ბოლო ზარი ბოლნისის სასულიერო გიმნაზიაში

0

10417114_506771729452447_715176823_nიოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიამ, წელს მეორე გამოშვება გააცილა.  კურსდამთავრებული სევდიანად გამოემშვიდობნენ სკოლის კედლებს და საყვარელ პედაგოგებს, რომლებმაც ცხოვრების ახალ ეტაპზე დაულოცეს გზა. ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებები გიმნაზიაში დილიდანვე დაიწყო. ბოლოს კი XI-XII კლასელებმა წარმოადგინეს პოეზიის საღამო სახელწოდებით „ლექსებით აგიხსნით სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი“. ღონისძიების დასასრულს ბოლნელმა ეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა კურსდამთავრებულები დალოცა  და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი:

– დღეს ბოლო ზარია ჩვენს სასულიერო გიმნაზიაში. მოხარულები ვართ,  ეს უკვე მეორე გამოშვებაა და გიმნაზია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ძალიან  ღირსეული მომავალი ჰყავს ჩვენს ერს. როდესაც ვუყურებ ამ ბავშვებს, უპირველეს ყოვლისა რწმენითა და ცოდნით აღჭურვილებს, იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში თავიანთ ღირსეულ წვლილს შეიტანენ. მინდა დავლოცო ისინი და მომავალი ცხოვრების ასპარეზზე წარმატებები ვუსურვო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

მამა ილია ჭიღლაძე, გიმნაზიის მოძღვარი:

– დღეს ვაცილებთ ჩვენი სკოლის მეორე გამოშვებას. ბედნიერი ვარ, რომ ეს შესანიშნავი ბავშვები სწავლობდნენ სასულიერო გიმნაზიაში. მწამს,  ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქენი, საუკეთესო ქრისტიანები, მამულიშვილები, რომლებიც აუცილებლად გამოიღებენ იმ კეთილ ნაყოფს, რასაც ველოდებით. მათი ცხოვრება იქნება წარმატებული, დღეგრძელი, კურთხეული და ნაყოფიერი. დღევანდელი ღონისძიებაც იყო ბრწყინვალე და შესანიშნავი.

თეა ტყებუჩავა, XII კლასის დამრიგებელი:

– დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. ვაცილებთ მეორე გამოშვებას. ვულოცავ ბავშვებს სკოლის დამთავრებას, სტუდენტობა მიმელოცოს ყველასთვის.  მჯერა, რომ ისინი თავის სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგანაც ოთხივე არაჩვეულებრივი და ღირსეული ქართველი ახალგაზრდაა.

ნინო დევნოზაშვილი, სასულიერო გიმნაზიის დირექტორის მოადგილე:

– დღეს ბოლო ზარია ჩვენს სკოლაში, ამიტომ უდიდესი სიხარული და სევდა სუფევს ჩვენს გულებში, ვაცილებთ უსაყვარლეს მეთორმეტე კლასელებს ცხოვრების დიდ, რთულ და საინტერესო გზაზე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა ამ ლამაზი დღისთვის. დღეს ერთი ღონისძიება უკვე გვქონდა სკოლაში, მოსწავლეებმა გააცილეს მეთორმეტე კლასი, შემდეგ ბავშვებმა წარმოგვიდგინეს პოეზიის საღამო „ლექსებით აგიხსნით სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი“.  მინდა მივულოცო მათ ეს დღე, დავულოცო ცხოვრების გზა. უფალი იყოს მათი შემწე და მფარველი, ღმერთს ებარებოდნენ უკუნითი უკუნისამდე.

10439599_506771686119118_1154420668_n 10416713_506770996119187_1155849905_n


Share.

Comments are closed.