ჰარმონიულად შერწყმული პედაგოგობა და ხელოვნება, რომელიც ერთ მთლიანს და უნიკალურს ქმნის

0

წარჩინებული მოსწავლე, ვერცხლის მედალოსანი, სკოლას სულ რამდენიმე წელში პედაგოგის ამპლუაში უბრუნდება და საკმაოდ წარმატებულადაც. მუშაობის დაწყებიდან ერთ წელში სერთიფიცირებულიც გახდა და მალევე უფროსი მასწავლებლის ტიტულიც მოიპოვა. ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი ნონა პაპაშვილი მუშაობის სულ რამდენიმე წელს, არაერთ დიპლომს და სიგელს ითვლის. „№3 საჯარო სკოლიდან რაჭისუბანის საშუალო სკოლაში გადავედი და იქ დავამთავრე, ძალიან გამიმართლა, რადგან აღმოვჩნდი ელზა მასწავლებელთან. თუ რამე ვიცი, ორივე სკოლის დიდი დამსახურებაა. სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, რადგან ინგლისურის პედაგოგმა 9 ქულა დამიწერა, თუმცა ამ დროისთვის უკვე კავკასუს აკადემიის ცენტრში ინგლისური ენის კურსი გავლილი და სერთიფიკატიც აღებული მქონდა, მაგრამ დღეს თითქოს სიმბოლურია, იმან გამიფუჭა ქულა, რისი პედაგოგიც ვარ. ზოგჯერ მასწავლებლებიც სცოდავენ, რადგან იმ 9-იანის გამო ოქროს მედალი ვერ ავიღე“. ნონა პაპაშვილმა ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაამთავრა და მე-9 კლასიდან, სკოლის პარალელურად, მუსიკალური განათლების გასაღრმავებლად, სწავლა განაგრძო ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. საჯარო სკოლის ვერცხლის მედალოსანმა ჩააბარა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე და მოიპოვა 50% გრანტი. მეორე კურსიდან დაიწყო მუშაობა საჯარო სკოლაში. სწავლას, მუსიკას და მუშაობას პარალელურ რეჟიმში ახერხებდა და თითოეულ მათგანში ძალიან წარმატებული იყო. ამასთანავე მუსიკალური განათლება განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც გასულ წელს წარმატებით დაასრულა. „უნივერსიტეტში და მუსიკალურში სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა, გადასახადს თავად ვიხდიდი და ეს ძალიან მახარებდა. კარგად შევათანხმე სკოლა და უნივერსიტეტი, რისთვისაც დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მზია დანელიას, გაკვეთილები მქონდა დილით და მერე უნივერსიტეტში გავრბოდი“. საკუთარ სკოლაში, საკუთარ მასწავლებლებთან დღემდე მოსწავლესავითაა. „მე დღესაც მოსწავლესავით ვარ ჩემს მასწავლებლებთან, ისევ ისეთი მორიდება, მოსწავლეობის დროინდელი დამოკიდებულება და მოწიწება მაქვს, ამის გამო სულ მსაყვედურობენ’’ მზია დანელია, №3 საჯარო სკოლის დირექტორი: -ნონა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე იყო, რაც მისი მშობლების დიდი დამსახურებაა. ის საუკეთესო ადამიანი და პედაგოგია. სულ რამდენიმე წელია სკოლაშია. პირველი სასწავლო წლის ბოლოს სასერთიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა და მეორე წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის წოდებაც მიიღო. გარდა ამისა, მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებში და ბავშვებიც აქტიურად ჰყავს ჩართული. მათი არაერთი სერთიფიკატი გვაქვს. მისმა მოსწავლეებმა საუკეთესო ქულები აიღეს უმაღლეს სასწავლებელში, ვამაყობ მისით და თამამად გეტყვით, რომ ნონა ინგლისური ენის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგია ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ის ძალიან მუსიკალურია, ასევე აქვს კარგი ნამუშევრები, რომლებიც არაერთ გამოფენაზე გამოიფინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. უაღრესად განათლებული, ჭკვიანი, კეთილი და მუდამ მომღიმარი პედაგოგი სულ სიახლეების ძიებაშია და მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს. აქტიურად ეცნობა ყველა იმ პროექტს, სადაც შეიძლება მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს. „ძალიან მინდა რაღაც კარგი გავაკეთო ჩემი მოსწავლეებისთვის, რათა მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ყველა აქტივობაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, მითუმეტეს, თუ ოჯახში 2 ბავშვია. ჩატარდა კინგსის უფასო ტური, სამწუხაროდ ბევრმა მაინც ვერ მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 3 ბავშვი წავიყვანე და გადავედით მე-2-ე ტურში. ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს, ვცდილობ ყველანაირად წავახალისო და ხელი შევუწყო. მინდა რაც აკლიათ, შევუვსო, ხან გამოდის, ხან არა. სულ ვეუბნები მათ, რატომაც არა, ჩვენ ბევრი შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ“. მცნება პედაგოგი ერთგვარად ასოცირდება მაღალი ზნეობის, დიდი ინტელექტის მქონე ადამიანთან, რომელზეც დამოკიდებულია მომავალი თაობების ღირსეული აღზრდა და ეს მცნება ახალგაზრდა პედაგოგმა კარგად გაითავისა. არიან ან ძალიან მაგარი პედაგოგები ან ხელოვანები, ამ ერთ ადამიანში ეს ორი უნარი ისე ჰარმონიულადაა შერწყმული, ერთ მთლიანობას და გენიალურს ქმნის. თვითნასწავლმა ხელოვანმა დაიწყო სულ მცირედით, თოჯინების სამოსის კერვით და დღეს მისი დიდი გემოვნებით, ოსტატობითა და განსხვავებული მანერით, ხასხასა, ბრჭყვიალა ფერებში შესრულებული ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებს. „ყველაზე ძალიან რაც ბავშვობიდან მიყვარდა, კერვა იყო, ვკერავდი თოჯინების ტანსაცმელს, ხშირად ვკარგავდი ნემსებს და ამისთვის მეჩხუბებოდნენ. ერთხელ დედა ისე გავაბრაზე, ეს ჩემი ნაწვალები, შეკერილი ტანსაცმელი ცეცხლში შემიყარა, არც დავფიქრებულვარ ისე შევყავი ხელი ღუმელში და გამოვიღე. შემდეგ ცოტა ხანი მოსწავლეახალგაზრდობის სახლში ვიარე ხელსაქმეზე, ისიც დაიხურა, თუმცა არ შევეშვი საყვარელ საქმეს, დავიწყე მარტივით და დღემდე ღამეებს ვათენებ და ვმუშაობ. წყლით, ჯვრებით, ალმასებით და ლენტებით ქარგვა ეს ის მიმდინარეობებია, რომლითაც დაკავებული ვარ დღემდე“. ნონას თბილ სახლში მისი ნამუშევრები კიდევ უფრო დიდ ემოციას იწვევს. ბუნების პეიზაჟები, ხასხასა ყვავილები, ქალის სილუეტები და პორტრეტები, ლამაზ, გარდამავალ ფერებში შექმნილი დროის შეგრძნებას გაკარგვინებს და ფერად სამყაროში გამოგზაურებს. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. როგორც თავად ამბობს, რაც უკვე შექმნა, ვერ გაიმეორებს, უდიდეს შრომას დებს და ძალიან ძვირფასია მისთვის. ერთ-ერთ სიუჟეტურ ნამუშევარს „ცხენები“ განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის ნემსითა და ფერადი ძაფებით 2 წლის განმავლობაში იქმნებოდა. „2 წელი იმიტომ დამჭირდა, რომ არ მქონდა ძაფების ყიდვის საშუალება, ყოველდღე მიწევდა თბილისში სიარული უნივერსიტეტსა თუ მუსიკალურში, თუ იყო ისეთი დღე, რომ ოჯახის ახლობელი გამიჩერებდა და წამიყვანდა, იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი. დაზოგილი თანხებით ფერად ძაფებს ვყიდულობდი. ასეთი წვალებით მაქვს გაკეთებული და ზოგჯერ ვინმე რომ მკითხავს, არ გეზარება? ან მაჩუქე რა, ძალიან ვბრაზდები. მუშაობა, რომ დავიწყე ნამუშევრები ჩავსვი ჩარჩოებში, რომ არ დამტვერილიყო ან დაზიანებულიყო“. მის წარმატებაში ოჯახის (დედა, მამა, და) განსაკუთრებით დედის დიდი ღვაწლია, ფილოლოგმა ქალბატონმა უარი თქვა საკუთარი თავის რეალიზებაზე და მთელი ენერგია შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვას მიუძღვნა. ლელა ბაიდარაშვილი, ნონა პაპაშვილის დედა: -როგორც ყველა ნორმალური მშობელი, რომელიც დაინტერესებულია შვილების კეთილდღეობით, შეძლებისდაგვარად წარმატებული მომავალი შეუქმნას, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ორივეს ნორმალური პროფესიები ჰქონოდათ, ეს იყო არა მარტო ჩვენი ძალისხმევა, არამედ მათი – ელისოს და ნონას დიდი მონდომება, ორივე იყო სტიპენდიანტი. ღმერთს მადლობა, რომ დაგვიფასდა გაწეული შრომა, თავიდან რომ იწყებოდეს ეს ყველაფერი, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი, რადგან განათლების ფასი არაფერია და მისთვის გაწეული შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ნონა ბავშვობიდან იყო ბეჯითი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე. უყვარდა და ეხერხებოდა ნემსის და საქსოვი ჩხირების ხმარება. თვითნასწავლია, თავიდან დაიწყო ჯვრების ქარგვა, შემდეგ წყლით. სულ ახლის ძიებაში იყო. დროის ფასი იცის და წუთს არ კარგავს. შემდეგ დაიწყო ალმასებით და ლენტებით ქარგვა. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს თავისი საყვარელი საქმე აკეთოს. ქარგავს გვიან ღამით, ხშირად დასთენებია კიდეც. ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის განტვირთვის და დასვენების კარგი საშუალებაა. თითოეული ნამუშევარი მისთვის იმდენად ძვირფასია, რომ ამბობს ვერანაირ ფასად ვერ შეველევიო. ოჯახში ყოველთვის აქვს პირობები იმისთვის, რომ საყვარელი საქმე აკეთოს. მხოლოდ მაშინ ვსაყვედურობ, როდესაც ღამეებს ათენებს ქარგვაში. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემი ნონას შემოქმედებით. როგორც რესპოდენტთან ერთად გამოვთვალეთ, ნონამ მუსიკალურ განათლებას 17 წელი მიუძღვნა. ინსტრუმენტთან მეცადინეობისთვის ძირითადად ღამის საათებში იცლიდა. ხმას უხშობდა მესამე პედალით, აფარებდა პირსახოცს, რომ მეზობლები არ შეეწუხებინა. ,,დიდი მადლობა ჩემს მეზობლებს რომ მიძლებდნენ, ვცდილობდი მაქსიმალურად დამეხშო ხმა და არ შემეწუხებინა არავინ. დილის საათებში არასდროს მეცალა, რადგან ყოველი წუთი დაგეგმილი მქონდა“. ახალგაზრდა ხელოვანის სამომავლო გეგმები შეჩერებულ პროექტს უკავშირდება ,,ჩვენს სკოლაში მოგებული პროექტის ფარგლებში ვასწავლიდი ქარგვას და ძაფებით თოჯინების შექმნას, ზუსტად ერთი სემესტრი ვისწავლეთ და პროექტიც შეჩერდა. მიუხედავად ამისა, მინდა ამ ბავშვების ნამუშევრები საზოგადოებამ ნახოს და შეაფასოს. რამდენიმე მათგანი დასასრულებელია, შემდეგ ჩავსვამთ ჩარჩოში და ერთ მშვენიერ დღეს მინდა გამოფენაც მოვუწყო, რაც ამ საქმით დაინტერესებული ბავშვებისთვის ერთგვარი სტიმული იქნება. ეს ჩემი დიდი სურვილი, ოცნება და სამომავლო გეგმებია“. -ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, მიულოცეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს. -გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2019 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. გისურვებთ, ღიმილიან და ბედნიერ სახეებს, გულიდან ამოხეთქილ სიცილს, ინტელექტი არ დაკარგულიყოს. შრომა შეგვყვარებოდეს, ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული შეგვძლებოდეს. თითოეული ახალი წელი ახალი შანსის გამოყენებაა. ეს ახალი შესაძლებლობაა, რომ მივუტევოთ ერთმანეთს, მოვიქცეთ უკეთ, გავაკეთოთ მეტი, გავცეთ მეტი და გვიყვარდეს მეტად… ერთად ვიყოთ, ერთმანეთის გვესმოდეს. გულშემატკივრობის არ შეგვრცხვენოდეს, თანადგომა შეგვძლებოდეს. ბარაქა ყოფილიყოს ყველა ოჯახში. ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგვისრულოს. საქმეზე, ბავშვებზე, მუსიკაზე და ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანის, წარმატებული პედაგოგის უანგარო დამოკიდებულება მომავალ თაობებს აუმაღლოს ცოდნის დონე როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში, უშედეგოდ არ ჩაივლის და იმედია, მისი აღზრდილებიც ისეთივე წარმატებულები იქნებიან, როგორიც მათი პედაგოგია. პ.ს. ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. სანიმუშო მოსწავლე, ინგლისური ენის უზადო მცოდნე, მუსიკოსი, სახელმწიფო კონსერვატორიის წარმატებით გავლილი კურსი, შემდეგ ქარგვა და ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშების შექმნაზე გათენებული ღამეები, თოჯინებისთვის ლამაზი კაბები და პარალელურ რეჟიმში სასერთიფიკატო გამოცდები – აქაც წარმატება. ნონა პაპაშვილს წარმატება თანსდევს. ის ცხოვრებამ დააჯილდოვა ნიჭით, რომლის რეალიზებაც ძალიან რთული გზით მოახდინა, ის დღეს მომავალ თაობას ემსახურება, მას გვერდში უნდა დაუდგეს სკოლა, მშობელი, სრულიად ერი და ბერი, რადგან დეფიციტად ქცეულ განათლებას, მის მიერ ანთებულმა კელაპტარმა გზა გაუნათოს.


Share.

Leave A Reply