მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მამხუტისა და ტალავერის სოფლების მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ

0

DSC_2271

18 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ლონგინოზ გასანოვი და დავით ასპანიძე სოფელ მამხუტისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებისგან პირადად მოისმინეს პრობლემები და მათ გადაჭრაში დახმარება  აღუთქვეს.

როგორც ტალავერის მოსახლეობამ განაცხადა, მათთვის პირველი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც 1500 კომლიანი სოფლის მხოლოდ 70% ჰყოფნის, რადგან სოფელში ცენტრალურ მილზე უკანონო დაერთებების გამო წყლის დებეტი საკმარისი არ არის.

„სოფელ ტალავერის საკითხს განვიხილავთ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს, არ შეიძლება ოთხმოცმა ოჯახმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს, ეზოში დაამონტაჟოს წყალი და სხვა მოსახლე სულ მთლად უწყლოდ დარჩეს.“- აღნიშნა ლონგინოზ გასანოვმა.

სოფელში წყალი მხოლოდ ღამით იკეტება,  მთელი დღის განმავლობაში მოედინება, რაც დაუდევარ ხარჯვას იწვევს.

„არ შეიძლება წყალი მთელი დღე ასე იღვრებოდეს. წყალმომარაგების კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ სოფელ ტალავერში წყლის გრაფიკით მოწოდების საკითხიც  დადგება“.- განაცხადა დავით ასპანიძემ.

სოფელში დამონტაჟებული 5 ჭაბურღილიდან 3 მწყობრიდანაა გამოსული. მოქმედი ჭაბურღილები სოფლის 36 წყაროს ამარაგებს. გრაფიკის დაწესებისა და უკანონო დაერთებების გაუქმების შემდეგ, სოფლის წყალმომარაგების საკითხი გადაწყდება.

სოფელ ტალავერის შემდეგ სოფელ მამხუტში არსებული პრობლემები იქნა განხილული.  მოსახლეობა კილომეტრებით მოშორებული  სოფლებიდან  ეზიდება სასმელ წყალს.  არც  ბუნებრივი აირია, შესაცვლელია ელექტროენერგიის ბოძები და  სადენები, რომლებიც საკმაოდ დაზიანებულია და ხშირად რჩება სოფელი დენის გარეშე. აღნიშნული პრობლემის მოგვარება „ENERGO-PRO“-ს ევალება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ საკითხს კომპანიის წინაშე აუცილებლად დააყენებს.

მამხუტის მოსახლეობა ითხოვს ტყეში არსებული ბუნებრივი წყლის სოფელში შეყვანას, რომლის სამუშაოებიც რამდენიმე წლის წინ სოფლის პროგრამით განხორციელდა, მაგრამ უხარისხოდ და მალევე დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ რომ, საჭიროა გამოიყოს 400-500 მეტრი სიგრძის მილი, რომელიც სოფლამდე მოიყვანს წყალს, რაც ნახევარ სოფელს დააკმაყოფილებს.

„სოფელ მამხუტს ძირითადად  წყლის პრობლემა აქვს, შარშან სოფლის პროგრამის თანხებით გამოიყვანეს ტექნიკური წყალი. წელს ითხოვენ სასმელი წყლის გამოყვანას  და ჭაბურღილების დამონტაჟებას, რომ სოფელს ჰქონდეს სასმელი წყალი. ჩვენ ვეცდებით კარგად შევისწავლოთ ეს საკითხი, დაველაპარაკოთ შესაბამის სამსახურებს და დავეხმაროთ მოსახლეობას“.- აღნიშნა ასპანიძემ

DSC_2277DSC_2278DSC_2296 DSC_2289 DSC_2293DSC_2303


Share.

Comments are closed.