სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრი „იმედი“ ფუნქციონირებას ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აგრძელებს

0

ორი წლის წინ ბოლნისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „არა ოჯახში ძალადობას“ ასოციაციამ „მრავალფეროვანი საქართველოს ქალები ქვემო ქართლში“ ბოლნისის ენის სახლის პარტნიორობით განახორციელა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტიანი ინფორმირება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. პროექტი მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვაზე და დახმარებაზე. პროექტის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები სპეციფიკიდან გამომდინარე, გადამზადდნენ. ბენეფიციარებს ადგილზე უწევდა მომსახურებას ექიმი, ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი. პროექტის მიმდინარეობისას სარეაბილიტაციოსაგანმანათლებლო ცენტრ „იმედში“ განთავსდა 14 ქალი, ფსიქოლოგის კონსულტაცია გაეწია 29, ხოლო იურიდიული მომსახურება 24 ბენეფიციარს. მათ ასევე საჭიროებისამებრ გაიარეს სამედიცინო შემოწმება. ქალთა გაძლიერების მიზნით ცენტრში ინგლისურის, ფინანსური მენეჯმენტის, კერვის, ქსოვის და ვიზაჟის კურსები ჩატარდა. კურსები 150-მდე ქალმა გაიარა. პროექტის ფარგლებში მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა, საიდანაც სამი ბოლნისელის პროექტი შეირჩა, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა საცხობი, ყვავილების სათბური და მცირე ფერმა. „გვინდოდა საცხობის გაკეთება, რაც მცირე გრანტის საშუალებით შევძელით, ჩავერთეთ პროექტში, დეტალურად გავწერეთ საჭირო რესურსი, გრანტის მიღების შემდეგ შევიძინეთ თანამედროვე ღუმელი, მაცივარი, მაგიდა და სხვა საჭირო ინვენტარი, მსგავსი გრანტები ქალებს ეხმარება მცირე ბიზნესის დაწყებაში“. აღნიშნა ციალა ბუიშვილმა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „არა ოჯახში ძალადობას“ 2018 წელს დასრულდა, საჭიროებიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრმა ფუნქციონირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განაგრძო. როგორც ცენტრის დირექტორი გვიყვება „იმედი“ შეცვლილი ფორმატით აგრძელებს მუშაობას. ამჯერად ცენტრში განთავსდება და სხვადასხვა სახის მომსახურება მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაზარალებულ ბენეფიციარს გაეწევა. ცენტრში ძალადობის მსხვერპლისთვის ყველა საჭირო პირობაა. მას 10 დღის მანძილზე შეუძლია აქ დარჩენა, ამ პერიოდში კი სამართლებრივი კუთხით მოხდება საქმის მოკვლევა, საჭიროებიდან გამომდინარე, დაზარალებულის გადაყვანა შესაძლოა კრიზისულ ცენტრშიც მოხდეს. 2019 წლიდან ცენტრში განთავსება შეუძლიათ მინდობით აღზრდაში გადასაცემ ბავშვებსაც, სანამ ოჯახებს მოუძებნიან. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირება, ამ წლების განმავლობაში პროექტმა აჩვენა მისი საჭიროება, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მსგავსი ცენტრების არსებობა. ეს ის თემაა, რაზეც ხმამაღლა ჯერ კიდევ უჭირთ საუბარი, სწორედ მსხვერპლ ქალებს უნდა ჰქონდეთ ვინმეს გვერდში დგომის იმედი. სწორედ ასეთი ცენტრები ემხარებათ მათ როგორც ინფორმირების კუთხით, ასევე აქ მოსულ დაზარალებულს ხვდება ძალიან თბილი და კომფორტული გარემო“. აღნიშნა სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა სალომე უგრეხელიძემ.


Share.

Leave A Reply