ქვემო ქართლის გუბერნატორი კომპანია RMG-ის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა

0

25 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორი კომპანია RMG-ის გაფიცულ და სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს პირადად გაეცნო.
გიორგი მღებრიშვილმა გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და დავის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას დაპირდა.
„შეხვედრა შედგა, გუბერნატორი დაგვპირდა რომ ჩაერევა ამ საქმეში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გვთხოვა რომ ცოტა ჩვენც უნდა წავიდეთ კომპრომისზე, ითხოვა  შიმშილობა შეწყვიტონ, ასევე აღარ იყოს პარალიზებული სასწავლო პროცესი და დაგვპირდა ყველანაირ დახმარებას”- განაცხადა ჩვენთან საუბარში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  RMG კოპერის კარიერის პროფკავშრების თავმჯდომარე, ცირა მენთეშაშვილმა.

„დღეის მდგომარეობით, უკანონო აქციების შედეგად კომპანია RMG-ის უწევს მაქსიმალურად შემცირებული საწარმოო სიმძლავრით მუშაობა. გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ კომპანია RMG-ის ტექნოლოგიური ციკლი უწყვეტი ხასიათის არის და მისი საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასა და შესაბამისად, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნასთან, რაც რეალური ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს რაიონს.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ ოფიციალურ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

10 პუნქტი რომელსაც გაფიცულები კომპანიას უყენებენ:

1. უპირობოდ შეცვლა ადმინისტრაციის.
2. გათავისულებული თანამშრომლების აღდგენა სამუშო ადგილებზე.
3. სოციალური პირობების გაუმჯობესება.
4. მუშა-მოსამსახურეების მიმართ ადამიანური მოპყრობა.
5. სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება.
6. 2009 წლიდან დღემდე უკანონოდ გათავისუფლებული მუშების დაბრუნება საწარმოში.
7. საწარმოში პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
8. შეძლებისდაგვარად ხელფასის მატება.
9. დაბის კეთილმოწყობა.
10. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 


Share.

Comments are closed.