„მინდა რომ ოთხი წლის შემდეგ ბოლნისში ვიარო ისეთივე ამაყმა და თავაწეულმა, როგორც აქამდე დავდიოდი“

0

993827_649998348397635_760267104_n„როგორც ექიმი, ბოლნისში ყოველთვის ამაყი დავდიოდი, რადგანაც ყველა პატივისცემით მხვდებოდა.“- ამბობს პარლამენტარი დარეჯან  ჩხეტიანი. პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, 2011 წელს ჩაება, ბოლნისში „ქართული ოცნების“ ბედი ჩაიბარა და საყვარელ ექიმს ხალხი გულწრფელად გაჰყვა. მიუხედავად ბოლნისელების კეთილგანწყობისა, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით, ირინე იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ ადგილმონაცვლეობის შედეგად, პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში და 2013 წლის 11 დეკემბრიდან ოფიციალურად არის საქართველოს პარლამენტის წევრი. გთავაზობთ ინტერვიუს დარეჯან  ჩხეტიანთან.

_  ქალბატონო დარეჯან, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ საქართველოს პარლამენტის წევრი?

_ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო პარლამენტის წევრი და ორმაგად უფრო დიდი პატივია, რომ ვარ ბოლნისელი და ვიცავ ბოლნისის ინტერესებს. მე, როგორც ექიმი, ბოლნისში ყოველთვის ამაყი დავდიოდი, რადგანაც ყველა პატივისცემით მხვდებოდა. როგორც პარლამენტარმა  ჯერჯერობით განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ მინდა რომ ოთხი წლის შემდეგ ბოლნისში ვიარო ისეთივე ამაყმა და თავაწეულმა, როგორც აქამდე დავდიოდი.  რასაც დათესავ იმას მოიმკიო, _ ნათქვამია და მეც ვეცდები, რომ დავთესო სიკეთე,  გავაკეთო მაქსიმუმი  ჩემი ქვეყნისთვის და ბოლნისელებისთვის.

_ ახალ გარემოში თავი როგორ იგრძენით?

_ პარლამენტში საკმაოდ კარგი სამუშაო გარემოა.  ერთი კვირა  სესიებია, ერთი კვირა კომიტეტის სხდომა, შეხვედრები ფრაქციებთან, კოალიციის წევრებთან და ა.შ. საკმაოდ დატვირთული რეჟიმია. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მეგონა  ვერ შევძლებდი, მე ხომ  იურისტი არ ვარ, თუმცა უკვე შევეგუე ყველაფერს,  ჩემი სფერო ძალიან მიყვარს, მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და პარლამენტშიც ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას. უფრო უკეთესად მინდა ჩავიხედო ამა თუ იმ საკითხში და აუცილებლად ვიქნები აქტიური პარლამენტარი.

_   ქალბატონო დარეჯან, რომელ კომიტეტში ხართ და ძირითადად რა საკითხებზე გიწევთ მუშაობა?

_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჯანდაცვის კომიტეტში ვარ, რადგანაც ეს სფერო ჩემთან უფრო ახლოსაა და აქტიურად ვმუშაობთ რიგ საკითხებზე.

_  ბოლნისთან  დაკავშირებით  თუ  მუშაობთ  კონკრეტულ  საკითხზე  ან  პროგრამაზე?

_ ბოლნისი და ბოლნისელები ჩემთვის ყველაზე მთავარია. მე მათი მადლიერი ვარ იმ გამბედაობისთვის და გამძლეობისთვის, რომელიც გამოიჩინეს როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე. სულ რაღაც ორი თვეა პარლამენტში ვარ და ამ ხნის მანძილზე მოსახლეობისგან რამდენიმე წერილი მივიღე, რომლებიც ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება. განვიხილავ თითოეულს და გავუწევ შუამდგომლობას კომპეტენტურ ორგანოებთან.  არის  საკითხები, რისი მოგვარებაც მე არ შემიძლია, ეს არის დასაქმება და სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა. მალე განხორციელდება ძალიან ბევრი კარგი პროგრამა, რომელზეც უკვე მუშაობს მთავრობა და შეიქმნება სამუშაო ადგილებიც. რაც შეეხება ბოლნისს, უახლოეს მომავალში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და მე ყველანაირად ბოლნისის გვერდით ვიქნები. ამასთანავე მექნება ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მათთან ერთად ვიმუშავებ ამა თუ იმ  საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ბოლნისის მოსახლეობას აწუხებს.

_ ქალბატონო დარეჯან, როგორ უნდა  მოგაწვდინოს ხმა მოსახლეობამ, ხომ არ გექნებათ ოფისი ან კაბინეტი, სადაც მოახერხებენ  თქვენთან შეხვედრას?

_  ნებისმიერი საკითხის შესახებ განცხადება წერილობით  გადააგზავნონ პარლამენტის საიტზე. გარდა ამისა,  ძალიან ხშირად ვარ ბოლნისში. ყველამ იცის ჩემი ტელეფონის ნომერი, დამიკავშირდნენ, შევხვდები, გავესაუბრები და ძალ-ღონეს არ დავიშურებ მათ დასახმარებლად. ჯერ-ჯერობით ასეა და სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი მაკითხავს დასაქმების კუთხით. ვიცი რომ ეს არა მარტო ბოლნისის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მალე შეიქმნება სამუშაო ადგილები, ასევე  უნდა ითქვას, რომ ყველა სფეროში დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, მათ შორის განათლების სფეროშიც. აუცილებლად უნდა მომზადდეს კვალიფიციური სპეციალისტები ყველა დარგში. დიდი მოწიწებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ისწავლონ, იშრომონ, გააკეთონ მაქსიმუმი და აუცილებლად დაუფასდებათ. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და აღორძინებისთვის აუცილებელია განათლებული თაობა.

_ ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა, რომელიც საყოველთაო დაზღვევას და უფასო მშობიარობას ითვალისწინებს. რამდენად დადებითად აისახა ეს სიახლე მოსახლეობაზე, თუ მოწესრიგდა  სადაზღვევო კომპანიების მომსახურება და თუ მოიმატა შობადობამ?

_  ძალიან ცოტა დროა გასული ამ პროგრამის განხორციელებიდან, მაგრამ ბევრად უფრო მოწესრიგდა სადაზღვევო კომპანიების მომსახურება. მინდა გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არცერთი ხელისუფლების პერიოდში, საყოველთაო დაზღვევა არ განხორციელებულა,  ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. სადაზღვევო კომპანიები ადრეც იყო,  მაგრამ მათი მომსახურებით არცერთი მხარე კმაყოფილი არ იყო. სადაზღვევო კომპანიებს ორი და სამი წლის დავალიანებები ჰქონდათ სამედიცინო დაწესებულებებთან, რაც დიდ პრობლემებს უქმნიდა მათ მუშაობას. პაციენტს ეგონა, რომ ექიმი იყო დამნაშავე, ექიმი კი ცარიელი ხელებით ვერაფერს აკეთებდა. ამიტომ მათ შორის ჩამოყალიბდა არაჯანსაღი ურთიერთობა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გეტყვით, რომ დღესდღეობით მშობიარობა ფინანსდება 500, ხოლო საკეისრო 800 ლარით. დაწესებულების მიერ გაწეული სამუშაოების ანაზღაურება კი ყოველი თვის ბოლოს დროულად ხორციელდება, რამაც საკმაოდ გააადვილა მუშაობა. გარდა ამისა ფინანსდება გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები. ასევე დაიწყო პროგრამა C ჰეპატიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ დიდი შეღავათებით ისარგებლებენ ამ დაავადების მქონე პაციენტები,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით  კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდება. აპრილის თვიდან ყველა სადაზღვევო კომპანიას მოეხსნება პასუხისმგებლობა და  საყოველთაო ჯანდაცვა გადავა სრულიად  სახელმწიფო პროგრამაზე და ბევრი სასარგებლო ცვლილება  დაემატება.

რაც შეეხება შობადობის მატებას, მარტო სოციალური პროგრამები ვერ გადაჭრის ამ პრობლემას. პირველ რიგში მენტალობა გვაქვს შესაცვლელი.  ჩვენი აზროვნება უფრო მატერიალურზეა მიმართული, ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე,  გამრავლებაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ უნივერსიტეტში  33 გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად და ყველა იყო ერთი ან ორშვილიანი ოჯახიდან. მე კი რატომღაც მრცხვენოდა, რომ ვიყავი მრავალშვილიანი ოჯახიდან.  მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რამხელა ბედნიერება იყო ეს.  ამიტომ პირველ რიგში ეს მენტალობა გვაქვს შესაცვლელი. ყველამ უნდა იფიქროს,  რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.

_ როდესაც პარლამენტარი გახდით ამბობდნენ, რომ უთქვენოდ სამშობიარო სახლი ვერ იმუშავებდა.

_ მე დავტოვე  მაღალკვალიფიციური და ჯანსაღი კოლექტივი, რომლებიც სრულფასოვნად აგრძელებენ მუშაობას. მინდა გითხრათ, რომ დაწესებულება უჩემოდაც   ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას.

_  ქალბატონო დარეჯან, როგორია თქვენი პოზიცია საყდრისთან და გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით?

_  ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია  პრეზიდენტიც, პრემიერ მინისტრიც, გუბერნატორიც და მიმდინარეობს საქმის  ღრმად შესწავლა.  გუშინ მეც მქონდა შეხვედრები აქციის წევრებთან  და მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში  გადაწყდება ისევ და ისევ მოსახლეობის სასიკეთოდ.

_ ამბობენ დარეჯან ექიმმა თავისი პირველი ხელფასი ქველმოქმედებაში დახარჯაო…

_  განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ მინდოდა რამდენიმე ოჯახისთვის ახალი წელი მიმელოცა და ყურადღება გამომეჩინა მათ მიმართ. ეს  ჩვეულებრივი მოვლენაა. საერთოდ ყველა ადამიანი  უნდა იყოს ქველმოქმედი. რომ არა ერთმანეთის დახმარება და გვერდში დგომა, ბოლო წლებში ძალიან გაგვიჭრდებოდა სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.                                 მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ტელეფონი სულ ჩართულია, შემეხმიანონ, მომაკითხონ და  მათ გვერდში მიგულონ.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.