უკვდავი ოპერის თანამედროვე ვერსიაში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, ბოლნისელი მომღერალიც მონაწილეობდა

0

ჯერ   პ. ჩაიკოვსკის ოპერაში „ევგენი ონეგინი“ ტატიანას პარტია  შეასრულა, რომელიც სტუდენტისთვის ერთ-ერთი ოცნების ასრულება იყო.  შემდეგ შრომას მოუმატა, თითქმის დღის და ღამის გასწორება ოჯახთან შეათავსა და 100 წლის წინ დაწერილი უკვდავი მუსიკის გაცოცხლებაში შეეცადა თავისი წვლილი შეეტანა. იამზე ურუმაშვილი ჩვენი თანამოქალაქეა, რომელსაც ნიჭთან ერთად საოცრად შეხამებული აქვს შრომისმოყვარეობა, ჯილდოდ კი პირველ ქართულ კომიკურ ოპერაში „ქეთო და კოტე“ მაროს როლი მიიღო. რაც შეეხება თვით სპექტაკლს, ის პირველად 1919 წელს 11 დეკემბერს წარმოდგენილი იყო თბილისის საოპერო თაეტრის სცენაზე, რომელიც მაშინ საზოგადოებისთვის უცნობმა ავტორმა 27 წლის ვიქტორ დოლიძემ  შექმნა.  ალექსანდრე წუწუნავამ კი დადგა და ახალგაზრდა  კომპოზიტორს დიდი წარმატებაც მოუტანა.

„დასრულდა ორთვიანი მოგზაურობა ოპერაში და შვიდი საპრემიერო ჩვენება თავისი ოთხი გენერელური რეპეტიციის ღია ჩვენებით, ყველა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა, რაც პირდაპირ მიუთითებს ვიქტორ დოლიძის ოპერისადმი სიყვარულს და მოთხოვნას“. ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ვახო ხუციშვილი და  მადლობას უხდის მთელს საოპერო დასს. ცნობილი კომედიოგრაფის და დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის  „ხანუმას“ მიხედვით შექმნილ ამ არაჩვეულებრივ პიესას,  გარდა თავისი მუსიკალური ღირებულებებისა, ბოლნისელებისთვის ორმაგი დატვირთვაც აქვს. პირველად, ამ სპექტაკლის არსებობის ასწლიან ისტორიაში, ჩვენი თანაქალაქელი სოლისტად მოგვევლინა,   ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ-სტაჟიორი იამზე ურუმაშვილი. როდესაც იამზემ წლების წინ ამ საოცარ სამყაროში შეაბიჯა და უსმენდა არაჩვეულებრივ შემსრულებლებს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თვითონაც შეძლებდა ამას. ორთვიანი განუწყვეტელი რეპეტიციები ახალგაზრდა მომღერლისთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო. როდესაც გიწევს ურთიერთობა არაჩვეულებრივ შემოქმედებით დასთან, დამწყები მომღერლისთვის ცოტას არ ნიშნავს.

„დიდ მადლობას ვუხდი ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ბადრი მაისურაძეს და სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილეს ქალბატონ ეკა გელაშვილს, რომ მომცეს ასეთი შანსი. ყოველთვის მინდოდა არა მარტო მემღერა, არამედ მეთამაშა კიდეც სცენაზე. ამისათვის დიდი მადლობა რეჟისორს ბატონ ვანო ხუციშვილს, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, ასევე დიდი მადლობა დირიჟორს ბატონ რეზო ტაკიძეს, რომელიც ზეპირად დირიჟორობდა (რაც იშვიათია), და ორიენტირებული იყო ჩვენს უკეთ წარმოჩენაზე. სწორედ ბატონ რეზოს უკავშირდება ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ შრომას დებენ და არ ჩანან, ასევე ჩემს კონცერტმეისტერს ქალბატონ ვიქტორია ჩაპლინსკაიას,  მადლობა ჩემს კოლეგებს, არაჩვეულებრივი იყო მათთან თამამშრომლობა. ვულოცავ მთელს შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას და ვურჩევ ყველას, ნახონ ეს ოპერა და მომავალ თაობასაც აჩვენონ“. განაცხადა ჩვენთან საუბარში იამზე ურუმაშვილმა.

ვიქტორ დოლიძის ოპერას გამორჩეული ისტორია აქვს. ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „ქეთო და კოტეს“ ორი სხვადასხვა დადგმა განხორციელდა (ალექსანდრე წუწუნავას და გიგა ლორთქიფანიძის რეჟისორობით) მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს კი კერძოდ 27-28-31 ოქტომბერს 3-4-6-7 ნოემბერს კი მესამე დადგმის  საპრემიერო ჩვენება გაიმართა. თანამედროვე ვერსიის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი ვანო ხუციშვილი, მხატვარი გიორგი ალექსი მესხიშვილი, ქორეოგრაფია კი ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.

ბელა ონიანი


Share.

Leave A Reply