ბოლნისის „ეტალონი’’ მოსწავლე სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი გახდა

0

ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლამ ექვს თებერვალს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ პროექტს უმასპინლძა, სადაც ,,ეტალონ მოსწავლის’’ ტიტულის მოსაპოვებლად საჯარო და კერძო სკოლის 84 მოსწავლე იბრძოდა, საათნახევრიანი დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებული 80 ქულით სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოჰარ ხურშტიანი გახდა, მან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, რესურსცენტრის ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ი , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს და კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ეტალონი მოსწავლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებს, პროექტის გამარჯვებულმა საჩუქარი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, გოგი მეშველიანის სახელით სიმბოლური საჩუქარი მიიღო, ასევე კომპანია ,,არემჯიმ’’ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს სპეციალური პრიზები,ხოლო დაბა კაზრეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლის საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ,,ჩვენს სკოლაში დიდი სიხარული გამოიწვია გოჰარის წარმატებამ. პირველ რიგში ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. ვიცი, უდიდესი მოტივაცია მისცა ამ შედეგმა. გოჰარი ნიჭიერი, მიზანდასახული გოგონაა. უყვარს საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, ყოველთვის აქტიურად ერთვება სასკოლო ღონისძიებებში. საინტერესო ადამიანია, სასიამოვნო მოსაუბრე და მსმენელი. აქვს უნიკალური მახსოვრობა. ცოტა არ იყოს, ღელავდა კონკურსის წინ, მაგრამ გადალახა მღელვარება და ახლა ბედნიერია. გოჰარს წინ დასკვნითი ტური ელოდება. 14 ივნისს საქართველოს „ეტალონ მოსწავლე“ გამოვლინდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება დიდი გამარჯვებისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას’’- აღნიშნა სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა იზო გვირჯიშვილმა. განცდილ ემოციებზე,სამომავლო გეგმებზე და მიღწეულ წარმატებაზე ბოლნისის „ეტალონი მოსწავლე“ ვრცლად გვესაუბრა. -გოჰარ შენ ბოლნისის „ეტალონი მოსწავლე“ გახდი, გვიამბე იმ განცდებზე, ემოციებზე, შენი სახელის გამოცხადების დროს რომ განიცადე. -როცა ,,ბოლნისის ეტალონი“ გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ათეულში მოვხვდებოდი და როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს გამარჯვებულთა შორის, ყურებს არ ვუჯერებდი, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, რადგან ეს ჩემთვის დიდი გამარჯვება იყო. -არაა ადვილი 84 მოსწავლეს შორის ყველაზე წარმატებულად დასახელდე, ელოდებოდი ასეთ შედეგს ? -ნამდვილად არ იყო ადვილი გამარჯვება, მაგრამ არა კითხვების სირთულის გამო, უფრო ფსიქოლოგიურად ვიყავი დაძაბული. მოგეხსენებათ, ეტალონი ქართულ ენაზე ტარდება და მონაწილეობას ძირითადად ქართველი მოსწავლეები იღებდნენ. ჩვენთვის, არაქართველებისთვის, ცოტა რთულია კონკურენცია გავუწიოთ მათ მშობლიურ ენაზე მიმდინარე კონკურსში, მაგრამ სკოლაში, საბედნიეროდ, მქონდა გამოცდილება ქართულენოვან ვიქტორინებსა და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობისა, ამ კონკურსისთვისაც მოვემზადე. თუმცა მაინც ვღელავდი. -ქართული ენის სწავლა რას ნიშნავს , რა ადგილი უკავია შენთვის? -ქართული ენა ჩემთვის პირველ ადგილზეა, ძალიან მიყვარს ქართულის გაკვეთილები. განსხვავებული და საინტერესოა, ქართულის ცოდნა აუცილებელია წარმატებისთვის, წინსვლისთვის. მე ვარ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე და გავიმარჯვე ეტალონში, ეს იმას ნიშნავს, რომ მყავს ძალიან კარგი ქართული ენის მასწავლებელი. მისი დამსახურებაა, რომ კარგად მესმის ქართული და ვცდილობ, გამართულად ვისაუბრო ქართულად, რისთვისაც დიდი მადლობა, ქალბატონ იზო გვირჯიშვილს. ასევე დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს, რომელთა შრომის შედეგია ჩემი გამარჯვება. -სკოლის როლი შენს განვითარებაში. -სკოლა ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს იმიტომ, რომ იქ მივიღე ცოდნა. ყველა საგანი საინტერესოა. მოსწავლეობა ის პერიოდია, რომელიც გამზადებს დიდი ცხოვრებისთვის, ამიტომ სკოლის წლები აზრიანად უნდა გამოვიყენოთ. მე მიყვარს ჩემი სკოლა, მეგობრები და მასწავლებლები. -რას ნიშნავს შენთვის იყო ბოლნისის „ეტალონ მოსწავლე“? -ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან პირველად მოვიპოვე გამარჯვებულის სტატუსი. ეს პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რადგან წინ კიდევ დიდი ბრძოლა მელის. -რამდენად შეცვალა შენი ცხოვრება ამ გამარჯვებამ? -ბევრი რამ შეცვალა – გავხდი უფრო თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ შემიძლია ყველაფრის გაკეთება. – რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად? -ვფიქრობ, რომ ძნელი არ არის წარმატების მიღწევა, თუ შრომობ, დაისახავ მიზანს და ამ მიზნისთვის იბრძოლებ. მე კარგად ვსწავლობ სკოლაში და წარმატებისთვის ცოდნა დიდ როლს ასრულებს. -გვიამბე შენზე, როგორია გოჰარ ხურშტიანი? -ძნელია საკუთარ თავზე ილაპარაკო. გოჰარ ხურშტიანი, ჩემი აზრით არის მიზანსწრაფული და ცნობისმოყვარე. არ უყვარს ტყუილი და არასოდეს კარგავს დროს. -სოფელში რითი ერთობით, გარდა მეცადინეობისა, რას აკეთებ? -სოფელში გასართობი ადგილები არ არის და წრეებზეც არ დავდივარ. ერთადერთი ნათელი წერტილი ბიბლიოთეკაა და ხშირად ვსტუმრობ მას. მიყვარს წიგნების კითხვა. ეს მამშვიდებს და ცოდნას მივსებს. -დიდ დროს უთმობ სწავლას, როგორია სოფელში ცხოვრება? -დიახ. მე დიდ დროს ვუთმობ სწავლას, გაკვეთილებს ყოველდღე ვამზადებ, არასოდეს წავსულვარ სკოლაში მოუმზადებელი. ჩვენს სოფელში ცხოვრება უინტერესოა. მინდა ვიარო ცეკვაზე, სხვადასხვა წრეზე, მაგრამ სოფლის ბავშვებს ეს ყველაფერი არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. -როგორ იყენებ თავისუფალ დროს? -თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას ან წიგნს ვკითხულობ. -მიღწეული წარმატებისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთწლიანი სტიპენდია დაგინიშნა – 100 ლარი ყოველთვიურად, რისთვის გამოიყენებ ამ თანხას? -გადავწყვიტე, ეს ფული ახლა არ დავხარჯო. მინდა სწავლა გავაგრძელო თბილისში და იქ სწავლისთვის გამოვიყენო. -რა პროფესიის არჩევას გეგმავ? -თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე მინდა ჩავაბარო. პედიატრი მინდა გავხდე. -საყვარელი მწერალი და წიგნი? -ჩემი საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძეა, მიყვარს მისი იუმორიც და სევდაც. ,,ხაზარულა“ რომ წავიკითხე ხან ვიცინოდი, ხან ვდარდობდი. საუკეთესოა მისი ,,მე , ბებია, ილიკო და ილარიონი“. -შენს ოჯახზეც გვიამბე, რა ნიშნავს სწავლა მათთვის და როგორ გიწყობენ ხელს? -ჩემი ოჯახისთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კარგად ვსწავლობ. მშობლები ყველანაირად მიწყობენ ხელს, საოჯახო საქმეებით არ მტვირთავენ, ბიძგს მაძლევენ და მეხმარებიან. ისინი ძალიან ბედნიერები არიან ჩემი წარმატებით. -ასეთი ხედვები, მისწრაფებები და სამომავლო გეგმები აქვს ბოლნისის ,,ეტალონ მოსწავლეს’’, მან კარგად იცის კიდევ ერთხელ რომ ასახელოს ბოლნისი, სკოლა და ოჯახი, ბევრი უნდა იშრომოს, დიდი მონდომებითა და შემართებით მოემზადოს მომავალი გამარჯვებისთვის. მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply