,,აუცილებლად დავბრუნდები, ჩემი სამშობლოს ფესვები მიხმობს“

0

11857546_1768025536757889_1481344836_nთხუთმეტი წელი სამშობლოს გარეშე, ემიგრაციაში გაზრდილი და დაფრთიანებული შვილები, ჯერ საბერძნეთი, შემდეგ გერმანია და სამშობლოში დაბრუნების ფიქრი, რომელიც დღედაღამ არ ასვენებს ბოლნისიდან წასულ ლია ფოცხვერაშვილს. ,,რუსული განათლება მაქვს, შეიძლება ვერ გითხრა კარგად რაღაცეები, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივარ, ვერ აღგიწერ იმდენად მენატრება ჩემი ქალაქი, ჩემი სამშობლო. მიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა, წეს-ჩვეულებები და ქართული უწესრიგობაც კი,’’. ამბობს ჩემი რესპონდენტი და გულდაწყვეტით იხსენებს იმ წლებს, რომელიც სამშობლოს გარეშე გაატარა.

-ჩემი პირველი ვიზიტი საბერძნეთში 1994 წელს შედგა, მაშინ პატარა ვიყავი და ზედიზედ 3 წელი დასასვენებლად ჩამოვდიოდი. 2000 წელს ჩემი მეუღლე უმუშევარი დარჩა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით. ბინაც შევიძინეთ. უფროსი შვილი ლაშა 4 წლის იყო მაშინ, მეორე აქ დაიბადა. ლაშა 5 წლიდან ფეხბურთს თამაშობს, ძლიერი და წარმატებული ფეხბურთელია, უფროსი ლიგის ერთ ერთ გუნდშია. ლუკა 8 წლისაა. ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობთ, საბერძნეთის კრიზისის გამო, ორი წელია რაც ოჯახით საცხოვრებლად აქ გადმოვედით. საქართველოში ყოველ წელს ჩავდივართ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ სამშობლო.

-სად მუშაობ, როგორ ცხოვრობთ?

– მადლობა უფალს, გერმანიაშიც კარგად ვართ, მიუნხენში ქართველები იმდენად ბევრნი არ არიან, როგორც საბერძნეთში. საბერძნეთი პატარა საქართველოა. აქ არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ, მთავარია იმუშაო, ძალიან პუნქტუალურები არიან და შენგანაც იგივეს მოითხოვენ, კანონს და წესრიგს თუ არ დაარღვევ, არ გექნება პრობლემა, კარგი ქვეყანაა.
-შეადარებდი საქართველოს?

-არა, ჩემი ქვეყანა ყველას და ყველაფერს მირჩევნია. ძალიან მიხარია საქართველოში ჩასვლა, ყველაფერი მომწონს, ქართული უწესრიგობაც მომწონს. სიცოცხლის ხალისი ასმაგად მემატება. საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას. სიტუაცია რომც არ დალაგდეს, მაინც დავბრუნდები, მე ვეღარ ვიცხოვრებ სხაგან, ვეღარ ვუძლებ უცხო მხარეში ცხოვრებას.

-მაინც როდის აპირებ ჩამოსვლას?11830074_1768024196758023_105955701_n

-სულ მალე, მე რომ მკითხოთ, დღესვე, მაგრამ ჯერ ჩემს მეუღლე უარზეა, უმუშევარი იყო მანდ და ამის გამო არ უნდა ჩამოსვლა. ხელფასი რომ გვქონდეს ორივეს 1000 ლარი, დღესვე ჩამოვიდოდით.

-რა გენატრებათ ქართული?

– ქართული წეს-ჩვეულებები, თეთრი ქართული სიმინდი მენატრება, ჩვენი მენტალიტეტი ძალიან მომწონს, ქართველი მაინც ქართველია.

11846415_1768024726757970_155096195_n– რა მოგწონს ქართული და რა მოგწონთ გერმანული?

– გერმანელი უქმად დროს არ დაკარგავს, ყველაფერი გათვლილი აქვს, რა, როდის უნდა გააკეთოს. ქართველს იმდენი დრო და თავისუფლება აქვს, ჭამე, სვი, იგრიალე ქართულად. ქართველები მაგრები ვართ. Mმიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეცვლილია საქართველოშიო, მე ამას ვერ ვამჩნევ. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს, თუმცა იქ მარტო მამა მყავს. ჩემი რვა დედმამიშვილიდან ყველა ევროპაშია, მაგრამ მაინც საქართველოში მინდა, მაინც მეძახის ქართული მიწა. მიწის ყივილი მესმის, ქართულ სუნს ვგრძნობ, მინდა ყველა ქართულად საუბრობდეს. ფესვებს მოწყვეტილი არ უნდა ვიყო, რატომ უნდა იზრდებოდნენ ჩემი ქართველი შვილები საბერძნეთში, გერმანიაში, რატომ უნდა მიდიოდეს ამდენი ქართველი უცხო მხარეში და იქ გასაცოდავებულები მონებივით მუშაობდნენ? არ ვიცი რა, მაგრამ აუცილებლად უნდა იღონოს მთავრობამ რაღაც, რაც ქართველებს დააბრუნებს თავის სამშობლოში. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე დავბრუნდები, ჩემი სამშობლოს ფესვები მიხმობს. ყველა ემიგრანტს ვთხოვ დაბრუნდეს და ერთად შევქმნათ რამე ისეთი, რაც გადაარჩენს ქართველობას. მიყვარხართ ძალიან, დიდი მადლობა ბოლნისი.გე-ს და თქვენ, ასეთი კარგი რუბრიკისთვის.

-მადლობა შენ ლია, ასეთი გულანთებული ლამაზი სიტყვებისთვის, დაე ყველა ქართველი დაბრუნებოდეს საკუთარ ფესვებს.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.