აზერბაიჯანელმა და სომეხმა ბავშვებმა ქართულ ენაზე ვიქტორინა ჩაატარეს

0

viqtorina1რამდენიმე წელია რაც ქვეყნის მასშტაბით არსებობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განხორციელბული პროგრამა „ქართული, როგორც მეორე ენა“, რომელიც მოიცავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ენის შესწავლას და ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამა „ქართული, როგორც მეორე ენა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში ხორციელდება, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს. საინტერესოა  როგორ დაიწყეს ბავშვებმა ქართული ენის სწავლა და რა შედეგი აქვთ  წლების შემდეგ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართული შემოქმედებითი ვიქტორინა, რომელშიც 9 სკოლის აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვები მონაწილეობდნენ.  ბავშვები სამ გუნდად დაიყვნენ, თითოეულ გუნდში 9 მოსწავლე იყო, მათ შორის ერთი კაპიტანი. „საბა“, „ბოლნისი“, „ტოლერანტი“ – ასეთი სახელწოდებით წარსდგნენ ბავშვები კომპეტენტური ჟიურის წინაშე და ვიქტორინაც დაიწყო, რომელიც მთლიანად ქართულ ენას,  საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას ეხებოდა. კითხვების გარდა ბავშვები ჟიურის წინაშე მხატვრული კითხვითა და ქართულ იგავებზე დადგმული სკეტჩებითაც წარსდგნენ. შეჯიბრი-ვიქტორინას გამარჯვებული კი „ტოლერანტი“ გახდა 50 ქულით, მეორე ადგილი „ბოლნისმა“, ხოლო მესამე „საბამ“ მოიპოვა.iza gvirjishvili


იზა გვირჯიშვილი, სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        ქართული ენის პედაგოგებმა გადავწყვიტეთ  მოგვეწყო შემეცნებითი ვიქტორინა, რომელშიც ბავშვების  ენობრივ და ზოგად ცოდნას გამოვავლენდით. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მომზადებით, რადგან საკმაოდ ნიჭიერი თაობაა, სჯერათ, რომ  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა შემდგომში წარმატების მისაღწევად.ekaterine bestavashvili

ეკატერინე ბესტავაშვილი, სოფელ ძველი ქვეშის  საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        ხუთი წელია ამ ბავშვებთან ერთად ვმუშაობ პროექტით „ქართული, როგორც მეორე ენა“. ბავშვებს მარტივი კომუნიკაციაც კი არ შეეძლოთ, დღეს კი კონფერენციებსა და ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან მახარებს.

lela wiklauriლელა წიკლაური, სოფელ ჯავშანიანი-მუშევანის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        რა დამხვდა ხუთი წლის წინ? ბავშვებმა არ იცოდნენ საქართველოს დედაქალაქის სახელწოდება. თბილისშიც კი არ იყვნენ ნამყოფები. თავიდან ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მერე თანდათანობით ვასწავლე კომუნიკაცია, წავიყვანე ექსკურსიაზე, მოვიარეთ საქართველო, უხარიათ რომ გაიცნეს ქვეყანა სადაც ცხოვრობენ, ჩვენი მიზანია დავამეგობროთ როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ, ისე ქართველ ბავშვებთან რათა აღმოიფხვრას მათ შორის ყოველგვარი დაბრკოლება და ბარიერი.

ნონა მიქელაძე, გეტას საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:nona miqelaze

–        წინსვლა გვაქვს გეტას სკოლაში, სადაც კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო. ახლა კი ბავშვები თავიანთი ცოდნით თვითონვე ამაყობენ. აღარ არიან დაკომპლექსებულები, გამხიარულდნენ, სულ ექსკურსიებზე უნდათ წასვლა. ასეთი ღონისძიებები უფრო მეტად გაახალისებს და  სტიმულს მისცემს ბავშვებს, რომ უფრო კარგად ისწავლონ მშობლიური ენა.

lika salaridzeლიკა სალარიძე, სოფელ ტალავერის №2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  ვმუშაობთ, ძალიან ამართლებს, რადგან კმაყოფილები ვართ როგორც ჩვენ, ისე მშობლები და ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ქართულს. სახელმწიფოსაგან თუ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ამ თემას, მეტად წავალთ წინ.

qetevan maxatazeქეთევან მახათაძე, სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        ბავშვებს საზოგადოებასთან ინტეგრირება უჭირთ, ამიტომ ხშირად უნდა ჩავატაროთ ასეთი ღონისძიებები, გავიყვანოთ ბავშვები სოფლიდან, რომ გაიგონ აკაურთის გარდა კიდევ არსებობს ქვეყანა. ამ წუთში მათთვის ყველაზე მისაბაძი პროფესია პედაგოგობაა და თითქმის ყველას უნდა რომ ქართულის მასწავლებელი იყოს.

ia robaqidzeია რობაქიძე, სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:

–        მგონი საკმაოდ კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, რითაც გახარებულები ვართ, კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა დავალებებს და შედეგიც აჩვენეს. მადლობა თითოეულ მათგანს.

ლალი დალაქიშვილი, სოფელ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი:lali  dalaqishvili

–        სამი წელია  ამ სოფელში ვასწავლი და კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგით, სტუდენტიც კი არ ჰყავდა სოფელს, ახლა თითქმის ყველა, ვინც კარგად სწავლობს სტუდენტი ხდება. გამოცოცხლდნენ ბავშვები, სხვანაირად აზროვნებენ, უხარიათ ენის შესწავლა, რაც საკმაოდ კარგია.

ირმა კოპალიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი:

–        კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ასეთი ვიქტორინები  მეტად დაამეგობრებს მოსწავლეებს და დააჩქარებს მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.

ბესო კურტანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

–        „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ ამ ლამაზი ციტატით დავიწყებ დღევანდელი დღის შეფასებას, სადაც უამრავი აზერბაიჯანელი თუ სომეხი ბავშვისგან ქართული ენის, ქართულად წაკითხული ლექსების და იმ ძირძველი ენის კულტურის ცოდნა მოვისმინე, რომელი ენითაც თითოეული ჩვენგანი ვსაუბრობთ.  ამაყი ვარ, რომ სხვა ეროვნების ახალგაზრდა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ისე  ისწავლის ქართულს და შეიყვარებს, როგორც მშობლიურ ენას. მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს ამ დიდი შრომისათვის. დღევანდელი ღონისძიება ცოტა სხვანაირად იყო დაგეგმილი,  ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოხერხდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც ჩატარდა და საკმაოდ კარგადაც. ეს პედაგოგები კარგ საქმეს აკეთებენ და საჭიროა ყველა გვერდით დაუდგეს მათ სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად გაკეთდეს ქართველ-აზერბაიჯანელ-სომეხი ბავშვების ერთობლივი ბანაკი, ბაღებში, სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები დადიან დამამთავრებელ ჯგუფებში დაიშვას ქართული ენის პედაგოგი, კარგი იქნება ბოლნისში გაიხსნას აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი. სადაც ასევე ქართულს ისწავლიან აზერბაიჯანელები და ა.შ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან კარგად გამოვიდნენ ბავშვები და გუნდები მინიმალური სხვაობით ჩამორჩნენ ერთმანეთს.

გულასარ მამედოვა, 15 წლის, სოფელ ძველი ქვეშის სკოლის მოსწავლე:

–        ძალიან მიხარია, რომ ქართული ვიცი, რადგან გამომადგება ყველაფერში, ჩემი ოცნებაა პედაგოგი გავხდე.

აითან ჩირაკოვა, 16 წლის, სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლე:

–        მინდა თარჯიმანი გავხდე ინგლისურ-ქართულის, ამიტომ კარგად ვსწავლობ.

ასმიკ არუთინიანი, 17 წლის, სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლე:

–        კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან ჩემმა ჯგუფმა გამარჯვება მოიპოვა, მადლობა ყველა პედაგოგს ვინც დაგვეხმარა და კარგად გვასწავლა მშობლიური ენა.

ბინათ ისაევი, 17 წლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლე:

–        მინდა ხშირად გავაკეთოთ ასეთი ღონისძიებები, რათა უფრო მეტი მეგობრები შევიძინო. მინდა პოლიციელი გამოვიდე, მაგრამ ჩემი ქართულის მასწავლებელი  მირჩევს პედაგოგობას, არ ვიცი რას გადავწყვეტ.


Share.

Comments are closed.