რატომ დარჩა უფუნქციოდ სოფელ ბალიჭის სკოლის შენობა

0

ოთხი წლის წინ დაკეტილი სკოლის კარი სოფელ ბალიჭში ჩვენთვის გაიღო, მოსახლეობა სკოლის გახსნას ითხოვს. ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლება ცხრა წლიანი იყო, ბალიჭელებისთვის  გაურკვეველი მიზეზით დაიხურა. ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ, თუმცა ნამდვილი მიზეზი მათთვის უცნობია. ბავშვებს დაბა კაზრეთში უწევთ სკოლაში სიარული.

დარეჯან ავქოფაშვილი, სოფელ ბალიჭის მკვიდრი:

_ ძალიან დიდი სატკივარია სოფლისთვის, შეიძლება არ გქონდეს გაზი, წყალი, მაგრამ სკოლის დაკეტვა სწორედ ჰაერის შეწყვეტაა. რატომ მოხდა ეს არ ვიცით. სკოლა გაარემონტეს და შემდეგ მალევე დაიკეტა. ფაქტია სკოლა სოფელს უნდა დაუბრუნდეს,  ისევ უნდა აღსდგეს სიცოცხლე. აქ არ იყო მუსიკის, ცეკვის წრეები, გადაიყვანეს მშობლებმა შვილები კაზრეთის სკოლაში. იყვნენ ასაკიანი პედაგოგებიც და არ მოსწონდათ მათი ჩატარებული გაკვეთილები, შეიძლება ბავშვების  დაბაში გადაყვანის მიზეზი ესეც იყო, შემცირდა ბავშვების კონტიგენტი. სოფელმაც დაუშვა შეცდომა, მაგრამ გამოსწორებადია. ახლა ყველა ვითხოვთ აღდგეს სკოლაში სასწავლო პროცესი, დასაქმდება ხალხიც, გვყავს განათლებული ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც ღირსეულად წარუძღვებიან სასწავლო პროცესს.

ბავშვებს დაბის სკოლამდე სამი კილომეტრის გავლა უწევთ. მოსწავლეების გადაადგილება განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა  ტრანსპორტირებაზე ამ დრომდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ზრუნავს. გასულ წელს სოფელში ტრანსპორტის სამსახურმა მიკროავტობუსი გამოუყო მოსწავლეებს, თუმცა, მშობლების აღნიშვნით, მცირე ტევადობის გამო ბავშვთა ნაკადს ვერ იტევდა და ისევ ფეხით უწევდათ ბავშვებს გადაადგილება. წელს აღდგა სამარშრუტო ხაზი თბილისი-ბალიჭის მიმართულებით, რომელსაც დაჰყვებიან ბავშვები.

„ავტობუსი ხალხითაა გაჭედილი, პატარა ბავშვები ვერც ახერხებენ ასვლას,  მარტო უწევთ ამხელა გზაზე სიარული, გვეშინია რა იცი რა მოსდის უპატრონოდ გაშვებულ ბავშვს. ავტობუსიც ხშირად არ დადის, შესაბამისად ბავშვებიც  ვერ ახერხებენ სკოლაში წასვლას და აცდენენ გაკვეთილებს“- აღნიშნა ბალიჭის მცხოვრებმა ოლა მელიქიშვილმა.

სკოლა ორსართულიანი, გარემონტებული და კეთილმოწყობილია. მას დღემდე ყოფილი დარაჯი უვლის. ალექსანდრე აზარაშვილი გვიამბობს იმ ვერსიაზე, რომელიც მისთვის ცნობილია: „განცხადებების შეგროვება რომ დავიწყეთ სკოლის აღდგენასთან დაკავშირებით, რამდენიმე ოჯახმა, რომელიც სკოლის მეზობლად არის დასახლებული, ხელი არ მოაწერეს, ხმაური გვაწუხებსო, როგორ შეიძლება ამხელა გზაზე ბავშვების სიარული, როცა სოფელში ასეთი კარგი სკოლაა, საშიშიც არის, თან გზაში ამხელა დროს კარგავენ.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით bolnisi.ge ესაუბრა განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნატა ასათიანს:

„სოფელ ბალიჭის საბაზო სკოლა ადმინისტრაციულად ოპტიმიზირებულია დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლასთან. სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე და ეს საკითხი მაქსიმუმ ორ კვირაში მოგვარდება  (ამ დრომდე ემსახურებოდათ გამგეობის დანიშნული ტრანსპორტი) სოფლიდან სკოლის აღდგენის თაობაზე სამინისტროს მიმართეს,  კომისია ადგილზე იყო  ჩასული, შეისწავლა მოსწავლეთა კონტინგენტი, მასწავლებლების რესურსი და რამდენიმე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას.“

სანამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსწავლეებს კვლავ დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში მოუწევთ სიარული.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.