,,არც ერთ ემიგრანტს არ აქვს სურვილი იყოს ემიგრანტი’’

0

11151052_905721699491730_7561672390579287073_n,,მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, მაინც ქართული ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე ქობულეთიდანაა. ჩვენი ურთიერთობის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო და მალე  დიდ სიყვარულში გადაიზარდა,  ამან განაპირობა ის, რომ შევქმენით თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი’’- ამბობს ემიგრანტი ნუჩი მუშკუდიანი, რომელიც უკვე შვიდი წელია ემიგრაციაში ცხოვრობს და საყვარელი სამშობლო მუდმივად ენატრება. წელიწადში მხოლოდ ერთი თვით სტუმრობს საყვარელ ოჯახს, შემდეგ კი დრო უცხოობაში უსასრულოდ იწელება. და მაინც, ნუჩიმ ქართული ოჯახი შექმნა,  რომელზეც თავად ისაუბრებს:

– მინდა მივესალმო სრულიად საქართველოს,  განსაკუთრებით კი  ბოლნისს და ბოლნისელებს. ცოტა შორიდან დავიწყებ, დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,  გერმანისტიკის ფაკულტეტი. უკვე შვიდი წელია უცხოეთში ვარ. რაც შეეხება ჩემს ევროპულ ცხოვრებას,  გერმანიის  ქალაქ მიუნხენში  დაიწყო. ერთ წლიანი  Au-pair პროგრამით წავედი, ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი ოჯახი  შემხვდა, ერთი წლის შემდეგ ამ ოჯახის დახმარებით ჩამოვიდა ჩემი დაც.  შევიძინე ძალიან საყვარელი და ერთგული მეგობრები, იქ სამი წელი დავყავი. შემდეგ მეგობრებთან ერთად გადმოვედი იტალიაში. თავიდან ქალაქ ბარის პროვინციაში  Castellana Grotte-ში  ვიყავი.  ვმუშაობდი საქორწინო  აქსესუარების მაღაზიაში Alto Livello Divina Sposa, სადაც შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება,  ვიყავი სასიამოვნო და საინტერესო გარემოში.  მიუხედავად ამისა,   სურვილი მქონდა დიდ ქალაქში გადავსულიყავი. ამჟამად  ვიმყოფები ქალაქ მილანში. მაქვს სამსახური და  ვცხოვრობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც ევროპაში გატარებული  შვიდი ლამაზი წელი მაკავშირებს.

– ამბობ ლამაზი წლებიო ნუჩი,  რამდენად ლამაზია  უცხო მიწაზე გატარებული წლები?

– გეთახმებით, მაგრამ ამ წლებმა მეგობრები შემძინა, სიტკბოც მანახა და უამრავი ცრემლიანი ღამეც გამითენა. ემიგრანტობა ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია,   თუ კარგ გარემოში ცხოვრობ და კარგ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. მომწონს უცხოეთში ცხოვრება, ცხოვრების სტილი, მაგრამ ჩემი ქვეყნის ნოსტალგია  მაინც სულ თან მდევს.

– განსხვავება სამშობლოსა და  სხვა ქვეყნებს შორის?11144415_914263555304211_1643704504318688176_n

– როგორც იტყვიან, სამშობლო მხოლოდ ერთია, მაგრამ რომელი ქვეყანაც შვილივით მიგიღებს და ჩაგიხუტებს, არც ის უნდა უარყო და დაკარგო, თუმცა განსხვავება დიდია. აქ  არანაირი შრომა სათაკილო არაა და  სათანადოდაც ფასდება, არიან მოწესრიგებულები და  აქვთ პასუხისმგებლობის დიდი  გრძნობა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ საზოგადოებრივი ფენისა. მაგრამ ყველაფრის  მიუხედავად, ჩვენი საქართველო მაინც სულ სხვაა, სხვანაირი თბილი, სტუმართმოყვარე. მინდა მოვიშველიო ციტატა ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებიდან “თეთრი ბაირაღები“: „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარი გული, ულამაზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“ მე მჯერა, რომ საქართველოშიც გამოსწორდება მდგომარეობა  და დადგება ის დღე, როცა  ყველა დაუბრუნდება საკუთარ კერას. არც  ერთ ემიგრანტს არ აქვს სურვილი იყოს ემიგრანტი.

– სად გინდათ რომ თავი დაიმკვიდროთ და  აპირებთ ჩამოსვლას?

– იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, მაინც ქართული ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე ქობულეთიდანაა. ჩვენი ისტორია  ცოტა უცნაურად დაიწყო, მალე ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა  და ამან განაპირობა ის, რომ შევქმენით თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი…

დაბრუნებას ვაპირებთ რა თქმა უნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც და ჩემს მეუღლესაც გადაწყვეტილი გვაქვს დავბრუნდეთ  სამშობლოში და თავი დავიმკვიდროთ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში.

– უცნაურობაში რას გულისხმობ, სოციალური ქსელით გაიცანით?

– განსაკუთრებულს არაფერს, უბრალოდ მინდოდა ქართული ოჯახი შემექმნა და ქართველი შვილები მყოლოდა, ასეც მოვიქეცი. ვფიქრობ ქართველმა არ უნდა დაკარგოს თავისი დანიშნულება,  მისი უპირველესი მოვალეობაა  სამშობლოს გაუზარდოს თუნდაც უცხო მხარეში, სისხლით, ჯიშით და გენით ქართველები.

– რა გენატრებათ ქართული?

– პირველ რიგში მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ის ადამიანები, ვინც მიყვარს. მენატრება ჩემი პატარა ბოლნისი, სადაც დავიბადე, გავიზარდე. რაც შეეხება კერძებს, ჩემი ოჯახის წყალობით ამის ნაკლებობას არ განვიცდი, რადგან მანებივრებენ  ამანათებით.

დასასრულს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაზეთ ბოლნისის რედაქციას და დიდი სიყვარულით მოგეფეროთ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.