ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ანგელოზის ხსენების დღე აღინიშნა

0

ბოლნისის სიონის უძველეს ტაძარში ეფრემ ასურის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა ოთხმა მეუფემ მიიღო. სადღესასწაულო წირვა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ და ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ერთობლივად აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, შეკრებილ მრევლს მიმართეს და ეფრემ ასურის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ესაუბრნენ. მეუფე იობმა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეზეც გაამახვილა ყურადღება და მრევლს თავმდაბლობისაკენ მოუწოდა.
მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ.შ ალექსანდრა ობოლაძემაც მიულოცეს. წირვას საქართველოს პარლამენტის წევრი დარეჯან ჩხეტიანიც ესწრებოდა.
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი: -ვულოცავ მის მაღალ უსამღვდელოესობას მეუფე ეფრემს ანგელოზის დღეს. ნამდვილად გამორჩეული წმინდანია მისი მფარველი ანგელოზი და ვუსურვებდი, რომ ეფრემ ასურის მეოხება და მფარველობა არ მოკლებოდეს მის მღვდელმთავრულ მოღვაწეობას. ღმერთმა გააძლიეროს და გაახაროს მეუფე ეფრემი.
ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი: – მივულოცავ მეუფეს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, მრევლის სიძლიერეს და ყოფელივე კარგს. ერმაც და ბერმაც უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ.შ ალექსანდრა ობოლაძე: -დღეს ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის ეფრემ ასურის ხსენების დღეა, რომელიც ბოლნისის ეპარქიის მმართველის მეუფე ეფრემის ანგელოზია. ვულოცავ მას ამ მნიშვნელოვან დღეს და მინდა მრევლის სიმრავლე და ღვთისწყალობა ვუსურვო.

საქართველოს პარლამენტის წევრი დარეჯან ჩხეტიანი: – უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საპატრიარქოს. ვულოცავ მეუფეს ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი: – ყველას გილოცავთ დიდი ღირსი მამის ეფრემ ასურის ხსენების დღეს! იგი მე-4 საუკუნის წმინდანია და სინანულისა და თავმდაბლობის მქადაგებელი. ღმერთმა მისცეს თითოეულ ადამიანს განცდა თვისთა ცოდვათა, რომ განვიწმინდოთ სულიერად და ესე გავატაროთ ეს წუთისოფელი, რათა დავიმკვიდროთ მარადიული ცათა სასუფეველი. ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა ბოლნისის სიონში. ბრძანდებოდნენ ჩვენი საყვარელი მღვდელმთავრები, მამები, მრავალრიცხოვანი მრევლი და მე მინდა მადლობა და დალოცვა ვუთხრა თითოეულ თქვენთაგანს.

მეშვიდე წელია რაც ბოლნისის ეპარქიას სათავეში სრულიად ახალგაზრდა მმართველი ჩაუდგა . მეუფე ეფრემი (ერისკაცობაში-გამრეკელიძე) 1975 წელს დაიბადა ქ. ბათუმში.20 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. რამდენიმე თვეში კი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად.1996 წლის ნოემბრიდან მსახურობდა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. 1997 წელს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე ეკურთხა მღვდლად. 1997-98 წლებში მსახურობდა იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში. 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება.2001-2004 წწ. იყო ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი. 2004-2006 წწ. ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. 2006 წლის 10 ნოემბერს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს. 2006 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით გამოირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად. 2006 წლის 31 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა ხელდასხმა ეპისკოპოსად. 2012 წელს კი მას მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა.


Share.

Leave A Reply