,,ყველაზე დიდი ნოსტალგია ოჯახს უკავშირდება, ძნელია წლების მანძილზე იცხოვრო მათგან შორს“…

0

ქართველები საზღვარგარეთ

10965331_798360433547139_1857148890_nზუსტად ათი წლის წინ  მიატოვა საკუთარი სამშობლო და მას მერე უცხო მიწის შვილად ითვლება. მიუხედავად იმისა,  რომ ერთი სიტყვაც არ ესმოდა იმ ხალხის, რომელ ქვეყანაშიც იყო,  იმედი მაინც არ დაკარგა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ახლა კი საკუთარი კომპანიის მფლობელია და უამრავი ადამიანის „ბოსი“.

რუბრიკა ,,ქართველები საზღვარგარეთ’’ წარმოგიდგენთ ბოლნისელებისთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანს თამაზ ჭითანავას.

– ძალიან რთულია იმის გაფიქრებაც კი, რომ 10 წელია არ გიცხოვრია იმ ხალხის გვერდით, ვინც გიყვარს. ალბათ უამრავი ადამიანისთვის სიურპრიზი იქნება თქვენი გამოჩენა და იმის მოყოლა, თუ როგორ ცხოვრობთ უცხო მიწაზე. რატომ გადაწყვიტეთ წასვლა და წასვლამდე რას საქმიანობდით საქართველოში?

– დავიბადე და გავიზარდე ბოლნიში, ვსწავლობდი პირველ სკოლა-ლიცეუმში, სკოლის დამთავრების შემდეგ 2001 წელს ჩავაბარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც ვსწავლობდი 2005 წლამდე.

2005 წლის გაზაფულზე კი გადავწყვიტე საზღვარგარეთ, კერძოდ ისრაელში წამოვსულიყავი, დროებით საცხოვრებლად. გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებებიც დამეხმარა.

 – როგორ დაიმკვიდრეთ თავი?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა აქაური ცხოვრებისთვის ალღოს აღება და შეგუება. ყველაფერს კი ენის არცოდნაც მირთულებდა. მეგონა აქაც, როგორც საქართველოში, უსაქმური და უმუშევარი ხალხი დამხვდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ისრაელი არის ქვეყანა, სადაც დიდი და პატარა ფუტკარივით შრომობს. დავსახლდი ქალაქ ჰოლონში და დავიწყე მუშაობა ავტოსამრეცხაოში, დღეში 12-14 საათი ვრეცხავდი მანქანებს. გარკვეული დროის შემდეგ ეს სამუშაო მომბეზრდა და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. მალევე ვიპოვე კიდეც ახალი სამსახური რიტუალების დარბაზში, სადაც სამზარეულოში მთელი დღის განმავლობაში ვრეცხავდი ჭურჭელს. პარალელურად  ყვავილების მაღაზიაში ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი ქორწილების, დაბადების დღეების, სადღესასწაულო საღამოების ორგანიზება – გაფორმებას. სამუშაო ძალიან მალე, ადვილად შევისწავლე და გარკვეული დროის შემდეგ  დამაწინაურეს კიდეც, რიტუალების დარბაზში ხელმძღვანელად დამნიშნეს, სადაც  ჩემს დაქვემდებარებაში 100 კაცი იყო.

– როგორც ვიცი ახლა საკუთარი კომპანია გაქვთ.10966618_798360016880514_127906380_n

– პირველ  წარმატებას მეორე მოჰყვა, მივიღე უფრო დიდი  კომპანიის შემოთავაზება, რომელიც 1400 ადგილიან საქორწილო დარბაზს  და  400 კაციან რესტორანს  უწევდა მომსახურებას, გაფორმებას და დიზაინს, რაც უკვე სერიოზული ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიხდებოდა კონტაქტი, რითაც ძალიან მალე გამიცნეს ისრაელში. ყოველდღე ვაკეთებდით მინიმუმ ერთ ქორწილს 500-800 კაციანს და 2- 3 ნათლობას 100-200-400 კაციანს.

2010 წლისათვის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა იმისათვის, რომ საკუთარი ფირმა გამეკეთებინა და ასეც მოვიქეცი, დავაარსე საკუთარი კომპანია. ვმუშაობ მარტო, ყველასგან დამოუკიდებლად, მყავს ჩემი მუშები, მაქვს დეკორაციების საკუთარი საწყობი და ოფისი. დიდი შრომის საფასურად საკუთარ წარმატებულ ბიზნესს ვფლობ, რითაც კმაყოფილი ვარ.

– წარმატებებს გისურვებთ, ეს გარკვეულწილად გამართლებაცაა, ბევრ ემიგრანტს არ უმართლებს ასე. ოჯახი თუ გყავთ?

– მყავს მეუღლე ვიკა, 2013 წლის ზაფხულში დავქორწინდით. ქორწილი ბოლნისში გვქონდა. მეუღლეს ძალიან მოეწონა საქართველო, განსაკუთრებით ქართული კულტურა, სამზარეულო, ბუნება, პატარა ბოლნისი თავისი მჟავე წყლით და ფოლადაურის ხეობით. ცოტახნის წინ შეგვეძინა პირველი ვაჟკაცი, ბენი.

10967078_798360360213813_1256420951_n– ბოლნისურ ოჯახზეც გვითხარით რამე?

– ბოლნისში  მყავს მშობლები ზაური და ლალი ჭითანავები, ძმები – ზამური და დათო,  დები – გვანცა და ნინო, რომლებიც ძალიან მენატრებიან, სულ მინდა რომ აქ იყვნენ ყველა ან მე ვიყო მათთან.

 – ყველაზე ძალიან რა გენატრებათ ქართული?

– ყველაზე დიდი ნოსტალგია ოჯახს უკავშირდება, ძნელია წლების მანძილზე იცხოვრო მათგან შორს. განსაკუთრებით მაინც დედას და მამას გამოვარჩევ. იმიტომ რომ ძალიან  მენატრებიან და მაკლია ორივე. მათ ხომ ათჯერ მეტად ვენატრები, ამაში მას მერე დავრწმუნდი, რაც პატარა შემეძინა და მამა გავხდი.

– დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

– ახლო მომავალში ვგეგმავთ ბოლნისში ცოტა ხნით ჩამოსვლას. საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნება არც გვიფიქრია. მოგვწონს აქ ცხოვრება, დანარჩენს კი უკვე მომავალი გვიჩვენებს.

დარეჯან ოქრუაშვილი

 


Share.

Comments are closed.