„ვერ გეტყვი რამდენჯერ მისეირნია ფიქრებში საქართველოში, ბოლნისის ქუჩები დამივლია და ატირებულს გამიხელია თვალი”

0

ქართველები საზღვარგარეთ10838084_1552428618369559_4361129615801939939_o

,,მინდა უკან დაბრუნება, ტკივილამდე მენატრებით, მაგრამ ადვილი არ ყოფილა’’. რუბრიკა ქართველები საზღვარგარეთ,  წლების წინ საქართველოდან  წასულ და უცხო მიწაზე დამკვიდრებულ, სამშობლოს მონატრებულ ქართველს, ნინო მამარდაშვილს წარმოგიდგენთ.

_ მოგესალმები ჩემო საქართველო, უსაყვარლესო სამშობლო. ძალიან მენატრება შენი ცა და მიწა. მენატრება ჩემი ბოლნისი, მეგობრები, ოჯახის წევრები. მინდა საქართველო ისე გაბრწყინდეს, რომ ყველა ქართველი დაბრუნდეს უკან. მინდა უცხოელებმა აიდგან ქართულად ენა. საქართველო ვალდებულია აღორძინდეს, რადგან უკან დაბრუნებულ ამდენ ქართველს, ასეთი ნამატით, როგორ დაგვიტევს. ეს ჩემი ოცნება და სურვილია და მწამს, რომ აუცილებლად ამისრულდება.

_ რამდენი წელია რაც წახვედი და რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?

_ 2007 წელს წავედი საქართველოდან და უკვე რვა წელია საბერძნეთში ვცხოვრობ. აქვე შევქმენი ოჯახი, მყავს ქართველი მეუღლე და პატარა გოგონა ნათია, რომელსაც მალე ოთხი წელი შეუსრულდება. ნათიამ ქართულად დაიწყო ლაპარაკი, შევასწავლე ქართული ანბანი, ქართული ზღაპრებით იძინებს.  განსაკუთრებით უყვარს წიგნი ჩემი ტკბილი ბებიკო  და წითელქუდას ზღაპარი.

_ საქართველოში თუ ყოფილა ნათია?

_ სამწუხაროდ  საქართველოში ჯერ არ ყოფილა, არ იცის მისი ქვეყნის ტკბილი სურნელი.

_ რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

_ ქალაქ სალონიკში, აქ ჩემი მეუღლე მუშაობს და კარგი ანაზღაურებაც აქვს, მითუმეტეს რომ ამ ქვეყანაშიც არის პრობლემები.

_ ქართველები თუ ხვდებით ერთმანეთს. როგორც ვიცი საბერძნეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს.10672332_1531088713836883_8563526384670851242_n

_  კი, რა თქმა უნდა,  ვთვლი რომ ევროპაში პატარა საქართველოა, საბერძნეთში განსაკუთრებით, ყველა ნაბიჯზე ქართული საუბარი ისმის. ჩემს ირგვლივ ბევრი ქართველი მეგობარი ტრიალებს, მაგრამ ყველას ერთი ტკივილი გვაწუხებს, ჩვენი მშობლები და  მიწა გვენატრება.

_ დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

_ ჯერ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, არ ვიცი როდის დავბრუნდებით, სამწუხაროდ ადვილი არ ყოფილა უკან დაბრუნება. აქ მივყვებით ცხოვრების დინებას,  ბავშვს აქ შევიყვანთ სკოლაში. მინდა სათანადო განათლება მივცე, რასაც საქართველოში ვერ შევძლებთ.

 _ ანუ, არ ფიქრობ დაბრუნებაზე?

_ დაბრუნებაზე ყოველდღე ვფიქრობთ, მაგრამ რეალობა არ გვაძლევს ამის საშუალებას, ტკივილამდე მენატრებით ყველა, განსაკუთრებით ჩემი ოჯახი, რომლებიც მხოლოდ სკაიპის საშუალებით მიყურებენ და ასე იცნობენ ჩემს მეუღლესა და ბავშვს. ეს ძალიან მტკივნეულია ყველასათვის. მართალია ევროპაში ქართველები მუშაობენ და  ოჯახებს ინახავენ, მაგრამ არ არსებობს თუნდაც ერთი ემიგრანტი, ვისი ფსიქოლოგიაც შერყეული არ იყოს ამდენი სიშორისა და მონატრების გამო. ეს ენით აღუწერელი ტკივილია. ვერ გეტყვი რამდენჯერ მისეირნია ფიქრებში საქართველოში, ბოლნისის ქუჩები დამივლია და ატირებულს გამიხელია თვალი. აი ასეთია უცხოეთში მყოფი ქართველების ცხოვრება.

_ წარმატებებს გისურვებ ნინო, უფალს ვთხოვ მალე აგსრულებოდეს ოცნება, დაბრუნებულიყავი სამშობლოში და შენს ოჯახთან ერთად მართლაც გესეირნოს ბოლნისის ქუჩებში.

_ დიდი მადლობა, რომ არ გვივიწყებთ და საშუალებას გვაძლევთ  საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ტკივილი.  მინდა ბოლნისს და ბოლნისელებს კიდევ ერთხელ  გამოგიგზავნოთ სიყვარული, სიკეთე და ბედნიერება გისურვოთ. ჩემს მონატრებულ სამშობლოს კი შევახსენებ გაძლიერდი, ვალდებული ხარ, რადგან უამრავი ქართველი აპირებს დაბრუნებას. ღირსეულად ხომ უნდა დახვდე მონატრებულ შვილებს. მიყვარხარ ტკივილამდე ჩემო ქვეყანავ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply