ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ესთეტიკურ და კოსმეტიკურ სალონებში მომუშავე პერსონალისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს ესთეტიკურ-კოსმეტიკურ სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა წარმოადგენდა. მოწვეულ პერსონალს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციაზე; ცნობიერების ასამაღლებლად მათ სახელმძღვანელოებიც გადაეცათ.
მაკა მამარდაშვილი, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი :
– დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში მომსახურე პერსონალს გავაცანით საქართველოს მთავრობის №473 დადგენილება და მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ თითოეული პროცედურის ჩატარების დროს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციური დაავადებები.
მერი ჯაფარიძე, ექიმი პროფილაქტიკოსი:
– ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ესთეტიკურ- კოსმეტიკურ სალონებში დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებით, 2016 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში დაიწყება მონიტორინგი და გატარდება რეგულაციები.
ნონა მერაბიშვილი, სტილისტი:
– დღეს საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, მივესალმები ამ ღონისძიებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციური დაავადებები.
ლიკა ვარდოსანიძე, კოსმეტოლოგი:
– ნამდვილად დროული იყო სალონების მონიტორინგი, ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს ინფექციური დაავადებებისგან.