ღია გაკვეთილი №1 საჯარო სკოლაში

0

ღია გაკვეთილი 1 სკ.14 ივნისს, ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა და  პედაგოგებმა გაერთიანებული ღია გაკვეთილი ჩაატარეს. მადონა ლომსაძემ და თინიკო ფრუიძემ გერმანული ენის და ქიმიის გაკვეთილები გააერთიანეს.   მოსწავლეებმა კი პედაგოგების მიერ დარიგებული სამუშაოები ხარისხიანად შეასრულეს. ღია გაკვეთილზე ბავშვებმა წარმოადგინეს ბოლნისის უძველესი კულტურა, ისაუბრეს ქალაქის დაბინძურების სხვადასხვა ფაქტებზე და მათი გამოსწორების გზებზე. ხაზი გაესვა ქალაქში არსებულ როგორც მინერალურ წყალს, ისე მდინარე მაშავერას, რომელიც წლების მანძილზე ბინძურდება. ეს თემები ბავშვებმა ქართულ-გერმანულ ენებზე წაუკითხეს  გერმანელ სტუმრებს პაულ და ვალე შულეებს, რომლებსაც წინაპრები ბოლნისიდან ჰყავდათ და დღეს, როგორც ტურისტები, ისე სტუმრობენ ქალაქს. ბავშვებმა მათ სამი რეკომენდაცია გადასცეს:

„ჩვენ ვურჩევდით სტუმარს დატკბეს ქალაქის ხედებით და აუცილებლად ესტუმროს ბოლნისის მინერალურ წყალს.  მიირთვას არა მხოლოდ სასიამოვნო წყალი, არამედ გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა.  ვურჩევთ კვლავ გვეწვიოს  მეგობრებთან ერთად“.

„თუ თქვენ გინდათ დატკბეთ ბოლნისის ხედით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ამაღლებულ ადგილას, გადაუღოთ სურათები  ქალაქს  და   მიირთვათ  უჩვეულო გემოს წყაროს წყალი“.

„ტურისტს ვურჩევთ შეისვენოს მდინარის სანაპიროზე, მაგრამ არ ვუწევთ რეკომენდაციას მიიღოს წყლის აბაზანა. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ მდინარე დასუფთავდება“.

თინათინ ფრუიძე, პედაგოგი:

–        შევიმუშავეთ პროექტი „ჩვენ ვცხოვრობთ ბოლნისში“ და ამ პროექტის ფარგლებში ჩავრთეთ მოსწავლეები, რომლებიც უფრო კარგად გაეცნობიან საკუთარ ქალაქს, გამოიკვლევენ მის ისტორიას, გააკეთებენ მაშავერას წყლის  ქიმიურ ანალიზს, რომელიც დაბინძურებულია. ყველა ეს დავალება ბავშვებმა  კარგად შეასრულეს და დღეს წარმოგვიდგინეს ულევი მასალა და შრომა, რომელიც  ჩადეს ფოტოებისა და მოძიებული თემების სახით. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გვესწრებიან სტუმრებიც, რომლებიც ეცნობიან მოსწავლეების შრომას და უშუალოდ მათთან ექნებათ კონტაქტი.

მადონა ლომსაძე, პედაგოგი:

–        შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ გერმანული ენისა და ქიმიის გაკვეთილის გაერთიანება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოსწავლეების საშუალებით ორ საგანში ძალიან ბევრი საერთო მოიძებნა.  ჯგუფებმა თავიანთი გაკეთებული მასალები წარმოადგინეს და სტუმრებს   ბოლნისის ისტორია გააცნეს, ასევე ისაუბრეს იმ დაბინძურებულ გარემოზე, წყალზე და ჰაერზე, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

მარიამ ჭითანავა, მოსწავლე:

–        ჩემი ჯგუფის თემაა ძველი ბოლნისის ისტორია, რომელიც გერმანულ ენაზე მოვამზადეთ და გავაცანით გერმანელ სტუმრებს. ძალიან მომწონს ასეთი გაკვეთილები. როცა ამ თემაზე ვმუშაობდი ბევრი რამე გავიგე ბოლნისის ისტორიაზე.

ფირუზ ხორბალაძე, მოსწავლე:

–        ვისაუბრეთ გარემოს დაბინძურებაზე, რაც მეტად აქტუალურია. ჩემი აზრით ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ გარემო არ დაბინძურდეს. ასეთი გაკვეთილები კი ბევრ ცოდნას გვაძლევს.

ია გაკვეთჲლი 1 სკ.3


Share.

Comments are closed.