საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის დაბრუნებაზე პარლამენტი სექტემბერში იმსჯელებს

0

zeimi2საბავშვო ბაღის აღმზრდელები სიახლეს, პედაგოგის სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დადებითად შეხვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საკითხის მოგვარება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დაავალა. ბაგა-ბაღის პედაგოგებს სტატუსი 2011 წელს, მას შემდეგ შეეცვალათ, რაც არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი – საბავშვო ბაღების სააგენტო შეიქმნა და პედაგოგები აღმზრდელები გახდნენ. სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით პედაგოგები უკმაყოფილებას იმთავითვე გამოხატავდნენ. „მივესალმებით ამ სიახლეს, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად აღმზრდელები გვერქვას. წლების მანძილზე არ ვსარგებლობდით იმ შეღავათებით, რაც სკოლის პედაგოგებს ჰქონდათ. მათგან განსხვავებით ხელფასებიც დაბალია“. –აღნიშნეს ბაგა-ბაღის მასწავლებლებმა.

Bolnisi.ge დაინტერესდა, რა სტადიაშია საკითხის დამუშავება, როდის გათანაბრდება სკოლის პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელის სტატუსი და იქნება თუ არა თანაბარი მათი ხელფასები, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს გავესაუბრეთ.

„კანონპროექტი, რომელიც სტატუსს დაარეგულირებს, მომზადების პროცესშია და განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საკვალიფიკაციო ჩარჩოს განსაზღვრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სფეროს სპეციალისტები აქციური რეჟიმში მუშაობენ. მათი მხრიდან განისაზღვრება ის საქმეები და მექანიზმები, რომელიც საკვალიფიკაციო პროგრამების ამოქმედებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ხელფასების საკითხს, სკოლის პედაგოგის და ბაღის მოსწავლებლის ხელფასების გათანაბრებაზე მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების მენეჯმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა, მათი ხელფასები ბიუჯეტიდან ირიცხება და გაზრდა-მომატება   მათი გადასაწყვეტი საკითხია“.– აღნიშნა ნატა ასათიანმა.

კანონპროექტის განხილვა საკანმომდებლო ორგანოში, სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყება. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს კი პედაგოგის სტატუსი 2015 წლიდან დაუბრუნდებათ.


Share.

Comments are closed.