ნახატებით მინდა ბუნების სიყვარული გადმოვცე – ჩვენ ხომ ბუნების ნაწილი ვართ

0

 

მოუსვენარი, ენერგიული,შრომისმოყვარე  და ნიჭიერი- ასეთია ახალგაზრდა გურანდუხტ ავქოფაშვილი.

გოგონა, რომელიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. პროფესიით ქიმიკოსი სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული. მისი ჰობი ხატვაა,  უყვარს სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ბუნება, რომელიც ხშირად ხატვის მუზაც გამხდარა, მიუხედავად მცირეწლოვანი შვილებისა, გურანდუხტი ცდილობს სიახლეებს არ ჩამორჩეს, რისთვისაც ბევრს შრომობს. ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც ამერიკაში მიიღო,  ფიქრობს სამშობლოს მოახმარს. სამომავლო გეგმებიც ბევრი აქვს. გაზეთ „ბოლნისის“ სტუმარი სწორედ გურანდუხტ ავქოფაშვილია.

-ვისაუბროთ შენზე,  როგორი ბავშვი იყავი ?

-ჩემ თავზე საუბარი  მიჭირს, მაგრამ ვეცდები გულახდილი ვიყო და ის საინტერესო ფაქტები გავიხსენო,  რაც ჩემს ბავშვობას უკავშირდება. სოფელში ვიზრდებოდი. მორცხვი და ბუტია ბავშვი ვიყავი.    სოფელში ფერმა გვქონდა, მახსოვს როგორ ვეხმარებოდით უფროსებს საქმიანობაში. ხშირად მახსენდება სათივე, მინდორში წამოვწვებოდით და  მთვარეს შევყურებდით მე და ჩემი და. მახსენდება იმ ბალახის სურნელი, რაც იქ ტრიალებდა, რომელიც ჩემში დაუვიწყარ შეგრძნებებს იწვევს და მომავალში ხელოვნების მუზის წყაროც კი გამხდარა.

– მშობლის ფაქტორი სწავლასთან მიმართებაში.

-დედა მართლაც ენერგიული და ჩემთვის მისაბაძი ადამიანია. სწავლით სკოლაში კარგად ვსწავლობდი. დედა მასწავლებელია და არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ დედის ფაქტორი განაპირობებდა ჩემს ხუთოსნობას, რაც  ჩემი შემდგომი მოღვაწეობით დავამტკიცე. მშობლები ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჩვენს განათლებას და ყოველ საღამოს გაკვეთილებს იბარებდნენ. დედას და მამას უმაღლესი განათლება აქვთ, ამიტომ ჩემთვის რამე საკითხი გაურკვეველი არ რჩებოდა. მამას ეხლაც ძალიან უყვარს ახსნა, იმდენს აგიხსნის, სანამ არ გათვითცნობიერდები, სულ გვეუბნებოდა, რომ  „გამეორება ცოდნის დედა“ იყო.

-სწავლის გარდა რითი იყავი დაკავებული?

-ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა, მახსოვს ზაფხულში წავიღებდი წიგნებს ბაღში,  ვიჯექი და ვკითხულობდი, შემეძლო მთელი დღე მეკითხა და ჩიტების ჭიკჭიკი მესმინა, რაც დღევანდელ აჩქარებულ, ქალაქურ ცხოვრებაში, სანატრელი რამაა.  სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი ხატვით და ცეკვით. ერთხელ სკოლაში ძალიან საყვარელი ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარებოდა და გვასწავლიდა ხატვას. მას შემდეგ, მეც ამ მასწავლებლის ხშირი სტუმარი გავხდი, სადაც შევძელი ჩემი მწირი შესაძლებლობების გამოვლენა.

-როდის დაიწყე ხატვა და პირველი ნახატი რა იყო?

– ვხატავ ბავშვობიდან, ჯერ სკოლაში არ დავდიოდი რაღაცეებს ვხატავდი და შემდეგ აღტაცებული მშობლებს ვანახებდი,  ისინიც მაქებდნენ და ეს მაძლევდა სტიმულს, უფრო უკეთესი მონახაზი გამეკეთებინა. პაპა ავთო მხატვარი იყო, მას არაერთი ეკლესია აქვს მოჩუქურთმებული, ის გვანებივრებდა საღებავებით, ფანქრებით, სახატავი რვეულებით, კონკურსებს გვიწყობდა, თუ გავიმარჯვებდით,  გადმოგვცემდა პრიზს და ერთ დღესაც საღებავებით დავსაჩუქრდი, სერიოზული ხატვა სწორედ ამის შემდეგ დავიწყე, პირველი ნახატი მზის ჩასვლის პეიზაჟი იყო, მაშინ ალბათ 10 წლის ვიქნებოდი.

-ძირითადად რითი ხატავ, რა ფერებს იყენებ და რა თემას ირჩევ?

-ბავშვობაში აკვარელის და გუაშის საღებავებს ვიყენებდი.   შემდეგ მცენარეების თესლებს, კენჭებს, მარილს და სხვა მასალებით ვქმნიდი ნახატებს, ამ დროს ფერებს ისე უხამებ საღებავი შეიძლება სრულიად არ გამოიყენო,    ჩემთვის ეს ძალიან უცხო და საინტერესო იყო. თემას რაც შეეხება, ბუნება მიყვარს, ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ფეხით ვიმოგზაურებდი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და ჩანახატებს გავაკეთებდი.

-რისი თქმა გინდა შენი ნახატებით?

– ნახატებით მინდა ბუნების სიყვარული გადმოვცე, რომ ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ და ვერასდროს დავიმორჩილებთ მას. რომ ადამიანი ბოლოს მაინც მარტო რჩება, რაც არ უნდა ბევრი მეგობარი ეხვიოს თავს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს სიმშვიდე, განმარტოება და ფიქრი.

-როგორ უთავსებ ხატვას და ოჯახს?

-ორი შვილი მყავს, უფროსი 4 წლისაა, უმცროსი კი წლის და 9 თვის. როცა სახლში ერთად ვართ,  ვერ ვხატავ, რადგან რამდენჯერაც საღებავს მოვკიდე ხელი, მთლიანი სახლი შეიღება. შემდეგ ვუმალავდი, უფროსმა კი მიაგნო და იატაკი მოხატა. ასე რომ, მათთან ერთად საღებავით  ვერ ვხატავ, თუმცა პასტელებით და ფანქრებით ყოველდღიურად ვერთობით.

-ხატვისთვის  რამე განსაკუთრებული განწყობა და დრო გჭირდება, თუ არა აქვს მნიშვნელობა?  

-ძირითადად საღამოს ვხატავ, როცა ყველას სძინავს და სიწყნარე სუფევს, ზოგჯერ  ვმოგზაურობ ბუნებაში, გამიკეთებია ჩანახატები და შემდეგ ტილოზე გადმომიცია ყველაფერი. განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

– რა პროფეესია გაქვს?

პროფესიით ქიმიკოსი ვარ. ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობ. საქართველოს რეგიონების ეკოლოგიური მდგომარეობის, დაბინძურებული ნიადაგის, ჰაერის და საკვები პროდუქციის შესწავლით ვარ დაკავებული. ეხლა სადოქტორო ნაშრომს ვიცავ, რომელიც ბოლნისის რაიონის დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდას ეხება, იაფი და თანაც მომგებიანი ტექნოლოგიით, უფრო მარტივად რომ ვთქვა, მთელი სადისერტაციო ნაშრომის განმავლობაში, „მწვანე ტექნოლოგიის“ დანერგვას ვცდილობდი სოფელ ბალიჭში, საკუთარ ნაკვეთში, საპილოტე საცდელი მეურნეობაც კი მქონდა მოწყობილი. შემდეგ ნიმუშები ა.შ.შ.-ს ცნობილ უნივერსიტეტებში მქონდა წაღებული და იქ ვახორციელებდი კვლევებს, სამი წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მივიღე ამ უმაღლესი დაწესებულებებიდან (რომლებიც რეიტინგით მსოფლიოს უნივერიტეტების ასეულში არიან) მნიშვნელოვანი ცოდნა და მინდა  საქართველოში გამოვიყენო და დავნერგო ეს ტექნოლოგია.

-ოჯახზეც მითხარი რამე?

მყავს მშობლები, დედას უკვე იცნობთ,    იგი ნატურალურ, თანაც სამკურნალო საპნებს ამზადებს, მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმიანობის განვითარება-პოპულარიზაციაში. მამა  პროფესიით ინჟინერია. მყავს და ძმა. რაც შეეხება ჩემს პატარა ოჯახს, მეუღლე სპელეოლოგია, ისიც გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომელია,  ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. უსასრულო შეხვედრების შემდეგ მივხვდით, რომ უერთმანეთოდ აღარ შეგვეძლო ცხოვრება და ჯვარი დავიწერეთ, ეხლა უკვე გვყავს ორი შვილი,  ბიჭი და გოგო.

-გაქვს განსაკუთრებული ადგილი, სადაც ხატავ?

ამჟამად არ მაქვს ჩემი ოთახი, სადაც მხოლოდ ჩემი ნახატები და სახატავი ნივთები იქნება განთავსებული,  სამომავლო გეგმებში მაქვს ამის განხორციელება.

-როგორ მიიღეს შენი ნახატები შენმა ახლობლებმა და ვისი აზრი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

-ჩემს ახლობებს ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახატები,  უკვირდათ და არ სჯეროდათ, რადგან ასაკით პატარა ვიყავი. მახსოვს მამიდა მეხვეწებოდა. ნახატი მეჩუქებინა მისთვის, მე კი ვერ ვიმეტებდი, რადგან ისეთს მეორეს ვეღარ შევქმნიდი.

-თუ მიგიღია  მონაწილეობა გამოფენებში?

– მიმიღია მონაწილეობა გამოფენებში, თუმცა პერსონალური გამოფენა არ მქონია,  ვფიქრობ, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.

-სამომავლო გეგმებზეც გვითხარით?

-სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია, რომელიც ხატვას, დღევანდელ ეკოლოგიურ პრობლემებს, ოჯახს, საკუთარი ცოდნის რეალიზებას და ჩვენს ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.

_ მადლობა სასიაოვნო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply