სახელმწიფო, თანადაფინანსების პრინციპით, დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში

0

406_47488_613866_10991405_812037745553970_4218439392809066784_n_650სახელმწიფო, თანადაფინანსების პრინციპით, დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალი სამთავრობო პროექტის-„დანერგე მომავალი” პრეზენტაციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მიზნობრიობა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალი საწარმოების გახსნას, ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, საშუალებას მისცემს მეწარმეებს და ფერმერებს აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია.
„პროექტი მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. ის ითვალისწინებს ორ კომპონენტს – ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, ხოლო მეორე – სანეგრე მეურნეობების მოწყობა… გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის უკვე გაიხსნა ევროპის 500-მილიონიანი ბაზარი და სულ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება იმისათვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე,”-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას, რომელსაც მათ მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაუწევს.
მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო.
ახალი პროექტის დეტალები მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააცნო.
პროექტის- „დანერგე მომავალი” განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგემეურნეობების მოწყობის გზით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


Share.

Comments are closed.