სათხის უნიკალურ ტაძარს რესტავრაცია უტარდება

0

დაბა კაზრეთის მიდამოებში, მიუვალ ადგილში წლების მანძილზე მიტოვებული განმარტოებით მდგარ ტაძარს ხარაჩოები აქვს შემოვლებული. სათხეს, ძველი დიდების უნიკალურ ტაძარს რესტავრაცია უტარდება მალე ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს. შემორჩენილი არტეფაქტებიდან ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს. საუკუნის პროექტს ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და რესტავრატორების გუნდი ერთად ეჭიდება. დრო-ჟამისგან განადგურებული ტაძარი მდიდარია მორთულობითა და წარწერებით. შემორჩენილი აქვს კედელს მხატვრობის ფრაგმენტები, ტაძრის ინტერიერს მოჩუქურთებული კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ეკლესია დიდი ზომის ერთნავიან შენობას წარმოადგენს, ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სადგომებს კამარა ჩაქცეული აქვს. სიძველისგან ჟანმგმოკიდებული კედლებიც არაა სრულად მოღწეული ჩვენამდე, მაგრამ არც გადაკეთება-შეკეთების კვალია სადმე. ტაძრის კედელზე რამდენიმე ფრაგმენტი და ქრისტიანული სიმბოლიკაა შემორჩენილი. აღმოსავლეთის ფასადზე ბორჯღალოს ანალოგია, მუდმივი არსებობის სიმბოლო. 1900 წელს, საათხის მონასტერს დიდი ქართველი – ექვთიმე თაყაიშვილი სტუმრობდა. კანკელი სწორედ მან გადაარჩინა, თუმცა ზედა მარჯვენა კუთხეში მას ფრაგმენტი აკლდა, რომელზეც მისი შექმნის თარიღი იყო ამოკვეთილი.
სარესტავრაციო სამუშაოებისას მიაკვლიეს კანკელის დაკარგულ ფრაგმენტს, მან ტაძრის ქრონოლოგია რადიკალურად შეცვალა, გაირკვა რომ ამ ეკლესიის წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, ვინც აქამდე ლაშა-გიორგისთან ასოცირდებოდა, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამე ყოფილა, სამუშაოების საფუძველზე რამდენიმე წელში V-X საუკუნეების ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს.


Share.

Leave A Reply