„გპირდებით: „თამარიონი“ აღზრდის თაობას, რომელიც ბოლნისს ემახსოვრება“

0

პროფესიონალი

1897982_580723462006053_856980277_n„მოუსვენარი ვარ ბუნებით, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, მინდა სწრაფად მივიღო ის, რისთვისაც ვშრომობ, ამიტომ ერთი თვის გასაკეთებელს ერთ დღეში ვაკეთებ და მთელ გულს ვდებ საკეთებელში, ეს ჩემი ჩვევაა,“ – აცხადებს ანსამბლ „თამარიონის“ დამდგმელი ქორეოგრაფი დავით ჩიხლაძე, რომელიც ერთი წელია  ბოლნისში მოღვაწეობს და უკვე დაიმსახურა უამრავი ადამიანის სიყვარული, შეიძინა ბევრი მეგობარი.  ანსამბლ „თამარიონის“ მოცეკვავე ბიჭუნებს გვერდში უდგას  როგორც მეგობარი და შემდგომ ცეკვის პედაგოგი. რაც დავით ჩიხლაძე ანსამბლის ქორეოგრაფია, თამარ რეხვიაშვილთან ერთად ანსამბლში უამრავი ვაჟი მივიდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რასაც დავით ჩიხლაძეში ხედავენ მშობლები, რომლებსაც მასთან შვილები მიჰყავთ აღსაზრდელად. თუ როგორ მოხვდა დავითი ბოლნისში და ანსამბლ „თამარიონში“ ამას თავად მოგვიყვება.

_ჩემი ბოლნისში მოღვაწეობა ლამაზ ისტორიას უკავშირდება, ჯერ ვიპოვე საყვარული  მეუღლე, ანსამბლ „თამარიონის“ ხელმძღვანელის თამარ რეხვიაშვილის ქალიშვილი ანა, რომელიც ჩემთან ერთად ცეკვავდა ანსამბლ „როკვაში“. ერთი წლის შეხვედრებისა და პაემნების შემდგომ დავქორწინდით, გვყავს პატარა თომა, რომელიც მალე ერთ წლის გახდება.

_ვინ არის დავით ჩიხლაძე?

_ჩვეულებრივი ახალგაზრდა, ქუთაისელი ბიჭი, ახლა უკვე ბოლნისელიც. დავიბადე 1991 წლის 26 მაისს ქალაქ ქუთაისში.  დავამთავრე სკოლა და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი, დამდგმელი ქორეოგრაფის განხრით. სიგიჟემდე მიყვარს ცეკვა. ჩემი ოცნებაა ვიცეკვო სუხიშვილებში.

_ცეკვაში პირველი ნაბიჯები  რა ასაკში გადადგი და ვინ მიგიყვანა ცეკვაზე?

_ექვსი წლის ვიყავი ცეკვაზე დედამ რომ მიმიყვანა, 12 წლამდე ანსამბლ „აიაში“ ვცეკვავდი,მისი დაშლის შემდგომ სხვა ანსამბლში გადავედი  – „ფაფანაკი“ ერქვა, სადაც 15 წლამდე ვცეკვავდი. შემდგომ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და „როკვაში“ გავაგრძელე ცეკვა.

_ვინ იყვნენ ცეკვის პირველი პედაგოგები, გეშინოდა მათი? ცნობილია რომ ცეკვის პედაგოგები ძალიან მკაცრები არიან.12088069_891128597632203_5850077495918720161_n

_პირველი პედაგოგები იყვნენ გია ლიპარიშვილი და მიშიკო გელაშვილი.  მეშინოდა მეტად ვიდრე მიყვარდა. ბევრჯერ მომხვედრია მათრახიც და ჯოხიც, მაგრამ მაინც არასდროს მითქვამს არ წავალ ცეკვაზე, აღარ მინდა ცეკვა და ა.შ.

_შენ თუ ხარ მკაცრი, ეთანხმები იმას, რომ ბავშვს უნდა ეშინოდეს პედაგოგის?

_არა , ბავშვს არ უნდა ეშინოდეს პედაგოგის, მე  წინააღმდეგი ვარ ამის. ბავშვებს ჩემი არ ეშინიათ. ვცდილობ ვიმეგობრო მათთან, რადგან უფრო მეტად ვუყვარდე. მათრახის,  ჯოხის მომხრე არ ვარ და ვერც წარმომიდგენია  ბავშვს ყური ავუწიო ან ისე დავუყვირო, რომ შევაშინო. ეს ჩემთვის მიუღებელია, ბავშვებს სიყვარული უნდა მისცე, რადგან ისინი ორმაგად გიბრუნებენ ამ სიყვარულს. დარბაზში ყოველთვის კარგ ხასიათზე შევდივარ, ვცდილობ დიპლომატი ვიყო თითოეულთან რომ ჩემთან იმეგობრონ.

_რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე მეტად?

_დედას რომ კითხავენ, რომელი შვილი გირჩევნიაო, ასეა ჩემთვის, ყველა ცეკვა მიყვარს, ვცეკვავ ძირითადად სამთიულურო ცეკვებს: მოხევურს, მხედრულს, ხანჯლურს, ყაზბეგურს. ქართული არასდროს მიცეკვია, ვფიქრობდი არ გამომივიდოდა, მე უფრო ტრიუკები მიყვარს, ტექნიკური მოცეკვავე ვარ. ამიტომ ჩემი საყვარული ცეკვაა „ყაზბეგური“, ყველაზე მაგრად ხვდება გულს.

_რატომ ბოლნისი?

_ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მჭირდებოდა ადგილი, საიდანაც დავიწყებდი, ამასობაში დავამთავრე, დავქორწინდი, გაჩნდა თომა და თავისთავად გადაწყდა ბოლნისი. თან „თამარიონის“  ბიჭუნებს სჭირდებოდათ პედაგოგი და დავიწყე ასე.

_ერთი წელია „თამარიონში“ წვრთნი ბიჭებს და საკმაოდ ბევრი ბავშვი მოვიდა თქვენთან, რამ განაპირობა ეს?

_ეს განაპირობა კონცერტმა, რომელზეც საკმაოდ კარგად, პროფესიონალურად შეფუთული 11 ახალი ნომერი გავიტანეთ. ვაღიარებ კონცერტი არ მინდოდა ჯერ-ჯერობით,  მაქსიმალისტი ვარ და ვფიქრობდი რამე არ დაკლებოდა ნომრებს, რადგან ძალიან სწრაფად მოვამზადეთ.

_კმაყოფილი ხარ  ერთწლიანი მუშაობით?

_კი, კმაყოფილი ვარ, უმაგრესი მოცეკვავეები ჰყავს თამრიკოს, კარგად მოდიან ბიჭებიც. მთავარია კონტიგენტი იყოს და ცეკვის სიყვარული, მე მაქსიმალურს გავაკეთებ მათთვის. ხშირად მიკვირს და მაბრაზებს მშობლების მიდგომა, იცით დათო,  გვინდა უბრალოდ ხელი გაშალოს, ქორწილში იცეკვოს. ასე რატომ უდგებით ბავშვის განვითარებას ცეკვაში, მხოლოდ ხელის გაშლა არაა ცეკვა. ბავშვი თუ ცეკვაზე დადის,  უნდა იცეკვოს კარგად. ხოლო შემდგომში თვითონ გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა.

_როგორ ფიქრობ რა არის წარმატების საიდუმლო?

_შრომა, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, თუ შრომა არ უყვარს, ყოველთვის აჯობებს შრომისმოყვარე.

_თვლი თავს წარმატებულ ადამიანად?

_წარმატებას საზომი აქვს, რომ მიაღწევ, არ კმაყოფილდები და კიდევ იბრძვი, ალბათ ვარ, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება.

1780748_580717815339951_1339151565_n_საყვარელი მოცეკვავე?

_თენგიზ სუხიშვილი, პიროვნება, ადამიანი და კაცი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩემთვის.

_ბაძავდი მას?

_უფრო შოთა ჯიშკარიანს და ხვიჩა თეთვაძეს ვბაძავდი.

_საყვარელი წიგნი?

_„დათა თუთაშხია“, უმაგრესია, რომ წავიკითხავ ერთი კვირა მაინც დათა ვარ ხოლმე.

_მწერალი?

_კონსტანტინე გამსახურდია?

_მომავლის გეგმები?

_გავზარდო მაგარი თაობა, ვასწავლო ცეკვა და თავად ვიცეკვო  სუხიშვილებში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ბოლნისსა და ბოლნისელებს ასეთი კარგი დახვედრისთვის,  დიდი სიყვარულისა და მეგობრობისთვის, რომელიც დამანახეს. გვერდში მიდგანან ყოველთვის.  გპირდებით, რომ თქვენს ნდობას გავამართლებ და თაობა, რომელსაც ანსამბლი „თამარიონი“ აღზრდის, ბოლნისს ყოველთვის ემახსოვრება.

                                                                                 დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.