რა უნდა ვიცოდეთ ტყვიის მავნე ზემოქმედების შესახებ

0

1339671797_nagavsayrelebi_01ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებში: დ.კაზრეთი, სოფელ ბალიჭი, სოფ. კიანეთი, სოფელი ბოლნისი, სოფ. ჯავშანიანსა და სოფ. ძველ ქვეშში მაცხოვრებელ 5 წლამდე ასაკის, შერჩევითი წესით შერჩეულ 21 ბავშვს, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობით ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე.  მიღებული პასუხების მიხედვით, რომელიც დაუბრუნდა თითოეული ბავშვის მშობელს, აღმოჩნდა რომ სისხლში ტყვიის შემცველობა ზღვრულ დონეს არ აჭარბებს.

ინფორმაცია ტყვიის მავნე ზემოქმედების შესახებ!

ტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO)  შეფასების თანახმად ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი  განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიის გარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი, როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვო ქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები. სისხლში ტყვიის დონის შემცირება  ჯერ კიდევ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც  ტყვიის უსაფრთხო დონე ბავშვებში და ფეხმძიმე ქალებში არ არის ცნობილი.

სისხლის ანალიზი ერთად-ერთი საშუალებაა ბავშვის სისხლში ტყვიის აღმოსაჩენად. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტყვიის შემცველ ნივთიერებებთან. მათ ორგანიზმში ტყვიის მტვრისა და ნაწილაკების მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს: სათამაშოები, იატაკი და ფანჯრის რაფა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის ტყვიით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზია საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საღებავი.

  1. როდის გამოვიკვლიოთ ბავშვი ტყვიის შემცველობაზე?
  • საცხოვრებლად გადახვედით ძველ შენობაში ან შეღებეთ საცხოვრებელი სახლი;
  • თქვენი შვილი ხშირად იდებს პირში სხვადასხვა საგნებს და პირით ეხება ფანჯრის რაფას;
  • თქვენს შვილს არ ჩაუტარებია ანალიზი ტყვიის შემცველობის დასადგენად;
  1. როგორ ხდება სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა?

სისხლის ანალიზის ჩატარება ხდება სისხლის აღებით თითიდან ან ვენიდან. ანალიზის პასუხის  დროს, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა არსებობს რიგი ღონისძიებები თქვენი ბავშვის დასახმარებლად.

  1. რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ორგანიზმში ტყვიის არსებობამ ბავშვის ჯანმრთელობას?
  • თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება;
  • ზრდისა და განვითარების შეფერხება;
  • სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევის პრობლემები;
  • სკოლაში დაბალი აკადემიური მაჩვენებელი;
  • დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებელი;
  • სმენისა და მეტყველების პრობლემები;
  • ყურადღების კონცენტრირების შემცირება:
  1. სად შეიძლება არსებობდეს ტყვია ბავშვის ირგვლივ არსებულ გარემოში?
  • ძველ აშენებულ სახლებში უმეტესად გამოყენებულია ტყვიის შემცველი საღებავები;
  • საღებავის დაზიანებით წარმოქმნილი ტყვიის მტვერის ჩაყლაპვა და ჩასუნთქვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისათვის;
  • გარკვეული წყლის მილები შეიცავს ტყვიას.
  • სათამაშოები და სათამაშოს აქსესუარები;
  • ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებული ტკბილეული;
  1. რა ღონისძიებები შიძლება გავატაროთ ტყვიისგან უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესანარჩუნებლად?
  • შეინარჩუნეთ სათამაშო გარემო სუფთად. გარეცხეთ სათამაშოები ყოველკვირეულად; თავიდან მოიშორეთ ძველი და ხმარებიდან გამოსული სათამაშოები და აქსესუარები;
  • გაწმინდეთ მტვერი;
  • გაწმინდეთ ფანჯრის რაფები, ჩარჩოები, კარებები და ადგილები, რომელსაც ეხება თქვენი ბავშვი;
  • ხშირად გაწმინდეთ იატაკი სველი წესით; ასევე გაწმინდეთ ხშირად იატაკი და ხალიჩა მტვერსასრუტით.

–    მოარიდეთ ბავშვი ტყვიაშემცველ ნივთიერებებს;

–    დაიცავით ელემენტარული ჰიგიენური ნორმები:

*  დაბანეთ ბავშვს ხელები ჭამის წინ და ძილის წინ;

* აჭამეთ ბავშვს სუფთა მაგიდაზე;

* არ დაუშვათ, რომ თქვენმა ბავშმა გამოიყენოს საწოვარა, რომელიც იატაკზე  იყო დავარდნილი.

  • ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კვებით ნორმებს და უნარ-ჩვევებს:
  • გამოიყენეთ ცივი წყალი და არა ცხელი საჭმლის მოსამზადებლად. საკვების მიღებამდე ერთი წუთის განმავლობაში მოუშვით წყლის ჭავლი, რათა მილები გაიწმინდოს ტყვიის ნაწილაკებისაგან;
  • კონსერვირებული პროდუქტი გახსნის შემდგომ გადაიტანეთ მინის ან პოლიეთილინის ჭურჭელში;
  • გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. მომინანქრებული ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. სურსათის მოსათავსებლად არ გამოიყენოთ დაზიანებული ჭურჭელი;
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ სარემონტო სამუშაოების დროს.
  • ყურადღება მიაქციეთ გამოყენებულ საღებავებში ტყვიის შემცველობას. მოარიდეთ ბავშვი ისეთ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები;
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო გარემოს.
  • ადამიანები, რომელთა სამუშაო გარემო უკავშირდება მშენებლობას, სანტექნიკას, სამღებრო სამუშაოებს, მანქანების შეკეთებასა და სხვა მსგავს სამუშაოებს ხშირად არიან კონტაქტში ტყვიის ნაწილაკებთან; შეეცადეთ არ მიიტანოთ ტყვიის ნაწილაკები სამუშაო ადგილიდან სახლში.

გარეცხეთ სამუშაო ტანსაცმელი ცალკე.

 ა.ა.ი.პ. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!


Share.

Leave A Reply