნას განიცდის. მაგალითისთვის 2013 წლის დეკემბერი – 2014 წლის თებერვლის პერიოდში 1 ტონა სპილენძის ღირებულება 7435 აშშ დოლარიდან 7186 დოლარამდე დავარდა (-249$), თუთიის 2115 დან 2050 მდე (-65$), ხოლო ტყვიის 2260 დან 2110 დოლარამდე (-150$).
მიგვაჩნია, რომ ეს არის საწარმოს პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის სრული განხეთქილების დათესვისა და მოლაპარაკებების ყოველგვარი შესაძლებლობის ამოწურვის მცდელობა, რათა მიღწეული იქნას გაფიცვის ინიციატორთა მთავარი მიზანი, რაც საწარმოო პროცესის სრულ პარალიზებაში მდგომარეობს და არა მომუშავეთა პირობების გაუმჯობესებაში.
კომპანიას გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თანამშრომლების ასევე მთლიანად რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ ადგილობრივი ბიუჯეტის 90 %-ი საწარმოს ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად კომპანია ყველანაირად ეცდება არ შეწყდეს საწარმოო პროცესი და ამ მიზნით კომპანია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სათანადო ქმედებას.


Share.

Comments are closed.