ახალგაზრდა ხელოვანის ამბიციური ოცნება

0

,,დღევანდელი დღე ჩემი ახდენილი ოცნებაა, აუხდენელი კი მსოფლიო მასშტაბით ჩემი ნახატების გატანაა და  იმედი მაქვს, ეს დღეც აუცილებლად მოვა“- ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე ლიკა ყაფლანიშვილისთვის ოცნების ახდენა იყო. დაბა კაზრეთის კულტურის სახლის ფოიეში პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხატვის სტუდია ,,პალიტრა-“ს მოსწავლე,  რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია ხატავს,  საკუთარი გამოფენის მასპინძელი გახდა. ლიკა და მისი ხატვის სტუდიის ხელმძღვანელი დიდი სიხარულით ეგებებოდნენ თითოეულ დამთვალიერებელს და ლიკას შემოქმედებას აცნობდნენ,  სადაც ყველა ნახატს თავისი პატარა ისტორია აქვს.

ლიკამ ფუნჯი ხელში 4 წლის წინ აიღო, მაშინ როცა ცეკვის წრიდან წამოვიდა და მოწყენილობამ ხატვაზე  აფიქრებინა,   თუმცა პირველი ნახატი არ ახსოვს,  იცის რომ  იყო ფერადი და გრძნობა საოცარი, რადგან  გამოუვიდა ის, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული.

,, მქონია შემთხვევები  დავიწყე დოქი,   გამომივიდა მამალი , ეს ნახატი დღემდე მაქვს(იცინის). ახლა პორტრეტებს ძირითადად ფოტოდან ვიხატავ და უკვე ვიცი რასაც ვხატავ,   არ მიყვარს ჩემი ნახატების, როგორიც არ უნდა იყოს ის,  დაკუჭვა და გადაყრა, ვინახავ ყველაფერს“. ლიკას ცხოვრებაში იყო პერიოდი, რომ ხატვას ვერ იტანდა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა…

,,ხატვის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ღამეებს ვათენებ დაწყებული ნახატი რომ დავამთავრო,  ამის გამო სკოლაში ძილიც მომრევია,  თუმცა სწავლაში ხელს არ მიშლის“

თავისუფალ დროს  კითხულობს წიგნებს, უყვარს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, ქართველი მწერლებიდან კი ნოდარ დუმბაძეს გამოყოფს  ,, ძალიან მიყვარს კითხვა, კითხვის დროს მიჩნდება წარმოდგენები და იმის მიხედვით ვაგებ ნახატებს, ზოგჯერ არ გამომდის, მაგრამ მიახლოებით მაინც იგრძნობა რაც მინდოდა“

სალვადორ დალი მისი საყვარელი მხატვარია.  ამბობს, რომ მისი სამყარო ძალიან მოსწონს. შესრულებული აქვს 150 მდე ნახატი, რომელსაც სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ტვირთავს და ბევრი შემფასებელიც   ჰყავს, თუმცა მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი  პედაგოგის აზრია, რომელიც  ძალიან უყვარს,   აღფრთოვანებულია მისი ცოდნის დონით ყველა სფეროში და ამბობს,  რომ მის დახელოვნებაში ლომის წვლილი სწორედ ამბროსი ბალახაძეს მიუძღვის. გამოფენის გაკეთების იდეაც დიდი ხანია გაჩნდა,  თუმცა გარკვეული მიზეზების გამო,  ამ დრომდე ვერ მოეწყო.

ამბროსი ბალახაძე, დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელი:

,,ლიკა  ძალიან კარგი, ყურადღებიანი, მუყაითი მოსწავლეა.  შესრულებული აქვს ბევრი ნახატი, მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში,   კონკურსებზე და საკმაოდ წარმატებულადაც.  4 წელიწადში მისი განვითარების დიაგრამას რომ შეხედოთ,  პირველიდან ბოლო ნახატამდე, გაგიკვირდებათ. ლიკას გარდა კიდევ გვყავს ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები,  კლასკომპლექტის უკმარისობის გამო, ბევრი ნიჭიერი ბავშვი გარეთ რჩება გამოფენის გაკეთების სურვილიც გაჩნდა რომ გვინდა გაიგოს საზოგადოებამ დაბა კაზრეთში არსებობს კულტურის სახლი, აქ ცოცხლობს  და   ჩქეფს ხელოვანების და შემოქმედების სული“.

მაკა გოგოლაძე, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის მენეჯერი:

პირველ რიგში მინდა წარმატებები ვუსურვო ლიკას,  ეს მისი პირველი გამოფენაა. აქტიურად ვარ ჩართული ამ ყველაფერში,  რადგან ჩემთვისაც პირველია მსგავსი სახის ღონისძიება,  მინდა წარმოვაჩინო არა მარტო ლიკა,  არამედ ყველა ნიჭიერი ბავშვი გაიცნოს საზოგადოებამ.

პატარა ხელოვანი ძირითადად პორტრეტებზე მუშაობს, უყვარს ასლების გაკეთება, დახატა ბებია  ,,ბებია იმიტომ დავხატე, რომ პირველი ნატურა იყო, არ ვიცოდი როგორი გამოვიდოდა, ახალი დაწყებული მქონდა პორტრეტების ხატვა. ბებიას ძალიან გაუხარდა, აღტაცებული იყო იმიტომ,  რომ ძალიან ჰგავდა მას.“

ჩვენს გმირს არ ჰყავს ბევრი მეგობარი , თუმცა ვინც ჰყავს არიან ერთგულები და ძალიან ძვირფასები მისთვის. ლიკას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მის ოჯახს ეკუთვნის,  ყველაზე ძალიან უყვარს და უფრთხილდება დედას  ,,ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად ის ჩემთვის, ყველაზე მეტად მიყვარს, თუ რამეს მივაღწიე დღემდე მისი დამსახურებაა, დედის პორტრეტი არ მაქვს დახატული და აუცილებლად მექნება“

ლიკას ნამუშევრებმა,  რომელიც ვეფხისტყაოსნის თემაზე ჰქონდა შექმნილი,  სკოლის შიდა კონკურსში გაიმარჯვა და  გეგმავს მიიღოს მონაწილეობა ახალ კონკურსში,  რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

ის  ცხოვრების პროფესიას  და სამომავლო გეგმებსაც  ხატვას და  სამხატვრო აკადემიას დაუკავშირებს,  თუმცა რომელი განხრით,  ჯერ ჩამოყალიბებული არაა.

,,ერთი წლის წინ,  როცა უკვე ასლებზე გადავედი, მივხვდი ეს უკვე სერიოზულად მაინტერესებდა  და მომავალში მხოლოდ ამის გაკეთება მინდოდა. საკუთარი თავით კმაყოფილი ალბათ ვერასდროს ვიქნები, რადგან ყოველთვის უფრო მეტი მენდომება“

ფიქრობს რომ არის ძლიერი და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. უნდა დაეუფლოს ახალ მიმდევრობას,  ჰიპერ რეალიზმს,  ანუ სწრაფვა იდეალურობისკენ,  და ამისთვის ბევრს იშრომებს.  მისი მიზანია  ასევე საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა რომ: ,, დაბა კაზრეთში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომ ის  უბრალოდ  არაა  ერთი პატარა დაბა,    უნიჭო ადამიანებით სავსე“

ნონა ხუზმიაშვილი


Share.

Leave A Reply