რას სთხოვს ემიგრანტი გიორგი ტოგონიძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს

0

ქართველები საზღვარგარეთ

ტოგონიძე 5როგორ დაიმკვიდრა თავი შორეულ ამერიკაში შვიდი თვის წინ წასულმა ბოლნისელმა გიორგი ტოგონიძემ, რას საქმიანობს და რას სთხოვს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ამ ყველაფერზე თავად  ისაუბრებს.

– პირველ რიგში მინდა ყველა ბოლნისელს მივესალმო, მოვიკითხო ჩემი ოჯახი, ახლობლები, მეგობრები. შვიდი თვეა რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად. ვცეკვავ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ფესვებში’’ და თან ქორეოგრაფი ვარ. ასევე ანსამბლის ბენდში ვუკრავ ფანდურზე. ძალიან დამეხმარენ ანსამბლის დამაარსებლები ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე, რისთვისაც დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ. პარალელურად  ვმუშაობ ავეჯის დისტრიბუციაში. შევქმენი ხატწერის ახალი  მიმართულება _ Bბარელიეფური   ხატწერა. შევასრულე  მაცხოვრის  ერთი  ხატი და  შევწირე ქართულ ეკლესიას. ჩართული ვარ დიასპორის საქველმოქმედო საზოგადოებაში  და   საქართველოში მიუსაფარ ბავშვებს დღესასწაულებზე ვუგზავნით საჩუქრებს.

–  ესე იგი ქართულ ტაძარში ახერხებთ სიარულს?

– რა თქმა უნდა, აქ მოღვაწეობს მამა სპირიდონი,  რომლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა ჩემმა დაწერილმა  ხატმა და აკურთხა კიდეც. ასევე  მივიღე კურთხევა, რომ ამ სტილში შევქმნა ხატები.

– სწავლობ სადმე?

– ვსწავლობ ინტერიერის დიზაინს. ვამზადებ დეკორატიული კედლის ნიმუშებს. ჯერჯერობით ნიმუშების შექმნის პროცესში ვარ. მომავალში ვაპირებ სუვენირების მაღაზიებთან ხელშეკრულების დადებას და ამერიკული სუვენირების დამზადებას. ამ ყველაფრის განხორციელებისათვის მჭირდება ლეგალური სტატუსი. ჩემი საქმე გადაგზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურში. ანსამბლმა „ფესვებმა“ გააკეთა მოთხოვნა, რომ მომცენ ლეგალური სტატუსი, რათა ლეგალურად ვიმუშაო ქორეოგრაფად.ტოგონიძე 4

– უკვე მიიღე დასტური?

– სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ეს,  საემიგრაციოდან  ასეთი  პასუხი მოვიდა,  როგორც მოცეკვავე 100% ვაკმაყოფილებ სამუშაო ვიზის პირობებს, ხოლო როგორც ქორეოგრაფი, მოითხოვენ რამოდენიმე დამატებით რეკომენდაციას  საქართველოდან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ   გაწეულ  რეკომენდაციას. დაქირავებული მყავს ადვოკატი, რომელიც    ძალიან  ძვირი  სიამოვნებაა აქ.  რაც უფრო გაგრძელდება ჩემი საქმის განხილვა, მით უფრო დიდი ფინანსების გაღება მომიწევს, ამიტომ სასწრაფოდ მჭირდება მინისტრის რეკომენდაცია.

ტოგონიძე 2 – გიორგი შეგიძლია პირდაპირ მიმართო ბატონ მინისტრს თხოვნით, იქნებ მივაწვდინოთ ხმა და დახმარება გაგიწიოთ.

– დიდი მადლობა შანსი რომ მომეცა. ბატონო მიხეილ  გთხოვთ დამეხმაროთ და რეკომენდაცია გამიწიოთ, თქვენს რეკომენდაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი მომავლისათვის. მინდა თავი დავიმკვიდრო სამშობლოდან შორს, შორეულ ამერიკაში. წინასწარ გიხდით  მადლობას. ზაფხულში, ივლისის თვეში მოხდება უპრეცენდენტო შემთხვევა. პირველად ამერიკელი ქართველების ცხოვრების ისტორიაში, საქართველოში ჩამოვა ამერიკაში დაბადებული  ქართველი ბავშვებისაგან შექმნილი ანსამბლი ,,ფესვები’’. კონცერტები უკვე დავგეგმეთ  ქუთაისში, ბათუმში და თბილისში. ძალიან მინდა ანსამბლს წამოვყვე და  საქართველოს  სილამაზე, ღირსშესანიშნაობა,  ყველა ის წვრილმანი, რაც  პატარა ამერიკელმა ქართველებმა არ იციან, საკუთარი თვალით ვანახო და ის ემოცია გადავიტანო ფირზე და საკუთარ ნახატებზე, რასაც სამშობლოს ნახვისას გამოხატავენ. თუმცა, თუ ჩემი საბუთების საქმე მარტის  ბოლომდე არ მოგვარდება, შეიძლება ვერ ჩამოვყვე ანსამბლს, რაზეც ძალიან მეტკინება გული როგორც მე, ისე ანსამბლის ყველა წევრს.

– გიორგი შენს გვერდით ვართ, ნამდვილად იმსახურებ სარეკომენდაციო წერილს, რადგან სულ რამოდენიმე თვეში ამდენ რამეს მიაღწიე. იმედია გამოგივა ეს და ზაფხულში ბოლნისსაც ეწვევი. რა გენატრება ბოლნისური?

– მენატრება  ოჯახი, ახლობლები, მეგობრები. ფეხბურთის ყურება და თამაში, რისი  დროც აქ არ მაქვს. საჭმელი  აბსოლუტურად   ყველაფერია. ორი  რამ, რასაც  აქ  ვერ  ნახავთ  წიწმატი და მერცხალია.

– ქართულ დიასპორასთან გექნება შეხება  საქმიანობიდან გამომდინარე.

– რა თქმა უნდა. ნიუ-იორკში ქართველების დიდი დიასპორაა. საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს  ერთმანეთთან  კვირას,  საღამოობით  ვიკრიბებით, ვუზიარებთ  ერთმანეთს  ჩვენს  ამბებს და ვცდილობთ      ერთმანეთის დახმარებას. უახლოეს  მომავალში ნიუ-იორკში ეწყობა  ჩემი ნახატების გამოფენა. ასევე ჩემი ნახატებით დაინტერესდა ნიუ-იორკის ხატვისა და ქანდაკების  აკადემია,  მიწვეული ვარ, მაგრამ  უსახსრობის გამო  ვერ მივდივარ. მომავალი  წლიდან ვაპირებ  სწავლის  დაწყებას.

– მადლობა გიორგი გულახდილი საუბრისათვის. გისურვებ ყველა შენი გეგმა და ოცნება განგეხორციელებინოს. უფლის წყალობას და ბედნიერებას გისურვებ მეუღლესთან ერთად.

– დიდი მადლობა, რომ გახსოვართ და არ გავიწყდებათ ის საქართველო, რომელიც სამშობლოდან შორს, უცხო მხარეში უფრო დიდია.

დარეჯან ოქრუაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 


Share.

Leave A Reply