სათხის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვნენ

0


26 თებერვალს სათხის მონასტერს იტალიელი რესტავრატორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშოეისო ცენტრის (ICCROM) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი სტეფანო ვოლტა ეწვია, რომელიც სათხის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო. ადგილზე რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით განხორციელებულ სამუშაოებს „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ წარმომადგენელმა მოინახულეს.

მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლგადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას გულისხმობს. ვოლტას უშუალო მონაწილეობით, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადების დიდი გამოცდილება აქვს, მოხდება ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება და მისი მომზადება შემდგომი სამუშაოებისთვის. ასევე დაიწყება ქვის საკონსერვაციო სამუშაოები და კედლის მხატვრობის გამაგრება.

შუა საუკუნეების უნიკალური ძეგლის გადარჩენას, საყდრისის კომიტეტის წევრები, 2016 წლიდან ითხოვდნენ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სათხის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები, 2017 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწო. სრული რეაბილიტაციის პროექტი ოთხ წელიწადზეა გათვლილი და 2018-2021 წლებში კომპანია 480 000 ლარს დახარჯავს.

პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებთან ერთად ჩართული არიან სამოქალაქო სექტორის, კერძოდ კი საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ წარმომადგენლები.

სტეფანო ვოლტა წარმატებით მუშაობს და კონსულტაციას უწევს ქართველ სპეციალისტებს სხვა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც, როგორიც არის გელათის მონასტერი, ატენის სიონი, მეტეხის ტაძარი, ანჩისხატი, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი და ნიკორწმინა. ამ გამოცდილებების გათვალისწინებით და სათხის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვის მიზნით, გადაწყდა მისი ჩართვა, რეაბილიტაციის პროექტის სწორი მეთოდოლოგიის შემუშავების, კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებისა და ასევე საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში.ძეგლთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს შესაბამის ეპარქიებსა და კომპანია „არემჯის“ შორის არსებული მემორანდუმით განსაზღვრული სამუშაოები გაწერილია 2017-2021 წლებზე და პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 1 700 000 ლარს.


Share.

Leave A Reply