მარიამი პატარა ასაკშივე მიხვდა, რომ მომავალში აუცილებლად დაეხმარებოდა ბავშვებს და მათ ცხოვრებას ფერადს გახდიდა

0

    სოფელ რატევანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, მხიარული და ენერგიული მარიამის ლაღი და ოცნებით სავსე ბავშვობა უფროსი ძმის გარდაცვალებამ შეცვალა, დაიწყო რთული პერიოდი, უემოციო დღეები და სიმარტოვე, გაუცხოვდა ყველასგან და ყველაფრისგან, რაც მის ცხოვრებას დიდხანს გაჰყვა, პატარა ასაკშივე მიხვდა, რომ დაიკარგა, სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მომავალში აუცილებლად მასავით დაკარგულ პატარებს დაეხმარებოდა და მათ ცხოვრებას ფერადს გახდიდა. დღეს ბედნიერია, იპოვა საქმე, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს, მუდამ სიახლეების ძიებაში მყოფი ცდილობს გაიზარდოს და საკუთარი ცოდნა სხვებს მოახმაროს. „გაზეთი ბოლნისის“ სტუმარი პროფესიით ფსიქოლოგი მარიამ ტატუაშვილია.

  ძალიან მიყვარს ბუნება და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.  სოფლის განაპირა სახლში ვცხოვრობდი, სადაც  წიწვოვანი ხეებით ხელოვნურად გაშენებული პატარა გორა იყო – ჩვენი თავგადასავლების ადგილი. ჩვენში ვგულისხმობ  იმ ბავშვებს, რომლებიც  უბანში გაიზარდნენ. ისინი ჩემზე დიდები იყვნენ და მალევე თბილისში წავიდნენ სასწავლებლად.  მარტო მე და ჩემი ძმა დავრჩით, რომელიც მუდამ მეგობარ ბიჭებთან იყო ხოლმე.   ეს პაწაწინა ტყე  ჩემი თავშესაქცევი გახდა და ხშირად ვსტუმრობდი მას. სწორედ აქ დავწერე  პირველი ლექსი კურდღელზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების თავგადასავალზე ყვება.

-მარიამ, გვიამბე შენს ბავშვობაზე, ოჯახზე.

    – როცა ჩემ ბავშვობაზე ვყვები,  ვიწყებ იმით, რომ ერთი წლის 21 კილო ვიყავი,   სურათიც თუ თან მაქვს, დიდი სიყვარულით ვაჩვენებ ხოლმე მსმენელს. არ ვიცი ასე ძლიერ რატომ მიყვარს ჩემი ცხოვრების ეს პატარა დეტალი, მაგრამ…

        სოფელ რატევანში დავიბადე, ერთ დიდ, მოსიყვარულე ოჯახში ვცხოვრობდით ხუთი დედმამიშვილი, დედ-მამა და პაპა-ბებია.

       დედაჩემი შესანიშნავად მღეროდა, ძალიან მიყვარს მასზე ლაპარაკი. სწორედ მან მასწავლა სიმღერა, რასაც ბავშვობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. კალთაში დამისვამდა ხოლმე და ასე მასწავლიდა სიმღერას.დედა ლექსებს წერს და ძალიან ვამაყობ მისით. მამა ასევე შესანიშნავი ადამიანია, გულკეთილი, მშრომელი და კაცთმოყვარე. დედა მეუბნება მამას გავხარო.

 პაპა-ბებია ისე გვიყვარდა მე და ჩემ ძმას, დიდი პაექრობა გვქონდა,  თუ ვინ  დაიძინებდა  მათთან. პაპა ხელოსანი იყო და ძალიან მიყვარდა მის სახელოსნოში ჩხირკედელაობა, ის  პატარ- პატარა საგნების  კეთებას მასწავლიდა. განტვირთვისთვის ახლაც მიყვარს   სახელოსნოში რაღაცეების კეთება. ბებიაჩემი მედეა,  საოცარი ქალბატონი, დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისი ყველა რჩევა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საყურესავით“ მაქვს გაყრილი.

        რაც დრო გადის უფრო მეტად ვგრძნობ დედმამიშვილების  ფასს, მათ სიყვარულს. ყველანი დაოჯახებულები არიან. ექვსი უსაყვარლესი დისშვილი და  ძმისშვილი მყავს. მათი არსებობა კიდევ უფრო მეტად მაკავშირებს  დედმამიშვილებთან. უფროსი ძმა გარდაცვლილია, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთანაა.

–  ჩემი ოჯახით ძალიან ვამაყობ, ბევრი შემიძლია ვისაუბრო მათზე და ვფიქრობ, რომ  დღეს როგორიც ვარ, ამაში დიდი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით.

-სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?

 -რაც შეეხება სწავლას, სკოლაში სწავლა სიამოვნებას მანიჭებდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ვსწავლობდი. სკოლაზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ყოველთვის  მიყვარდა შემეცნება, უფრო არაფორმალური განათლება, საუბრები, დისკუსიები და დებატები. ჩემი აზრით, ამ ფორმით მიღებული განათლება უფრო მეტად ზრდის ადამიანს და აზროვნებას ასწავლის. ასევე ბავშვობიდან მიყვარს მსოფლიო  კლასიკური ლიტერატურის კითხვა.

-შემდეგ იყო სტუდენტობის წლები.

  -ილიას უნივერსიტეტში  ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, ახლა სწორედ ესაა ჩემი პროფესია, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ვისწავლე თურქეთში სტამბულის უნივერსიტეტში, ისევ ფსიქოლოგიის განხრით. ახლა ვსწავლობ ქოუჩინგის და სპიკერობის საერთაშორისო ასოციაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. პარალელურად გავიარე ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი, ნლპ ქოუჩინგი და რემ დე კოდინგი. ახლა ამ ტექნიკების სამუშაო პროცესში გამოყენების უფლება მაქვს. დეკემბერში ტურნეს ვიწყებთ,სადაც უკვე წარვდგები, როგორც მოტივატორი სპიკერი, ტრენერი და ქოუჩი. ახლა სწავლის, ასე ვთქვათ, დასკვნითი ეტაპია.

-სამსახურზეც მოგვიყევი.

 -რაც შეეხება ჩემს სამსახურს,  ქოუჩინგის და სპიკერობის საერთაშორისო ასოციაციის მენეჯერი ვარ და რა თქმა უნდა,  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი. ბავშვებთან მუშაობა ძალიან მიყვარს.  მიმუშავია როგორც ტიპიური განვითარების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. მათთან ურთიერთობა საინტერესოა და  თავისი გამოწვევები ახლავს. ვმუშაობ  აგრესიაზე, მშობლებთან დამოკიდებულებაზე, სიზარმაცეზე და ასე შემდეგ. მოზარდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი. მუშაობის პროცესში, არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც მიზანმიმართულად სურს იყოს „ცუდი“. მას გარემო აიძულებს მოიქცეს ისე, როგორ იქცევა.  ბავშვს ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰყოფნის ყველაფერი ისე აგვიხსნას და მოგვაწოდოს, როგორც  ის გრძნობს და სურს. მათი ენა უფროსების ენისგან განსხვავდება, სწორედ აქ ჩნდება პრობლემა, მშობელი მიიჩნევს, რომ მან უკეთ იცის რა სურს მის შვილს.ზოგჯერ აზრადაც კი არ მოუვა,  ჰკითხოს შვილს რა უნდა, იქნებ სწორედ ესაა გამოსავალი. ბავშვებს ძალიან ცოტა ჰყოფნით იმისთვის, რომ რადიკალურად შეცვალონ საკუთარი ქცევები, რადგან მათ უფროსებისგან განსხვავებით ძვალ-რბილში არ აქვთ გამჯდარი ქცევების ის „თაიგული“, რომელიც ჩვენ გასიგრძეგანებული გვაქვს.

-რას ურჩევდი მშობლებს?

 – მშობლებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ შვილებთან, კომუნიკაციაში ვგულისხმობ ნამდვილ, გულწრფელ კომუნიკაციას, როცა ნამდვილად გინდა და გჭირდება შვილთან საუბარი, როცა ამ საუბრის დროს თანაგანცდა ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ სხეული გრძნობს, მათი არაცნობიერი გრძნობს.

       კიდევ ერთ საინტერესო გამოცდილებას გეტყვით. ჩემ პრაქტიკაში მხოლოდ ერთი მშობელი იყო ისეთი, რომელმაც შვილზე საუბარი არა პრობლემით, არამედ ბავშვის დადებითი მხარეებით დაიწყო. ამიტომ ძვირფასო მშობლებო, მიიღეთ შვილები ისეთები, როგორებიც არიან, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი გენიოსია თუ რამე პრობლემა აქვს, ვიზუალური ნაკლი აქვს თუ უნაკლოა. იცოდეთ,  რომ არა თქვენ, თქვენი შვილი ვერასდროს მოევლინებოდა  სამყაროს. ჩადეთ ბევრი სიყვარული მათში, ოღონდ ეს სულისამომხდელ მზრუნველობას არ გულისხმობს. ვინ არის მშობელი, მშობელი არის მისიონერი, რომ მოავლინოს ახალი სიცოცხლე სამყაროში და რაღაც ასაკამდე მისცეს მას ცოდნა იმაზე, თუ როგორ შეუძლია იაროს და იცხოვროს ბედნიერებისთვის დედამიწაზე.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

  -რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს პიროვნულ ზრდას, განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების ადამიანებისთვის მიწოდებას და მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. სამყარო მუდმივი ცვლილებების და განვითარების პროცესშია, ჩვენ კიდევ მისი შემადგენელი ნაწილი, ამიტომ  უნდა გავიზარდოთ. განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაბამისად თუ ჩვენ ვჩერდებით,  ვწყვეტთ განვითარებას და ვეღარ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, რასაც კარგი შედეგები, რა თქმა უნდა, არ მოაქვს.

-ახალი წელი მოდის, სტატია საახალწლო ნომერში დაიბეჭდება. შენი შეხედულება ახალ წელზე, თოვლის პაპაზე.

 -მიხარია, რომ ეს სტატია საახალწლო ნომერში დაიბეჭდება.  ძალიან მიყვარს ახალი წელი, რადგან ამ დღეს ყველაზე ახლოს ვარ ბავშვობასთან და თოვლის პაპისაც მჯერა,  მინდა ყველას ამ ქვეყანაში და საერთოდ სამყაროში, ვუსურვო ჰარმონია საკუთარ თავთან, რადგან სხვანაირად ჰარმონია არ გვაქვს გარემოსთან. მინდა ყველას ვუსურვო, იმ პოზიტიური სურვილების ასრულება, რაც ჩაიფიქრა,ყველა იმ მიზნის განხორციელება, რომელიც აქვს. მინდა ყველა ბავშვთან მოვიდეს თოვლის პაპა და ყველა სურვილი აუხდინოს, ეს საოცარი ემოციაა.

        2019  ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის აყვავების, გამთლიანების და სიძლიერის წელიწადი.

-მადლობა მარიამ, საინტერესო საუბრისთვის, „გაზეთი ბოლნისი“ წარმატებებს გისურვებს.


Share.

Leave A Reply