26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით სოფლის კრებები ჩატარდება

0

კრებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართება და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, თუ რისი მოწესრიგება ესაჭიროება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფლის რწმუნებულები დაატრენინგეს, რათა მათ პროგრამის ეფექტურად ადმინისტრირება შეძლონ. მათ მკაფიოდ განემარტათ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს და სოფლის რწმუნებულებმა მხოლოდ ტექნიკური სამუშაო უნდა შეასრულონ.

პროცესის სწორად წარმართვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მოქალაქეთა აქტიურობაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სოფლის კრებებში და გადაწყვეტილება თანასოფლელებთან ერთად თავად მიიღონ.

გარდა ამისა, პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო მიმართავს ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ სოფლის კრებებისა და, ზოგადად, პროგრამის მონიტორინგის პროცესში, რათა ის გამჭვირვალედ წარიმართოს, რეალურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ადგილობრივი ხელისუფლების ცალკეულმა თანამდებობის პირებმა თავად არ გადაწყვიტონ პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების საკითხი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოხდება სოფლების პირველი რიგის  საჭიროებების დაკმაყოფილება.

პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, 2014 წელს მისი ადმინისტრირების წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვამ შეიძინა უფრო მიზანმიმართული ხასიათი. თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების  აღჭურვას და/ან გრძელვადიანი  სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მცირეკომლიანი სოფლების(რომლებიც, ძირითადად, მთიან რეგიონებში მდებარეობენ) ხვედრითი წილი და ასეთი სოფლების დაფინანსება გაიზარდა. ეს ცვლილება მეტ საშუალებას მისცემს აღნიშნულ სოფლებს, გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და ხელს შეუწყობს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შედეგად, შეანელებს არასასურველ მიგრაციულ პროცესებს.

პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს 2014 წელს. სამინისტროშ თვლიან, რომ აღნიშნული ნორმა ხელს შეუწყობს პროგრამის განმახორციელებელთა პასუხისმგებლობის ამაღლებას და უფრო ხელშესახებსა და საგრძნობს გახდის მის შედეგებს სოფლის მოსახლეობისათვის.

კრების განრიგი ქვემო ქართლში


Share.

Comments are closed.