„კავკასიური ლეგენდა“ – ფრანკფურტში

0

10484923_841189272587414_2147708613482029574_nრუბრიკაში „ქართველები საზღვარგარეთ“ ბედის საძიებლად წასულ კიდევ ერთ ქართველს წარმოგიდგენთ, რომელმაც უცხო მიწაზე თავის დასამკვიდრებლად საკუთარი ცეკვის სტუდია „ბოლნელი“ ჩამოაყალიბა და უამრავ ქართველ ბავშვს არ დაავიწყა თავისი „ფესვები“, იმ ანსამბლსაც სწორედ ასე ერქვა, სადაც თავად ცეკვავდა და დღესაც აქტიურად აგრძელებს ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას.

გიორგი აბრამიშვილი დაიბადა ქალაქ ბოლნისში 1988 წლის 12 ოქტომბერს, დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა. ცეკვის პირველი ნაბიჯები მერაბ ტოგონიძემ გადაადგმევინა, შემდეგ კი კობა ჟღენტმა ჩამოაყალიბა მოცეკვავედ. გიორგი 10 წელია უკვე ქართველი ლტოლვილია საზღვარგარეთ, ჯერ საბერძნეთში ქალაქ სალონიკში ცხოვრობდა, ამჟამად კი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან მოგვიყვება თავის ამბავს.

_გამარჯობა გიორგი, მოგვიყევი რატომ წახვედი საქართველოდან და როგორ ცხოვრობ უცხო მიწაზე.

_მოგესალმებით, პირველ რიგში მოვიკითხავ ჩემს ბოლნისსა და ბოლნისელებს, ყველა ქართველს. 10 წელია რაც საქართველოდან წამოვედი და როგორც აქაური ქართველები იტყვიან ხოლმე, საკუთარ ფესვებს მოვწყდი. პირველად ბედი საბერძნეთში ვცადე. ჩემს წამოსვლამდე მშობლები წამოვიდნენ. ბებია ბერძენი მყავს და ადვილად გააკეთეს საბუთები. სამი წლის შემდეგ კი მე აღმოვჩნდი სალონიკში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მუშაობდნენ, მინდოდა ჩემი საქმე მეკეთებინა. გადავხედე ჩემს შესაძლებლობებს და რადგან 11 წელი ბოლნისში კობა ჟღენტის ანსამბლში ვცეკვავდი, საბერძნეთში ჩამოვაყალიბე სტუდია, სადაც ქართველი ბავშვები დადიოდნენ. შემდეგ იყო ანსამბლი „ფესვები“, სადაც 70-მდე თითქმის ყველა ქართველი ბავშვი დადიოდა. გვქონდა გასვლები საზღვრებს გარეთ. 2012 წელს ვიყავით საქართველოში, კერძოდ ქობულეთში და რაჭაში. ცეკვა ჩემთვის ყველაფერია და ყველა ღონისძიებაზე, სადაც მიმიწვევდნენ, ქართული იყო თუ უცხოური, მაინც ვიღებდი მონაწილეობას.

_რამდენი წელი იყავი საბერძნეთში და ახლა სად მოღვაწეობ?

_საბერძნეთში 2005 წელს წამოვედი და 2013 წლამდე ვცხოვრობდი. შემდეგ კი გერმანიაში  მთელი ოჯახით: დედა, მამა, ჩემი ორი დაიკო ოჯახებთან ერთად.

_რატომ დატოვეთ საბერძნეთი?337517_196688983797459_1180026765_o

_რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ სამუშაო აღარ იყო. ახლა ვიმყოფებით ფრანკფურტში, დედა – ლამზირა მაღრაძე მუშაობს ქარხანაში, მამა _ თამაზ აბრამიშვილი კი სამშენებლო ფირმაში. მე სამი თვეა რაც ცეკვის სტუდია გავხსენი, ნამდვილად არ ველოდი ამდენი ბავშვის მოსვლას, უკვე სამოცი მოცეკვავე მყავს. ანსამბლს სახელად „კავკასიური ლეგენდა“ დავარქვი, თბილისიდან მოვიწვიე უძლიერესი მოცეკვავე, ანსამბლ „სეუ“-ს სოლისტი ხათუნა კვერენჩხილაძე, რომელიც დამეხმარება და ჩვენ ორივე ერთად მივაღწევთ წარმატებებს.

_ქართველი მოცეკვავეები თუ გყავს?

_კი,  საბერძნეთიდან წამოსული რამდენიმე ქართველი.

_გერმანელები რატომ დაინტერესდნენ ქართული ცეკვით?

_იცით როგორი ბავშვები მყავს? ზოგს ბებია რომ ჰყავს ქართველი, ზოგს დედა, მამა, უმეტესობას კი ქართული ცეკვის სიძლიერე მოსწონს. ახლა ვდგამთ ცეკვებს და ვეცდები ძალიან მალე მივიღო მონაწილეობა სერიოზულ კონცერტში.

_ ჯერ საბერძნეთში, ახლა გერმანიაში, როგორი შეგრძნებაა ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა, არ გიჭირთ?192721_196689230464101_1469298869_o

_გეთანხმები ძალიან ძნელია, მაგრამ საბერძნეთში მივეჩვიეთ, რომ საქართველო ძალიან შორსაა, ამიტომ აქ იმდენად არ მიჭირს, თუმცა ნაცნობები საბერძნეთში უფრო ბევრი გვყავს და ამ მხრივ რთულია, თან მთელი ოჯახი ერთად ვართ, ჩემი დები ოჯახებით მეზობლად ცხოვრობენ. ყველა დღესასწაულს, როგორც საქართველოში, აქაც ისე ვხვდებით. ერთი მიწაა უცხო, თორემ ყურძენიც კი ქართულად დავწურეთ. ჩამოსვლით კი თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ ცოტა ხნით.

_რა მოგწონს გერმანიის?

_ყველაფერი. უძლიერესი ქვეყანაა. ყველა თავის საქმეს აკეთებს და არავინ არავის უშლის ხელს. საქართველოს ვერც შევადარებ, როგორ ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა საქართველოსა და გერმანიას შორის.

_საკუთარი ოჯახი თუ გყავს?

_ჯერ არა, რადგან არ მცალია. ენების სწავლას ვაპირებ, მინდა თავი დავიმკვიდრო და წესიერი სამსახური მქონდეს. მერე ვიფიქრებ აუცილებლად.

-საქართველოში დაბრუნებას თუ ფიქრობთ?

_ ჯერ არა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად. ვფიქრობ, ყველა ქართველი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ მიწას.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply