ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი შეიქმნა

0

2666ეკოკლუბი №1 საჯარო სკოლის VII ბ კლასის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მოსწავლეებმა კლუბის პრეზენტაცია მოაწყვეს და საზოგადოებას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და ჩასატარებელი ღონისძიებები გააცნეს. ეკოკლუბი სკოლებში საინფორმაციო სახის ლექციებს ჩაატარებს. მოსწავლეები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ გაუფრთხილდნენ და არ დააბინძურონ გარემო.

„იდეა გავაცანი კარინა მასწავლებელს, რომელსაც ძალიან მოეწონა და ერთობლივად, მისივე სადამრიგებლო კლასში ჩამოვაყალიბეთ ეკოკლუბი, ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროცესში. გამოვაცხადეთ კონკურსი კლუბის ლოგოსა და დევიზზე. მოსწავლეებმა  ბევრი საინტერესო იდეა წარმოადგინეს, თუმცა საბოლოოდ მარიამ საყვარელიძის მიერ შექმნილი ლოგო და დევიზი მოვიწონეთ. დევიზია – ,,გავერთიანდეთ მომავლისათვის“, ლოგოზე  გამოსახულია ხე, რომელსაც ნახევარი გვერდი  ყვითელი აქვს, ნახევარი კი შავი. ყვითელი ნიშნავს სინათლეს, შავი _ სიბნელეს. საზოგადოებამკი თავადუნდა გააკეთოს არჩევანი ბნელსა და ნათელ გარემოს შორის.   შემდეგ  დავამზადებინეთ შესაბამისი მწვანე ფერის ფორმები და სწორედ ამ ფორმებში გამოწყობილმა ბავშვებმა  მოძიებული ინფორმაციებით   ძალიან ორგანიზებული და კარგი პრეზენტაცია  წარმოადგინეს. სამომავლოდ  ბევრი გეგმები გვაქვს. ვითანამშრომლებთ სხვა სკოლებთანაც, გვექნება შეხვედრები და ლექციები ეკოლოგიაზე დამუშავებული თემების ირგვლივ”. _ აღნიშნა კლუბის დამფუძნებელმა, №1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ლელა გელაძემ.

აღნიშნულ პროექტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, გარკვეული ლიტერატურული მხარეც გააჩნია.  გარდა იმისა, რომ  მოსწავლეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას გარემოს დაცვით საკითხებში, ისინი იმუშავებენ სხვადასხვა სახის თემებზე,  რაშიც მათ კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კარინა დევნოზაშვილი დაეხმარებათ.

„ცოტა უხერხულია, როცა მიდიხარ და ადამიანს აძლევ შენიშვნას, რომ ნუ  აბინძურებს გარემოს. ვფიქრობ,ბევრად უფრო მისაღები იქნება თუ მოსწავლეები საზოგადოებას მიუთითებენ სხვადასხვა გზით, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს. ისინი სისტემატურად იმუშავებენ ჩანახატებზე, ლექსებზე,  ეკოლოგიის კუთხით  არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მოამზადებენ თავისუფალ თემებს,  რომლებსაც გამოაქვეყნებენ  საზოგადოებრივი ქსელის საშუალებით, მას გაეცნობა მკითხველი და თავად გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. ნაგვის ურნებთან გააკრავენ მოწოდებებს, ლექსებს, აფორიზმებს. ჩვენთვის კი ყველაზე მთავარია, რომ ბავშვები აქტიურად იქნებიან ჩართული გარემოს დაცვის პროცესებში, რომელსაც ექნება თავისი ლიტერატურული მხარეც”. -აღნიშნა კარინა დევნოზაშვილმა.

ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისათვის კვირეულის მოწყობას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა მსვლელობა ბოლნისის ქუჩებში, ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დასუფთავებაში, ჩაატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. როგორც კლუბის დამფუძნებელი აღნიშნავს მომავალი წლიდან ისინი მაკულატურის შეგროვებაზეც იმუშავებენ.  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მსგავსი  კლუბების შექმნა საქართველოს მასშტაბით იგეგმება.


Share.

Comments are closed.