კომპანია RMG Gold-მა საყდრისში სამუშაოები შეაჩერა

0

საყდრისიკომპანია RMG Gold-მა, საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნამდე, საყდრისში სამუშაოები შეაჩერა. კომპანიის კომერციული დირექტორის, სოსო ცაბაძის  განცხადებით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება საზოგადოებაში კვლავ არსებული კითხვების გამო მიიღეს. 

“კომპანიას ამ ექსპერტების ჩამოსვლამდეც შეეძლო მუშაობა, მაგრამ მივდივართ მაინც დათმობებზე, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ მძიმეა. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოებაში კიდევ არსებობს კითხვები. ჩვენ გვინდა, რომ არ არსებობდეს მიზეზი იმის, რომ ვინმემ ბრალი დაგვდოს უკანონო ქმედებაში. დღემდე არ გავცილებულართ არც კანონმდებლობას და არც სამართლებრივ აქტებს”, – აცხადებს ცაბაძე. 
RMG -ში იმედი აქვთ, რომ დასკვნა, რომლისგანაც დადებით შედეგს ელოდებიან, უახლოეს დღეებში მზად იქნება.   
“ამ დაკსვნისგან ველოდებით შემდეგს: 1. დადგინდება მონიტორინგის პარამეტრები, ანუ რა საკითხებში იქნება მონიტორინგი. 2. დადგინდება მონიტორინგის გეგმა. 3. ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება ისე, როგორც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. 4. თანამშრომლობა ყველა მხარესთან”, – აღნიშნა ცაბაძემ. 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის თქმით კი, საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება. 
“ყველასთვის ცნობილია, რომ შუალედური დასკვნა მივიღეთ. შუალედურ დასკვნაში არის მთელი რიგი რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვიქცევით ამის შემდეგ. საბოლოო დასკვნაში რეკომენდაციები იქნება უფრო დაწვრილებითი. შუალედურ რეკომენდაციებში კი აღნიშნულია, რომ კომპანიას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სააგენტოს ჩართულობით და მონიტორინგით; ნებისმიერი კულტურული ფასეულობის აღმოჩენის შემთხვევაში სამუშაოები შეჩერდება”, – განაცხადა ანთიძემ. 
მისივე თქმით, უკვე დაიწყო ინტენსიური მუშაობა, რომ ეროვნული მუზეუმი და კომპანია შეხვედნენ ერთმანეთს, რათა ამ კონკრეტული რეკომენდაციების განხორციელებაზე იყოს ერთიანი პოზიცია, ერთიანი სამუშაო გეგმა. 

 


Share.

Comments are closed.