„ფიცრული“ სკოლა – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, განათლების სამინისტრო ავარიული სკოლების საკითხს სწავლობს

0

zvareti 2სოფელ ზვარეთის სკოლის ავარიულ შენობაში მოსწავლეები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლობენ. ნაგებობა ფიცრულია, მოშლილია კარ-ფანჯარა, ავარიულია იატაკი, ჭერი, საკლასო ოთახში ძველი მერხები და სკამები დგას.  შენობაში, რომელიც 1947 წელსაა აშენებული სულ 6 კლასია და 32 მოსწავლე სწავლობს. ადრე ის სოფლის კოლმეურნეობის საკუთრება იყო.

„სოფელში ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ეს სკოლაა, რომელიც იმდენად ავარიულია, გვიძნელდება სასწავლო პროცესის წარმართვა. შენობას რემონტი არასოდეს ჩატარებია, კედლები დაზიანებულია, ჭერი ავარიულია, წვიმა ჩამოდის.  არ არის შუქი, ელექტრო გაყვანილობა მოშლილია. არანაირი პირობა არ გვაქვს, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი საბაზო განათლება მიიღონ“. _ აღნიშნეს სკოლის პედაგოგებმა.

როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აცხადებს, შენობა არ არის განალების სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად ვერ მოხდება მისი შეკეთება. „სკოლის დირექტორმა მიმართა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს განცხადებით, რომ მოხდეს შენობის განათლების სამინისტროს ბალანსზე აღრიცხვა, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება.“ – აღნიშნავს რწმუნებული.

zvareti

Bolnisi.ge ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ირმა კოპალიანს დაუკავშირდა, „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინფორმირებულია, ინფორმაცია გადაცემულია სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურში, ზვარეთის სკოლა ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არის ერთადერთი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. სპეციალური კომისია სწავლობს ამ საკითხებს და დასკვნის შემდეგ გადაწყდება ასეთი შენობების ბედი“ – განაცხადა კოპალიანმა.


Share.

Comments are closed.