„ცაზე ვარსკვლავის გაელვება”

0

stefa 1ერთხელ გოდერძი ჩოხელთან ჩოხოსანთა საზოგადოებიდან მისულან და წევრობა შეუთავაზებიათ. გოდერძის უარი უთქვამს, ჩოხა ასაკოვან კაცს ამშვენებს, მე არ შევეფერები ამ საოცარ სამოსსო. მასთან სტუმრად მისი მეგობარი, ტანმაღალი და წარმოსადეგი კაცი ყოფილა. ახლა მისთვის უთხოვიათ, იქნებ თქვენ გახდეთ ჩვენი წევრიო. გოდერძის მის მაგივრადაც უპასუხნია. ეს ისეთი ქართველია, იმდენ მამულიშვილურ საქმეს აკეთებს, ამას ჩოხა შიგნიდან აცვიაო. ეს ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ ამოვიკითხე და ამ ისტორიით გამიზნულად დავიწყე წერა თამაზ სტეფანიაზე, რადგან მასზე მასალების მოგროვებისას ბევრი დეტალი აღმოვაჩინე, რამაც მისი შინაგანი სამყარო დამანახა, სწორედაც რომ ჩოხა შიგნიდან ეცვა მას და ამ ჩოხის ტარება 21 წლამდე შეძლო. უამრავი წერილია დაწერილი მის ნიჭზე, კარიერაზე, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო და დიდი ფეხბურთის თამაში მოასწრო. წერენ თუ როგორი იყო სტადიონზე, რა როლს თამაშობდა „დინამოს“ ისტორიაში, „ცაზე ვარსკვლავის გაელვება” _ ასე უწოდა მას ბორის პაიჭაძემ. მაგრამ არავის დაუწერია მის სულიერ სამყაროზე, მის პიროვნებაზე, მის გამორჩეულ თვისებებზე, რომელსაც უმამოდ გაზრდილი, ობოლი ბიჭი ატარებდა, მეგობრობაზე, სიყვარულზე, რომელზეც ასე გულღიად საუბრობს „მეგობრის დღიურში“,  რა მოსწონდა, რატომ არ თვლიდა თავს ბედნიერად, რა იყო მისი ბედნიერების გასაღები.

stefa2თამაზ სტეფანია _ ხალასი ნიჭი და მოუდრეკელი ხასიათი, ძნელად ასახსნელი მომხიბვლელობა და ვაჟკაცური ბუნება, მუდამ მომართული, დაძაბული, მოაზროვნე და გამჭრიახი, მომღიმარი, გულგახსნილი, უზომოდ კეთილი და ვაჟკაცური, უცნაური დინჯი ნაბიჯით და ჭკვიანი გამოხედვით _ ასეთი ახსოვთ ის მეგობრებს. სამართლიანი და სხვისი მოამაგე, ასეთი ეხსომება ის გორელ გოგონას, რომელიც ავაზაკთა თავდასხმისაგან იხსნა.

თეიმურაზ ამირანის ძე სტეფანია დაიბადა 1950 წლის 28 სექტემბერს, ბოლნისში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და თამაშიც სპორტსკოლაში დაიწყო, ნიჭიერი მეკარის მონაცემები არ გამოპარვიათ და ნორჩი ფეხბურთელი თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს, შემდეგ მოზარდთა ნაკრებ გუნდში გადავიდა და იყო სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე.

1968 წელს თ. სტეფანია გორის „დილაში“ მიიწვიეს და თითქმის სამი სეზონი იცავდა გუნდის ღირსებას. ხოლო 1970 წელს კი თბილისის „დინამოში“ გადაიყვანეს. 1971 წელს თამაზ სტეფანიამ მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება. მიიღო მაღალი ჯილდო _ სსრკ-ს საფეხბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი. ის თამაშობდა დოროხოვის, ტყებუჩავას, სანაიას, მარღანიას, კოტრიკაძის, ურუშაძისა და სხვათა გვერდით.

თამაზს მეგობრები და ახლობლები ეძახდნენ, სხვებისათვის და მოგუგუნე ტრიბუნებისათვის კი ის თეიმურაზ სტეფანია იყო.Image (50) ფეხბურთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჯერ კიდევ 19 წლის იყო, როცა „დინამოში“ მიიწვიეს, მას ნათამაშები აქვს თბილისის, ერევნის, მოსკოვის, ლვოვის, მალტის, ირანის, ინდონეზიის სტადიონებზე. როგორც მეგობრები იხსენებენ, მას თან დაჰქონდა განუყრელი შავი ხელთათმანები, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ გამოსროლილი ბურთის ასაღებად და მუდამ ემზადებოდნენ ნახტომისათვის.

გარდა ფეხბურთისა, თამაზს საკმაოდ მგრძნობიარე შინაგანი სამყარო ჰქონდა. მასალების მოძიებისას მისი ბავშვობის „მეგობრის დღიურს“ წავაწყდი, სადაც წერს: „ მეგობრობა ქალ-ვაჟს შორის ყოვლად შეუძლებელია, მე ბედნიერი არ ვარ, ბედნიერი ვიქნები მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე შემიყვარდება. არასდროს ვაპატიებ შეყვარებულს ღალატს. ჩემი საყვარელი ავტომანქანაა „ზიმი“. არ ვთვლი სიყვარულს უმაღლეს საფეხურად ცხოვრებაში. ჩემი საყვარელი ქალაქია ბოლნისი. საუკეთესო მეგობარია „ჩემი რუსო“. ვოცნებობ გავხდე ავტოინჟინერი. ამ დღიურის წერისას ის უკვე შემდგარი ფეხბურთელი იყო და ავტოინჟინრობაზეც ოცნებობდა. მისი და მაია სტეფანია იხსენებს. „მას ძალიან უყვარდა მანქანები, სწორედ ის მანქანა, რომლითაც ავტოავარიაში მოხვდა დედამ უყიდა, რითაც გაახარა. ძალიან მხიარული იყო, მისი სახლში  მოსვლა მთელი უბნისათვის ზეიმი იყო. არ არსებობდა ოჯახი, ვისთანაც არ მეგობრობდა. ჩამოსვლა და ქეიფი ერთი იყო. მთელი უბანი ერთად იკრიბებოდა და თამაზის ჩამოსვლას აღნიშნავდა. ჩემთვის უამრავი საჩუქარი ჩამოჰქონდა, უფრო მეტად ტანსაცმელი. მახსოვს ერთხელ იმდენი რამ ჩამომიტანა და ისეთი ძვირფასი ტანისამოსი, რომ გადავწყვიტე მეგობრებისათვის მეჩვენებინა. მოგეხსენებათ დედა სკოლის დირექტორი იყო და ყოველ დილით სკოლის კარებში იდგა, დაგვიანებულ ბავშვებს არ უშვებდა. დილით თითქმის ყველაფერი ჩავიცვი: იუბკა, შარვალი, გრძელი სვიტრი, მოკლე მაისური ზემოდან და ჩემი ჭკუით გამოპრანჭული მივადექი სკოლას. დედამ რომ დამინახა, კინაღამ გაგიჟდა და უკან გამომიშვა. რაღა უნდა მექნა, ჩავიცვი ფორმა და ისე მივედი სკოლაში. თამაზის განსაკუთრებით ვუყვარდი, ამიტომ მანქანაში მის გვერდით ყოველთვის მე ვიჯექი. სხვას არავის დასვამდა, ეს მაიას ადგილიაო,- ამბობდა“.

შვილის უდროოდ  დაღუპვა ქეთევან ელიაურისთვის მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ბუნებით ძლიერი ქალბატონი, გატეხილი გულით და ჯანმრთელობით, წლების მანძილზე სწევდა დირექტორობის მძიმე უღელს, ეს წლები ბოლნისის პირველი სკოლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. დირექტორობის მერე ქეთევან ელიაური ვერ ელევა აღსაზრდელებს და მასწავლებლობას აგრძელებს, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა საყვარელ საქმეს,  იგი ახლახან გარდაიცვალა, სიკვდილამდე ჰქონდა შენახული შვილის ტალახიანი ბუცები, რომელიც პატრონის მოლოდინით დაღლილიყვნენ. ქალბატონ ქეთევანს ყოველთვის აკითხავდნენ თამაზის მეგობრები, წელიწადში ორჯერ კი დაბადებისა და გარდაცვალების დღეზე მის საფლავთან იკრიბებოდნენ.

გრანდიოზულად აღნიშნა ბოლნისის რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თამაზ სტეფანიას დაბადებიდან 50 წლისთავი. სტუმრად ჩამოსულები იყვნენ ფეხბურთელები: რევაზ ძოძუაშვილი, ოთარ გაბელია, შოთა ხინჩაგაშვილი, ურუშაძე, ზორბეგ ებრალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, თემურ ჩლაიძე, ალექსანდრე ჩივაძე.

ასე იხსენებდნენ 50 წლის იუბილეზე თამაზს მისი მეგობრები. (გაზეთი „ბოლნისი“-ს არქივიდან)

თემურ ჭყონია, თამაზის თანაკლასელი:

_ თამაზი იმდენად თანამედროვე იყო, რომ მისი შეხედულებები არაფრით ჩამოუვარდებოდა დღევანდელობას. უიშვიათესი თვისებების ადამიანი იყო და მან ღრმა კვალი დატოვა თითოეული ჩვენთაგანის სულში.

ჯიმშერ ჩოქური, თანაკლასელი:

_ მარად ახალგაზრდა, მარად ლამაზი, თამაზ სტეფანია ყოველთვის 21 წლის დარჩება.

ზორბეგ ებრალიძე, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი:

_ იმ ავბედით დღეს, გორში წასვლის წინ, თამაზი ჩემთან მოვიდა, მე ვერ მოვახერხე წასვლა, რასაც ძალიან ვნანობ, იქნებ ეს ტრაგედია არც მომხდარიყო.

თეიმურაზ ჩლაიძე, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე:

_ იყო ასეთი მომენტი, როცა არცერთი მეკარე არ ვიყავით ფორმაში, ჩვენმა მწვრთნელმა გვკითხა, ვინ ვათამაშოთო, მე თამაზ სტეფანია ვურჩიე. არც დაფიქრებულა ისე დამთანხმდა, თამაზმა არჩევანი გაგვიმართლა.

თამაზ სტეფანია _ ეს სახელი და გვარი ყველა ბოლნისელისთვის ძვირფასია და თითოეულის გონებას ლამაზად აქვს შემორჩენილი მოგონებები, რომლითაც იხსენებენ მეგობრებსა და სპორტის დამსახურებულ ოსტატებს. ასე იხსენებს მას ავთანდილ ხუციშვილი.

_ თამაზი ჩემი მეგობარი იყო, მე ამაყი ვარ როცა მასზე მეკითხებიან, მაგრამ გული მწყდება, რომ ის უდროოდ წავიდა ჩვენგან და უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა ვერ მოასწრო. თამაზმა პირველად ბოლნისის „მევენახეში“ დაიწყო თამაში, შემდეგ ახალგაზრდულში, გორის  „დილაში“, „დინამოში“ და ა.შ. თბილისში ჩატარებული თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი, გავიხსენებ ერევნის თამაშს „რაზდანის“ სტადიონზე, რომელიც „დინამოს“ გრანდიოზული გამარჯვებით დამთავრდა. ორივე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა თამაზმა, უამრავი ბურთი აიღო და არცერთი არ გაუშვა კარში. მას „სწიოპას“ ეძახოდა სლავა მეტრეველი.

ერთ კურიოზს გავიხსენებ. 19 წლის იყო მაშინ თამაზი,  მეგობარმა თავის ვენახში ბალზე დაგვპატიჟა. კარგად რომ მივირთვით პატრონი თავზე დაგვაყენა. თურმე თავისი ვენახი არ ყოფილა და გაგვიჩალიჩა.

თამაზი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი იყო, მახსოვს ასეთი შემთხვევა თბილისიდან ტაქსით წამოვიდა და მთელი გზა ტაქსის მძღოლი სულ მასზე ესაუბრებოდა სხვა მგზავრებს, რა ბიჭია თამაზ სტეფანია, რა ძლიერია და ა.შ. მას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, რომ ჩამოვიდნენ ბოლნისში ტაქსისტმა მაშინღა იცნო. თამაზის პირველი ბურთი ომარ უგრეხელიძემ, პირველმა მწვრთნელმა აჩუქა. მე, როგორც მის მეგობარს მჯერა, რომ საუკუნეები შემოინახავს თამაზ სტეფანიაზე მოგონებებს, მისი ხსოვნა გაუხუნარია თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ არა ეს ავბედითი დღე, 28 მარტი, თამაზი არაერთ გამარჯვებას მოუტანდა ქართველ ხალხს და შორს გაუთქვამდა სახელს ბოლნისს. ალბათ ყველაფერი ბედისწერაა და სწორედ მაგიტომაც მოასწრო 21 წლის ბიჭმა ამდენი რამ.

„ჩემი რუსო“(თ.ს) რუსო ქვარცხავა, თანაკლასელი:

_ თამაზი ჩემთვის დიდი ტკივილიცაა და დიდი სიხარულიც, მეგობრობაც და სიყვარულიც. იგი ყველას დაგვაკლდა, განსაკუთრებით მე, როგორც მის სულიერ დას. ჩვენ ნათესაური კავშირიც გვაქვს და პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვისწავლეთ 10 წელი და სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდა, თითქმის ერთად ვატარებდით უმეტეს დროს. ძალიან ვაჟკაცური ბუნება ჰქონდა, უყვარდა გოგონების პატივისცემა, არასდროს ივიწყებდა მეგობრებს, ახლობლებს. ის არამარტო ბოლნისს, მთელ საქართველოს დააკლდა.

და მართლაც, როგორც თამაზის მეგობრები აღნიშნავენ 28 რიცხვი მის ცხოვრებაში ორ უდიდეს მომენტს – დაბადებასა და გარდაცვალებას აღნიშნავს. სწორედ ამ ორ დღეს იკრიბებიან ისინი მეგობრის საფლავზე და იხსენებენ დაბადებიდან პიროვნებას, სიყვარულში და მეგობრობაში დაუღლელ და შეუმცდარ, უდიდესი ნიჭისა და სახელის მატარებელ მხოლოდ 21 წლის თამაზ სტეფანიას.

sss sss22 DSC_0647 st)

თამაზ სტეფანიას სახელს ატარებს მისი მშობლიური ქუჩა და საყვარელი ქალაქის, ერთადერთი ცენტრალური სტადიონი, სადაც მას არაერთხელ დაუცავს საკუთარი კარი.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.