„აუცილებლად დავბრუნდებით, ოღონდ არ ვიცი როდის“…

0

ქართველები საზღვარგარეთ

irma3რუბრიკაში ,,ქართველები საზღვარგარეთ’’ წარმოგიდგენთ ჩვენს კოლეგას TV-5-ის ყოფილ ჟურნალისტს ირმა ირემაშვილს. წელიწადნახევარია რაც ირმა ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა, მაგრამ უკვე ძალიან ენატრება ბოლნისი და სამშობლო, რომლის გამოძახილსაც შორეულ გერმანიაში ყოველდღიურად გრძნობს.

– არ შემიძლია აუღელვებლად დაგისვა კითხვები, რადგან თითოეულ ემიგრანტში დაპატარავებულ ჩვენს სამშობლოს ვხედავ… პირველი კითხვაც ასეთია, როდის დაბრუნდები?

– პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ არ გავიწყდებით მეგობრებს და მამხნევებთ. აქ ჩემს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ჩამოვედი და წელიწადნახევარია გერმანიაში ქ. კარლსრუეში დავსახლდით. ჩამოსვლა ძალიან გვინდა, მაგრამ არ ვიცი ეს დრო როდის დადგება, ალბათ მაშინ, როცა ღმერთი ინებებს. საშინელებაა როცა სამშობლოს ტოვებ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავს ვერ იმკვიდრებ და არასრულყოფილი ცხოვრება გაქვს, რომელიც საქართველოს ძირითადი მოსახლეობისთვის არაა უცხო.
საკმაოდ რთული ნაბიჯი გადავდგით ჩვენი მომავლისთვის, რადგან გვიჭირდა იმის გაფიქრება, რომ ჩვენი შვილები სამსახურის ძიებაში ცრუ დაპირებით დატოვებდნენ რომელიმე მაღალჩინოსნის კაბინეტს. ძალიან მწყდება გული, რომ მივატოვეთ მშობლები, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ათასობითი კილომეტრი დაგვაშორებდა ერთმანეთთან. თუმცა იმედიანად არიან იმით, ამ შორეულ ქვეყანაში დები ერთად ვართ. რუსკა რვა წლის წინ გადმოიხვეწა გერმანიაში.irma4

– ვფიქრობ, უცხოეთში უფრო რთულია თავის დამკვიდრება
– გულდასაწყვეტია, როცა საკუთარ ქვეყანაში ვერ იმკვიდრებ თავს. უცხოეთშიც რთულია, თუმცა შესაძლებელი. დამიჯერეთ აქ აფასებენ იმას, რასაც აკეთებ და გიხდიან კიდეც. ვმუშაობ სასტუმროში. დათომ ორი კვირაა მუშაობის უფლება აიღო და სამსახურის ძიებაშია. გუგა სკოლაში და ფეხბურთზე დადის, თეკლა ჯერჯერობით ბაღშია.

-არ გაუჭირდათ ბავშვებს უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

– თავიდან ძალიან გაუჭირდათ აქაურ ცხოვრებაზე მორგება, განსაკუთრებით თეკლას, დღესაც დიდი მონატრებით იხსენებს იაკოს (ჩემს ძმისშვილს) და იმ თვითმფრინავს, რომელმაც უცხო მხარეში ჩამოაფრინა, დაივიწყა და უკან აღარ დააბრუნა. თუმცა ჩემი დაიკო რუსო აქ ცხოვრობს და უფრო უადვილდებათ ჩემს შვილებს შეგუება. იმედი აქვთ, რომ ვიღაცასთან წავლენ, ვინც მოეფერება და სითბოს აჩვენებს.

– რითი განასხვავებდი საქართველოს და გერმანიას?

– განვასხვავებ კი არა, არც შევადარებ, რადგან განსხვავება ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. აქ არის იმის საშუალება, უბრალოდ იცხოვრო. მომავლის იმედიც გესახება. მართალია აქაურს რობოტულ-გეგმიურ ცხოვრებას ვეძახი, მაგრამ სამაგიეროდ გაქვს ელემენტარული საშუალება რაც ბავშვებისთვის, ოჯახისთვის და უბრალოდ, ცხოვრებისთვის არის საჭირო. ძნელია ემიგრანტის ცხოვრება, რადგან ნოსტალგიით იღვიძებ და იძინებ. უზომოდ მენატრება ჩემი ტკბილი ოჯახი, მეგობრები, ხალხი, ქართული ურთიერთობები.

– ქართველები თუ არიან კარსლრუეში?

– კარსლრუე პატარა ქალაქია, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ ისეთი ხშირი არა, როგორიც საქართველოში. ვცდილობთ შაბათი-კვირა ერთად გავატაროთ. ჩვენს ქალაქში არსებობს, საკვირაო ქართული სკოლა და ბაღი ,,ფესვები“, სადაც პატარებს ქართულ ენას, მეტყველებას, მოზარდებს კი წერა-კითხვას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასწავლიან. ეს სკოლა მშობლებს ერთმანეთთან გვაახლოებს.
,irma1,ფესვებს“ საშობაო კონცერტიც ჰქონდა, სადაც უამრავი ქართველი შევიკრიბეთ, პატარა საქართველო გეგონებოდათ. ჩვენი შემხედვარე იტყოდით, საქართველოში ვინღა დარჩაო, სამწუხაროდ ასეა.

– და ბოლოს ირმა, რას ეტყოდი შენს ქართველებს, მეგობრებს.

– მინდა ყველა ემიგრანტს, ჩემი ოჯახის ჩათვლით, სამშობლოში დაბრუნება ვუსურვო, ყველა პატარას კი ბევრი სწავლა, რადგან საქართველოს განათლებული თაობა სჭირდება. მინდა მოვიკითხო ყველა, ვისაც ვიცნობ, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვისაც თუნდაც ერთხელ მივსალმებივარ, აუცილებლად დავბრუნდებით, ოღონდ არ ვიცი როდის…

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.