„ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ ბოლნისელი, პიროვნებადაც აქ ჩამოვყალიბდი“ –  შოთა ადამაშვილის გზა წარმატებისკენ

0

ბრმა ქასთინგი „ახალი ხმა“ და მეგა შოუ „ნიჭიერი“, განსხვავებული გარეგნობა და არაორდინალური ჩაცმულობა – ასე გაიცნო არა მარტო ქართველმა, არამედ უცხოელმა საზოგადოებამ ბოლნისელი მუსიკოსი  შოთა ადამაშვილი, მისი ყველასგან განსხვავებული სტილი და მუსიკალური რეპერტუარი საქართველოდან მე-20-ე საუკუნის ამერიკის დასავლეთ შტატებში გამოგზაურებთ. მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ამერიკაში ჩამოყალიბდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, საქართველოში შემსრულებლებითა და მსმენელთა სიმრავლით არ გამოირჩევა. შოთა და მისი რეპერტუარიც ხალხში სხვადასხვა რეიტინგით სარგებლობს. სპეციალობით ჟურნალისტმა თავისი ნიშა იპოვა, მიაგნო ისეთ მიმართულებას, რაც საქართველოში ახალი იყო. ინგლისური ენაც „ქანთრის“ მუსიკისა და ტექსტების სმენით ისწავლა. დაკვრა და დასავლური მუსიკის მოსმენა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მუსიკოსობაზე არასოდეს უოცნებია. მაშინ როცა „ქანთრის“ მიწისქვეშა გადასასვლელში მღეროდა, მარტო იყო. დღეს უკვე ჰყავს თანამოაზრეები, ჯგუფი, რომელთან ერთადაც სიმღერებს ქმნის და ალბომის გამოცემაზეც მუშაობს. თვლის რომ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოს. არაერთი სირთულე და წინაღობა შეხვდა თუმცა, შეძლო და გადალახა. მისით არაერთხელ დაინტერესდნენ ცნობილი მედია-საშუალებები. „ცოტა მომღერალი თუ გამოიძებნება ვინც შოთა ადამაშვილის მსგავსად მღერის „ქანთრის“. ის ერთადერთია საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზეა“. ნათქვამია BBC მიერ მომზადებულ მასალაში.

ჩვენ მოგიყვებით ბოლნისელ ახალგაზრდაზე, რომელმაც კარიერა მიწისქვეშა გადასასვლელში დაიწყო და თავისი ადგილი უკვე იპოვა.

„17 წლამდე ბოლნისში ვიზრდებოდი, არანაირი მუსიკალური განათლება არ მქონია და არც ინსტრუმენტს ვფლობდი, თუ არ ჩავთვლით წრეებს, რომელზეც ძალიან ცოტა ხანს დავდიოდი. ქართულ ხალხურ სიმღერებს განსხვავებული კომპონენტები სჭირდება. გული ვერ დავუდე, ასევე თავი მალევე დავანებე ნაციონალური ცეკვის წრეს. მუსიკალურ კარიერაზე არ ვფიქრობდი და ამ კუთხით არ მქონდა დაგეგმილი ჩემი ცხოვრება. სპორტი მიტაცებდა, განსაკუთრებით ფეხბურთი. ვიცოდი მხოლოდ ნოტების კითხვა და კომპოზიციებს ვასრულებდი, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წავედი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბავშვობაში დასავლურ მუსიკას სიამოვნებით ვუსმენდი.  მეგობარმა  მათხოვა დისკი, სადაც ჩაწერილი იყო The Beatles-ის ყველა ალბომი, ასევე Bob Dylan-ის კასეტა, რომელსაც ბოლნისში მეზობლის მაგნიტოფონში ვუსმენდი, ვეზიარე სხვადასხვა ჟანრს და ნელ-ნელა ვიპოვე ჩემი თავი, დიდ ქალაქში მეტია განვითარების შანსი, ჟურნალისტიკის ბოლო კურსზე რომ ვიყავი, გადავწყვიტე მუსიკის მიმართულებით წავსულიყავი და პროფესიად ეს მექცია. ვოკალურად ჩამორჩენილი ვიყავი,   ხმის ტემბრიც დასამუშავებელი მქონდა, არც ჩემს ახლობლებს ჰქონდათ რწმენა, რომ ამ კუთხით რამე გამომივიდოდა.

-სპეციალობა მეორეხარისხოვანი გახდა შენთვის და პერსპექტივა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრა იყო, როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება შენმა ახლობლებმა.?

-დედაჩემი ჩემს გადაწყვეტილებაზე მეუბნებოდა, რომ იქნებ ეს შენი ჰობი იყოს და ჟურნალისტიკაში დარჩეო. ზოგს ვეცოდებოდი, ჭკვიანი ბიჭია და მენანება მარტო გიტარის და მუსიკისთვისო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  საქართველოში უყვართ მუსიკა, მაგრამ მუსიკოსობა არასერიოზულ პროფესიად მიაჩნიათ. მინდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. საქართველოში დღემდე, ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდებიც კი ფიქრობენ, რომ ხელოვნებით ფულს ვერ იშოვი.  ვფიქრობ მთავარია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს.

-და ამ კუთხით როგორ მოხდა შენი განვითარება?

-დავიწყე ვოკალის გაკვეთილებზე სიარული, დღემდე ვვითარდები, ვუკრავდი ქუჩაში,  მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბარებში. ნელ-ნელა ავიდგი ფეხი ამ სფეროში. შემოსავალს რაც შეეხება არასტაბილურია, თანაც არც ისე დიდი. ვისწავლე გიტარის დაკვრაც, ჩემს თავს ვუწევ აკომპანიმეტს, ხმა შემეცვალა, დამეხვეწა. არ ვთვლი, რომ ყველა მუსიკოსს ამ კუთხით უნდა ჰქონდეს თეორიული განათლება. საქართველოში ძალიან ჭირს ჩემი მიმართულებით თავის დამკვიდრება, ხშირი არ არის კონცერტები, ყოველდღიური დაკვრით კი იზრდები, იღებ გამოცდილებას, არ დუნდები.

-როგორც ვიცი, თავადაც წერ სიმღერებს, როდის დაიწყე წერა და რატომ „ქანთრი“ ? ასევე გყავს ჯგუფი.

-ვქმნი საკუთარ მუსიკას, „ქანთრი“ მუსიკისგან განსხვავებით  აბსტრაქტულ თემებზეა ორიენტირებული, არის ძალიან ცხოვრებისეული, თავისუფალი, გულწრფელი. ინგლისურ ენაზე ვწერ და ამ ენას აქვს თავისი მოქნილობა. ახლა ვცდილობ ცოტა ამოვიწიო და კლასიკური „ქანთრი“-დან  თანამედროვეზე გადავედი.

დღეს რამდენიმე სიმღერა მაქვს, რომელსაც დასრულებული ფორმა აქვს. ჯგუფთან ერთად ვმუშაობ საავტორო მუსიკაზე. 2015 წელს დავიწყეთ დუეტმა მუშაობა, 2017 წელს კი ბენდი შევქმენით, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. მე და ჯგუფის ერთმა წევრმა ევროპის მასშტაბით გამართულ მუსიკალურ ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩვენი მუსიკა გავაცანით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის მსმენელს. ეს ძალიან პროდუქტიული იყო, ევროპაშიც კი რთულია ამ ჟანრით წარმატების მიღწევა. ჯგუფთან ერთად ვაპირებთ შევქმნათ მუსიკალური ვიდეო-რგოლები.

-შენ იღებდი ისეთ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობას, როგორიცაა „ახალი ხმა“ და „ნიჭიერი“, რა შეიცვალა შენში?

-სატელევიზიო კონკურსებში მონაწილეობა გვეხმარება მუსიკოსებს გავიზარდოთ და სიახლეები შევიძინოთ. „ნიჭიერს“ რაც შეეხება, ძალიან ხანმოკლე იყო და წარმატებასაც ვერ დავარქმევდი. „ახალ ხმას“ კი შედარებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოებისგან მასშტაბური მოწონება წამოვიდა, მეტი გამოცდილებაც შევიძინე. დიდი წარმატება იყო ჩვენთვის, როცა კავკასიის დაჯილდოება მოვიგეთ, ჯგუფთან ერთად საკუთარი მუსიკით გარკვეული პლატფორმები დავიკავეთ. ეს ძალიან გამიხარდა, საკუთარი თავის რწმენა მომემატა, გარკვეულ პუბლიკას მოეწონა და შესაბამისი აღიარებაც მოიპოვა.

-კმაყოფილი ხარ შენი არჩევანით?

-პროფესიული არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ, სიმღერა ჩემი ცხოვრებაა, რაშიც თავს ყველაზე მეტად გამოვხატავ. საკუთარი მუსიკით კი ჩემი სათქმელი მსმენელამდე მიმაქვს.

-ოჯახზეც გვითხარი, შენი დედ-მამიშვილები აქტიურობით გამოირჩევიან, მღერიან შენი ძმებიც, ეს გენეტიკურია?

-მუსიკალური ნიჭი ნაწილობრივ დედაჩემისგან გამოგვყვა. დღეს მე და ჩემი უმცროსი ძმა ვართ მუსიკის სფეროში, ის განსხვავებული ჟანრით ცდილობს საზღვარგარეთ კარიერის აწყობას. ხშირად არ ვართ ოჯახი ერთად, რადგან მშობლები ეკონომიკური ფონის გამო იტალიაში წავიდნენ, თუმცა ძალიან ენატრებათ ბოლნისი და საბოლოოდ ცდილობენ შეიქმნან ის ნიადაგი, რითაც დაბრუნდებიან და იცხოვრებენ საქართველოში. მხოლოდ ჩემი ერთი ძმა, თორნიკეა ბოლნისში, რომელიც ალტერნატიული კულტურის განვითარებითაა დაკავებული.

-შენს მსმენელს და ბოლნისელებს რას ეტყოდი?

-უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ქალაქში არ მაქვს ამ მიმართულებით გასაქანი, ინტერესი ძალიან დაბალია. დიდ ქალაქებშიც კი ძნელია თავის დამკვიდრება, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ ბოლნისელი, პიროვნებადაც აქ ჩამოვყალიბდი.

ბოლნისელებს ვეტყოდი, რომ ოცნებების ასრულებაზე უარი არ თქვან, რაც არ უნდა დიდი წინაღობა შეხვდეთ. მეტი ინიციატივა გამოიჩინონ, დალევის და მოწევის გარდა ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს, საკუთარი ქალაქი  თავად უნდა გააცოცხლონ.

-პირად ცხოვრებაზე გვიამბე, ვფიქრობ საინტერესო იქნება შენი მსმენელისთვის.

-დაოჯახებას არ ვგეგმავ, ვინაიდან ეს იქნება კარიერის დასასრული, პროფესიული საქმით ვარ დაკავებული, მივდევ სპორტს, საბრძოლო ხელოვნებას, რომ არ მოვდუნდე, თან სპორტის ეს სახეობა მეხმარება შევახსენო საკუთარ თავს, თუ რა რთული ეტაპების გავლა გვიწევს ცხოვრებაში.

პ.ს. ენერგიული, შრომისმოყვარე მუსიკოსი შოთა ადამაშვილი  ალბომის ჩაწერაზე მუშაობს, სადაც ჯგუფთან ერთად შესრულებული 10-12  სიმღერა შევა. ამ ეტაპზე სიმღერების დახვეწითაა დაკავებული, ასევე ემზადება საზღვარგარეთ ტურნეებისთვის, მისი ოცნებაა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და საკუთარი მუსიკის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply