სოფელ რატევანში ხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უკანონო ნაგავსაყრელის მოწესრიგებას ითხოვს

0

მიუხედავად კომუნალური მეურნეობის სამსახურის მუშაობისა და ძალისხმევისა სოფლებში მაინც ვხვდებით უკანონოდ შექმნილ ნაგავსაყრელებს. მოსახლეობის დაუდევრობით თუ ნაგვის ბუნკერების სიმცირის გამო, ხშირია მდინარის ნაპირებთან, მთის ძირებსა და ხევებში სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელები. როგორც გარემოს დაცვის საკითხებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, ნაგავსაყრელმა შესაძლოა პრობლემა როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობას შეუქმნას.

„ნაგავსაყრელი ყველანაირად საზიანოა მოსახლეობისთვის. წვიმის და თოვლის ნაჟური წყალი შეიცავს ტოქსიკური დაბინძურების ფართო სპექტრს, რაც  ზედაპირული წყლების დაბინძურებას იწვევს. ნარჩენების წვის პროცესები და მათი დაშლა იწვევს ჰაერის ძლიერ დაბინძურებას. ნაგავსაყრელი იზიდავს მღრღნელებს, ინფექციის გადამტან მწერებს და სხვა მავნე ორგანიზმებს“. – აღნიშნა CENN-ის წარმომადგენელმა ნონა მარტიაშვილმა.

სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელის პრობლემა განსაკუთრებით სოფელ რატევნის ხევის უბნის მოსახლეობას აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ნარჩენების გატანაზე მუშაობს ნაგვის მანქანა, კვირაში ერთი დღე საკმარისი არ არის. მოსახლეობის დაუდევრობით ნაკლებად დასახლებულ ადგილებზე მუდმივად ხდება ნაგვის გადაყრა. ადგილობრივები სოფელში ბუნკერების დამატებას ითხოვენ,  რადგან ნაგავი დღითიდღე იმატებს. ღამით, ჩუმად დაყრილ ნარჩენებს მაწანწალა  ძაღლები სტუმრობენ.

„რას არ ნახავ ხევის ტერიტორიაზე,  სანაგვედ აქციეს აქაურობა. სხვადასხვა უბნებიდან  დღისით თუ ღამით, ჩუმად ეზიდებიან ნაგავს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ყოველ შაბათ დღეს დადის სპეციალური მანქანა და შეიძლება ისარგებლონ,  მოაქვთ და ნაკლებად დასახლებულ ადგილას ყრიან.  ყველაზე უარესი ის არის, რომ ყრიან მკვდარ ცხოველებს.“ -აცხადებენ ხევის უბანში.

კომუნალური მეურნეობის სამსახურის თანამშრომლები ტენდერში გაწერილი გრაფიკით მუშაობენ, წელს მოხდა რამდენიმე სოფლის ათვისება. სოფელ სავანეთის და დარბაზის გზის პირებზე დაიდგა ნაგვის ურნები, რომელიც კვირაში ერთხელ იცლება.

შმაგი სვანიძე, კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი:

_ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელები გავასუფთაოთ და სოფლებში  დაიდგას ნაგვის ბუნკერები. სოფელ რატევანს რაც შეეხება, აქ ზარის პრინციპი მუშაობს, კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს მიდის მანქანა,  თვითონ უნდა დაიცვან სისუფთავე. არის სოფლები, რომლებსაც ვერ ვასუფთავებთ.  ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელების პრობლემა თანდათანობით გვარდება.

სოფელ რატევნის  ხევის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად აპირებენ განცხადების საფუძველზე კომუნალური მეურნეობის სამსახურს სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელის გაწმენდა სთხოვონ.


Share.

Comments are closed.