ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახდა

0

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახდა.

აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე – „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს ჯილდო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადასცა.

კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ჩაერთო, სადაც მონაწილეობას იღებდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილმა პროექტმა ჟიურის მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელმაც დაგვანახა საკუთარი შესაძლებლობები, რაც გამოყენებული იქნება ადგილზე ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ კონკურსმა მოგვცა საშუალება საკუთარი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გავუზიაროთ, რაც ვფიქრობთ, რომ მათი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply