ქვემო ქართლში მალე პირუტყვის გადასარეკი ტრასის მოწესრიგება დაიწყება

0

11 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “ბეთსი” – ში, მეცხოველეობის განვითარების პროგრამის “ალიანსები ქვემო ქართლის” მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც პირუტყვის გადასარეკი ტრასის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, მეცხვარეთა ასოციაციის და სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“პირუტყვის გადასარეკი ტრასის მოწესრიგება ქვემო ქართლის აქტუალური პრობლემაა, რომელიც დეტალურ შესწავლას მოითხოვს. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მცოხვრებლების ჩართულობა საქონლის გადასარეკი გზების დაგეგმვის პროცესში. დღეს გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში თითოეულ მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება “, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

პირუტყვის გადასარეკი ტრასა საქართველოს ოთხ რეგიონზე გადის და ამ დროისთვის ის ტრასის მიმდებარე სოფლებში პირუტყვის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების ერთ – ერთი ძირითადი წყაროა. სხდომაზე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ და სხვა პრობლემების დროულად მოგვარებას.

“ალიანსები ქვემო ქართლის” პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფს” – ის მიერ იმართება.

წყარო: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.


Share.

Comments are closed.