კომპანია RMG-ი მორიგ განცხადებას ავრცელებს და გაფიცულებს დიალოგს სთავაზობს

0

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

კომპანია RMGის განცხადება საწარმოში მიმდინარე საგაფიცვო პროცესებთან დაკავშირებით 

ბოლო დროს საწარმოში მიმდინარე საგაფიცვო პროცესებთან დაკავშირებით  კომპანია RMG თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს:

გაფიცვის საინიციატივო ჯგუფისა და პროფკავშირების ზოგიერთმა დაუგეგმავმა ქმედებამ საკმაოდ გაამწვავა სიტუაცია და შექმნა გარკვეული დაძაბულობა გაფიცულ თანამშრომლებს, საწარმოს იმ პერსონალს, რომელიც არ უერთდება გაფიცვას და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გარკვეული ძალების მიერ საკითხის პოლიტიზირების მცდელობამ კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა და შექმნა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების ნიადაგი, რაც კომპანიისათვის სრულიად მიუღებელია.

მდგომარეობის განმუხტვის ერთადერთ გზად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მედიაციის პირობებში, გვესახება კონსტრუქციული დიალოგი გაფიცვის ინიციატორებს, პროფკავშირებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის. ვთვლით, რომ ამგვარი მიდგომა თავიდან აგვაცილებს გარკვეული დესტრუქციული ძალების მხრიდან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივების მცდელობებს. მიუხედავად ხედვებში არსებული გარკვეული განსხვავებისა, კომპანია გამოთქვამს ამგვარი დიალოგის დაწყების მზადყოფნას და მოუწოდებს გაფიცვის ინიციატორებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების დაწყებისაკენ.

მიგვაჩნია, რომ კომპანიას გააჩნია მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილების რესურსი, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ გაფიცვის დაწყებამდე იგეგმებოდა გარკვეული ნაბიჯები გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით. მაგრამ, ამავდროულად საჭიროა ყველა მხარემ გააცნობიეროს, რომ ამისათვის აუცილებელია საწარმოს გამართული მუშაობა.

კომპანია აცნობიერებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი თანამშრომლების ასევე მთლიანად რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ ადგილობრივი ბიუჯეტის 90 % კომპანიის ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად კომპანია ყველანაირად ეცდება არ შეწყდეს საწარმოო პროცესი და მოუწოდებს პროცესის მონაწილე მხრეებს მოლაპარაკებების დაწყებისაკენ


Share.

Comments are closed.