„დიდი სიამაყე, ბედნიერება და პასუხისმგებლობაა ვიყო თემურ გუგუშვილის მოსწავლე”

0

972660_1497775990435436_190702785_n4  წლის გოგონას პიანინო უყიდეს და  საყვარელ ინსტრუმენტს მთელი ცხოვრების მეგობრობა  აღუთქვა. აწყობდა ახალ-ახალ სიმღერებს და გატაცებით უკრავდა, მდინარის პირას იზრდებოდა, დიდ სცენაზე და ლამაზ კაბებზე ოცნებობდა. თვითნაბადმა ნიჭმა გზა ქალაქისკენ გაუკვალა და საოცნებო კონსერვატორიამდე მიიყვანა. შემდეგ კი თვალისმომჭრელი დარბაზის სიკაშკაშე და ოპერის თეატრის მტვრის გემო ერთბაშად იგემა, თუმცა სოფლად გაზრდილი გოგონა არ დაბნეულა, თავი ამაყად ასწია,  შემდგომი წარმატებების გეგმები ააწყო და მუხლჩაუხრელ შრომას შეუდგა. ჩვენი სტუმარია კონსერვატორიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი იამზე ურუმაშვილი.

– ქალბატონო იამზე, გვიამბეთ თქვენზე?

– გავიზარდე ულამაზეს სოფელში პატარა დმანისში, დიდ ოჯახში. ირგვლივ ყველას გამორჩეულად ვუყვარდი, ვიყავი ემოციური და დამოუკიდებელი ბავშვი. მშობლებმა 3-4 წლის ასაკში მიყიდეს პიანინო, რომელიც ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. თუ სადმე ახალ სიმღერას მოვკრავდი ყურს, სმენით ვაწყობდი, გატაცებით ვუკრავდი და ვმღეროდი,   იმ დროს ქვეყანაში შექმნილი საშინელი მდგომარეობის და უშუქობის გამო, უკეთესი გასართობი ჩემთვის არც არსებობდა, სოფელში მალე სკოლაც დაიხურა და იძულებული გავხდი სწავლა ბოლნისის №3 საშუალო სკოლაში გამეგრძელებინა, სადაც ბევრი მეგობარი შევიძინე, ასევე დიდი სიყვარულით გავიხსენებ ჩემს პედაგოგებს: მზია დანელიას, მანონი ონიანს, მედიკო ცინცაძეს, ქეთევან ხეცურიანს, თამრიკო კორძაძეს,  ნათელა გრიგოლიას და სხვებს.

– სიბერის შვილიაო,  ამაყად  და თანაც გულნატკენად დასძინა  დედათქვენმა…

– სიბერის შვილზე რა მოგახსენოთ, დღევანდელობაში 40 წლის ასაკში შვილის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემი ძმები გელა და გია  18, 14 წლით უფროსები არიან ჩემზე და დედაც  ასეალბათ ამიტომთვლიდა. რაც შეეხება ამაყად და გულნატკენად იმიტომ თქვა, რომ ერთის მხრივ გოგონა სდომებია და ღმერთმა აჩუქა, მეორეს მხრივ შიშობდა,რომ ასაკის გამო ვერ შეძლებდა იმდენს, რაც სურდა ჩემთვის გაეკეთებინა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა შეუძლებელიც გააკეთეს, უფრო ზუსტად, ღმერთმა შეაძლებინათ, უფლის ხელს ყოველთვის ვგრძნობდი და დღესაც ასეა.

– როგორ აღმოაჩინეთ თქვენში მუსიკალური ნიჭი და კონსერვატორიამდე გასავლელი გზა ადვილი არ იქნებოდა?10361123_1497777573768611_1381538504_n

– მართალი გითხრათ გრძელი გზა გავიარე და პასუხიც ვრცელი იქნება… ლამაზ სოფელში გავატარე ლამაზი ბავშვობა, საათობით შემეძლო ვყოფილიყავი მდინარის ნაპირთან და ჩიტების ჟღურტულის ფონზე მეღიღინა და მეოცნება, ჩემი ოცნება კი  სიმღერა, დიდი სცენა და ლამაზი კაბები იყო. ბუნების ამ ხმოვანებას ვერც ერთი ორკესტრის ჟღერადობა ვერ შემიცვლის. 14 წლის ასაკში დავტოვე მშობლიური  სახლი და როგორც მოგახსენეთ, სკოლა 1999 წელს ბოლნისში დავამთავრე. დადგა დრო თბილისისა, იმ დროს როგორც ყველას, ჩვენც არ გვილხინდა, ამიტომ ჩემი ოჯახი ყოყმანობდა გავეგზავნე თუ არა  სასწავლებლად. საქმე ჩემს სასიკეთოდ გადაწყდა, წავედი თბილისში, დეიდის ოჯახში  დავსახლდი, სადაც შემდგომი წლები გავატარე და ამისთვის უსაზღვრო მადლობა მათ.  მათემატიკა  მიყვარდა, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ჩემი სულიერი გატაცება არ იყო, ამიტომ  დეიდაშვილს ვთხოვე დამხმარებოდა მიმეღო მუსიკალური განათლება, სადაც მივედით ყველგან  შვიდწლედის საბუთი მომთხოვეს, რომელიც არ მქონდა. ბოლოს გავიგეთ, რომ არსებობდა შოთა მილორავას სახელობის თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, სადაც ამ საბუთის გარეშე შემეძლო სწავლა. ორ კვირაში მოვემზადე მისაღები გამოცდებისათვის, ჩავაბარე ქართული, ისტორია, 4 სიმღერა, მსახიობის ოსტატობა, ლექსი, პროზა და იგავ-არაკი,    დროის სიმცირის გამო ლექსი მოსაცდელში ვისწავლე და ისე გავედი გამოცდაზე, ერთ კვირაში გავიგე, რომ ჩავირიცხე. იქ ნიჭიერი ახალგაზრდობა დამხვდა, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა. ვსწავლობდით სასცენო მეტყველებას, ხალხურ სიმღერას, სოლო ესტრადის და ცირკის ისტორიას, ქართულ თანამედროვე კლასიკურ ცეკვებს. ორი წელიწადი გაჩეჩილაძეებთან სტუდია  „თელაშიც“ ვსწავლობდით სამეჯლისო ცეკვებს.   დიდი სიყვარულით გავიხსენებ რეჟისორს ბატონ თენგიზ ავალიშვილს, საოცარი იყო მისი ლექცია, რომელიც საათობით გრძელდებოდა და  30 ბავშვი ვერ ვგრძნობდით, როგორ გადიოდა 4-5 საათი.  მასთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. ყოველთვის ესწრება ჩემს სპექტაკლებსა თუ კონცერტებს, მაძლევს ასევე  საჭირო რჩევებს. ეს იყო მართლაც არაჩვეულებრივი სტუდენტური წლები ჩემს ცხოვრებაში (სამწუხაროდ ეს სასწავლებელი დაიხურა) ორი წლის მანძილზე ჩვეულებრივ სტუდენტად ვითვლებოდი, II კურსის  ბოლოს მეგობრის რჩევით დავწერე განცხადება და  გადავედი სიმღერაში ქალბატონ ლალა ნიკოლაძესთან, რომელიც ასევე მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში. მისი რჩევით ბევრი სტუდენტი თეატრალურში აგრძელებდა სწავლას, მაგრამ როდესაც მე მომისმინა,  კი არ  მირჩია,  მიბრძანა: არავითარი თეატრალური, შენ უნდა წახვიდე კონსერვატორიაშიო. ეს ისე ჟღერდა,  როგორც სხვა პლანეტაზე გამგზავრება, მაგრამ დავინტერესდი მომესინჯა საკუთარი ძალები.  კითხვა-კითხვით მივაგენი და  შევაღე დიდი კონსერვატორიის დიდი კარები, მახსოვს გული ძალიან ამიჩქარდა. როგორც იქნა ვიყიდე მისაღები გამოცდების პროგრამა, საოცრად ვრცელი მოთხოვნებით, მაგრამ ფაქტიურად არ შემშინებია, ლალა ნიკოლაძის დავალებით მოვძებნე კონსერვატორიის პროფესორი ქალბატონი ლამარა გოგლიჩიძე, რომელიც ასწავლიდა ასევე კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში, იგივე „ნიჭიერთა ათწლედში“, მასთან გასაუბრების და სიმღერის შემდეგ, მისი რჩევით და დახმარებით ჩავირიცხე „ნიჭიერთა ათწლედში“, X კლასში, რომელიც მომამზადებდა  10388322_1497777467101955_142619400_nკონსერვატორიის მისაღები გამოცდებისთვის. ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, 2004 წელს წარმატებით ჩავაბარე კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე, უფასო სექტორზე, გოგონათა ხუთეულში IV ადგილზე გავედი, ეს იყო დიდი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. სწავლა არ გამჭირვებია, რადგან პიანინო არ  მქონდა,  დავხატე (1 ოქტავა) და სოლფეჯიო, ინტერვალები, ქრომატიული გამები ასე ვისწავლე,   ფორტეპიანოს  კი კონსერვატორიაში ვმეცადინეობდი. ასე გავიდა სამი წელიწადი. სპეციალობაში ისევ ლამარა გოგლიჩიძესთან დავდიოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ წარმატება იგვიანებდა, გადავწყვიტე სპეციალობაში პედაგოგი გამომეცვალა, ეს  ადვილი არ იყო, ქალბატონი ლამარა ძალიან გამიბრაზდა, მაგრამ წლების ფუჭად ჩავლა არ მინდოდა,  და ბატონი თემურის კარზე დავაკაკუნე.  მას ახალი დაწყებული ჰქონდა პედაგოგიური მოღვაწეობა კონსერვატორიაში. როდესაც გავიგებდი, რომ ოპერაში თეიმურაზ გუგუშვილი მღეროდა, არ გამოვტოვებდი იმ საღამოს. მისი უშრეტი ენერგიულობა, ხმის უსაზღვრო დიაპაზონი,  მართვის ასეთი ოსტატობა, ხმის ტემბრალური სილამაზე და სიძლიერე, რომ აღარაფერი ვთქვათ მსახიობურ ოსტატობაზე, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღემდე მაოცებს არა მარტო მე. ვთხოვე მოესმინა ჩემთვის, სპორტსმენები ადვილად გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ძველი ვარჯიშებით დაყენებული კუნთის დანგრევა და ახალი ვარჯიშით შედეგის გაუმჯობესება – ეს უნდა მომხდარიყო. პედაგოგები ამას ხშირად თავს არიდებენ, მაგრამ ბატონმა თემურმა მომისმინა და მითხრა, რომ მამეცადინებდა. დავწერე განცხადება და IV კურსზე გადავედი თეიმურაზ გუგუშვილთან, დაიწყო სხვა ეტაპი, ერთ წელიწადში ბაკალავრიატს ვამთავრებდი, შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა, ბატონმა თემურმა მირჩია ერთი წლით კიდევ გაგვეგრძელებინა მეცადინეობა დიპლომანტის სტატუსით, რათა სათანადოდ მოვმზადებულიყავი მაგისტრატურისთვის.  მართლაც ორი წლის მეცადინეობის შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში, ყველა ამჩნევდა,  რომ შემოქმედებითად ძალიან გავიზარდე, უკვე ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონცერტებში, ამ დროს შემთხვევით გავიცანი ჩემი მეორე ნახევარი და გავთხოვდი. ბავშვის გამო ზედიზედ ორი წელი (2010-2012 წწ) ავიღე აკადემიური შვებულება, რამაც კარიერაში  უკან დამხია, მაგრამ როდესაც გავაგრძელე სწავლა,  2012 წლის თებერვალში ისეთ ფორმაში ვიყავი,  წლის ბოლოს შევძელი კონცერტებში მიმეღო მონაწილეობა.

10409799_1497777557101946_510770788_n– 2013 წლის 31 მარტს შედგა თქვენი წარმატებული დებიუტი ჩაიკოვსკის ოპერაში „ევგენი ონეგინი“, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიდგა, ალბათ გარკვეული სირთულეები ახლდა?

– კონსერვატორიის საოპერო სტუდია, რომელიც ცალკე სახელმწიფოსავით არის და სტუდენტური ძალებით დგამს საოპერო სპექტაკლებს ან ნაწყვეტებს,  აქვს უფლება თვითონ შეარჩიოს წარმატებული სტუდენტები და ამით მოამზადოს ოპერის თეატრისთვის, ფაქტიურად ეს არის პრაქტიკა,რაც ასე საჭიროა ნებისმიერ სფეროში. და აი, 2013 წლის  31 მარტს წილად მხვდა ბედნიერება მემღერა „ევგენი ონეგინში“, როდესაც თბილისის ქუჩებში ვნახე აფიშა: ტატიანა – იამზე ურუმაშვილი, ევგენი ონეგინი – ლაშა რამიშვილი, ლარინა – ნატალია ქუთათელაძე და ასე შემდეგ, გული ამიჩქარდა, მინდოდა მეყვირა და გამვლელებისთვის მეცნობებინა, რომ ეს ის გოგონაა, რომელიც ამ დღეზე  პატარაობიდან ოცნებობდა…  სიხარულით ავივსე და გავიფიქრე, რომ ეს მხოლოდ პატარა დასაწყისია დიდი გზისა. ამ მუხტმა სპექტაკლი წარმატებული გახადა. მანამდე კი სხვა ვითარება იყო: სექტემბერში დაიგეგმა ეს სპექტაკლი და დაიწყო მზადება, მაგრამ არა ჩემი  მონაწილეობით, რადგან აკადემიური შვებულებების გამო საეჭვოდ მიიჩნიეს საოპერო სტუდიაში ჩემი შესაძლებლობები ამ პარტიისთვის, ამიტომ უარი მითხრეს,  თანაც ორი ტატიანა უკვე ჰყავდათ და მე სრულიად ზედმეტი ვიყავი. ამასობაში მოვიდა თებერვალი, ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა და არდადეგებზე ვიყავი. დამირეკა ჩემმა მაესტრომ ბატონმა თემურ გუგუშვილმა და მითხრა: ჩამოდი იამზე, შენ იმღერებ სპექტაკლსო, მან კიდევ ერთხელ გამოიჩინა გულისხმიერება ჩემს მიმართ და რეკომენდაცია გამიწია საოპერო სტუდიაში. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა,  მაგრამ სპექტაკლამდე  დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი თვე, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა  რომ ჩემი მაესტროს იმედები გამემართლებინა. მართლაც გამორჩეული სპექტაკლი გამოვიდა, რაც მთელმა კათედრამ აღიარა.

– ამავე წლის 27 მაისს თქვენი კლასი ბოლნისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა…

– ბოლნისის კონცერტს რაც შეეხება, ეს არის ბატონი კობა ჟღენტის დამსახურება.ბატონი კობა შემთხვევით გავიცანი, როდესაც გაიგო სად ვსწავლობდი, მან დიდი ყურადღება გამოიჩინა და გაუჩნდა იდეა, რომ მონაწილეობა მიმეღო ღონისძიებაში, რომელიც ბოლნისში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი  კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, ამის შემდეგ ბატონი კობა გვესტუმრა კონსერვატორიაში, გაიცნო ჩემი მაესტრო  თემურ გუგუშვილი და დაიგეგმა კონცერტი. ამ გეგმის მიხედვით  ჩვენ ჩავატარეთ ორსაათიანი კონცერტი, რაც იყო სიყვარულის და ურთიერთობების დიდი საღამო. კონცერტს დიდი  მაესტრო უძღვებოდა და მისივე ნამღერით დაგვირგვინდა. ყველა გაოცებული დარჩა ბოლნისელთა კულტურით, კეთილშობილი მაყურებლით და სტუმართმოყვარეობით. დაგეგმილი იყო ასევე ამა წლის მარტში სპექტაკლი ევგენი ონეგინი ჩემი მონაწილეობით, რომელიც ბატონი კობას, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორის და კონსერვატორიის რექტორთან შეთანხმებით უნდა ჩატარებულიყო, ეს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო იქნებოდა, წარმოიდგინეთ ორკესტრი, გუნდი, კოსტიუმირებული სოლისტები დაახლოებით ასი კაცი, მაგრამ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ და უარი გვითხრა, ამიტომ ეს სპექტაკლი დაიდგა კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც იყვნენ სტუმრები ბოლნისიდან კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი კობა ჟღენტი და მისი თანამშრომლები,  ბოლნისის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და სხვები, მათმა სტუმრობამ და გულშემატკივრობამ ძალა შემმატა და ჩემი წარმატებული გამოსვლაც განაპირობა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ კობას, რადგან მან იცის ჭეშმარიტი ხელოვნების  და ნიჭის ფასი. სამწუხაროა, რომ მას არ ხელეწიფება ბევრი კარგი და საოცარი იდეა განახორციელოს და ბოლნისი ერთ-ერთ კულტურულ კერად აქციოს.

– დიდ სცენაზე წარსდექით, თუმცა თქვენი ნიჭის თაყვანისმცემლები თვლიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მაინც რას უნდა ველოდოთ?10377854_1497777267101975_1612433537_o

– რა გითხრათ, ალბათ ჩემი ნიჭის თაყვანისმცემლები ითვალისწინებენ ჩემი ხმის შესაძლებლობებს და იმ ტექნიკას, რომელსაც უფლის და ჩემი პედაგოგის წყალობით ვფლობ, ამიტომ  მეტის მოლოდინი აქვთ, რადგან იმ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელსაც ვასრულებ და ტატიანას პარტია „ევგენი ონეგინში“, მიიჩნევა რომ ადვილი დასაძლევი არ არის, ჩემთვის ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ სიძნელეს, ამიტომ მეც ვეთანხმები მათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჯერ კიდევ ბევრი სპექტაკლი და კონცერტი მაქვს სამღერი.

– ბედმა გარგუნათ საუკეთესო პედაგოგთან გესწავლათ, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ თემურ გუგუშვილის მოსწავლე?

– გეთანხმებით,ბედმა მარგუნა დავბადებულიყავი  და კონსერვატორიაში მესწავლა იმ დროს,როცა მექნებოდა საშუალება ვყოფილიყავი თემურ გუგუშვილის მოსწავლე-სტუდენტი.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის კათედრის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, სარაჯიშვილის ფონდის თავმჯდომარე თეიმურაზ გუგუშვილი – ეს  არასრული ჩამონათვალია ჩემი მაესტროს დამსახურებებისა, ნამდვილი ბედნიერებაა მისი გაკვეთილი, ეს არ არის ლექცია, სადაც 100 სტუდენტი ზის და ლექტორს უსმენს, სპეციალობაზე ვართ მე, მაესტრო და კონცერტმეისტერი ულამაზესი და უნიჭიერესი ლელა უსეინაშვილი, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მუსიკალურ აღზრდა-განვითარებაში.  ის წარმატებით მოღვაწეობს  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. საამაყოა როდესაც დარბაზში ზიხარ და შენს მასწავლებელს უსმენ, რომელსაც ტაში და ხალხის სიყვარული აგვირგვინებს. რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო გუგუშვილის მოსწავლე? დიდ ბედნიერებას, სიამაყეს და უდიდეს პასუხისმგებლობას.10385170_1497777040435331_430964388_n
– რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას,  ხომ არ გიშლით ხელს კარიერულ წინსვლაში?

– უპრობლემო ადამიანი არ არსებობს, არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ცხოვრების გაკვეთილებმა უკვე მასწავლა პრობლემებთან გამკლავება. რაც შეეხება ოჯახს, მყავს მეუღლე ზურაბ ჯაყელი და შვილი პატარა ნიკოლოზი, ვცხოვრობთ კაზრეთში, სადაც, რა თქმა უნდა არ ფასდება ჩემი პროფესია. მეუღლე ნამდვილად არ მზღუდავს, ხელს მიშლის   ის, რომ დედაქალაქიდან შორს ვარ.

– სამომავლო გეგმებზე, რას უნდა ველოდოთ თქვენგან?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მაისში დაგეგმილია კონცერტი კონსერვატორიის მცირე  დარბაზში, ივნისში ორი სახელმწიფო გამოცდა საოპერო სტუდიაში, სადაც შევასრულებ დუეტს ბარიტონთან და სოლო სიმღერაში შევასრულებ სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა შემდგომი წარმატებებისთვის. ასევე მინდა საიდუმლო გაგანდოთ,  რომ  უახლოეს მომავალში ბოლნისელებს კიდევ ერთ ლამაზ საღამოს ვაჩუქებთ. ვემზადები ასევე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თბილისის ოპერის თეატრში.

ბელა ონიანი


Share.

Comments are closed.