,,ილია ჭავჭავაძის შემეცნებითმა კლუბმა“ მორიგი აქტივობით „დედაენის“ დღე აღინიშნა

0

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით   ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში ,,ილია ჭავჭავაძის შემეცნებითმა კლუბმა“ გამართა შეხვედრა თემაზე   ,,ქართული ენის რაობა და მწერლობის მნიშვნელობა.“  ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა შემდეგ აქტივობებს: სემინარს  ,,ქართული ენის რაობა და მწერლობის მნიშვნელობა“, მხატვრული ინტერმედია  ,, ქართული ენა პოეზიაში,  საუბარს  პოეტ თინათინ მღვდლიაშვილთან და  ლიტერატორ ზაზა აბზიანიძესთან“,   დისკუსიას აუდიტორიის ჩართულობით.  შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა,  რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო თუ კერძი სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. რამდენიმე საათიანი შეხვედრა  პოეტმა საკუთარი ლექსებით დაასრულა, პროექტის ორგანიზატორმა კი შემდეგი შეხვედრა სულ სხვა თემით, მაისისთვის დააანონსა.

გიორგი  სავანელი,  პროექტის ხელმძღვანელი:

პროექტი  4 თვეა მიმდინარეობს,  უკვე მეოთხე აქტივობა გვქონდა. მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით,  შეხვედრა სპეციალურად დავამთხვიეთ 14 აპრილს –  ქართული ენის  დღეს,   ეს არის დღე, რომელსაც გააჩნია, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა,   თუ რას წარმოვადგენთ,  რა ისტორია  გამოვიარეთ, ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდმა  მისებურად მოგვაწოდა,  ამიტომ  ბევრი თაობა  ამ მოარული გავლენების ქვეშ არის და  ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი სწორად მივაწოდოთ ახალგაზრდებს.  მსგავსი აქტივობები მომავალი თაობების ცნობიერების განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია და  დარწმუნებული ვარ,  შედეგებს მოგვცემს.

მედეა ჯაფარიძე, სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი:

-უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს და ჩემს ლამაზ ბოლნისს მივულოცო უბრწყინვალესი   დღე. რაც შეეხება ღონისძიებას, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ბავშვები სისტემატიურად ესწრებიან იმპერატივს, რომელიც  უნიკალური იდეაა, შესანიშნავი თემებით, შესანიშნავი წამყვანით.  ბავშვების განვითარებისთვის ეს არის საოცარი შესაძლებლობა იმისა,  რომ ქართველებმა ქართულად, პატრიოტულად   ბევრი რამე  გაიგონ, რასაც სკოლებში დროის სიმცირის გამო ვერ იგებენ.  

თინათინ მღვდლიაშვილი, პოეტი:

-მოგესალმებით ბოლნისს, ბოლნისელებს,  დიდი მადლობა  მასპინძლობისთვის. ჩვენ  მუნიციპალიტეტის დარბაზში ჩავატარეთ  ლამაზი საღამო რეჟისორ გიორგი სავანელის ხელმძღვანელობით, რომელიც უკავშირდება ილია ჭავჭავაძის სახელს. ვისაუბრეთ  იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა დღევანდელი თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ,რათა არ ჩამორჩნენ საქართველოს ისტორიას.  

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

-საზოგადოებრივი შემოქმედებითი გაერთიანება  ეროვნულ იმპერატივსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას  შორის  პროექტის ,,ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი კლუბის“ განხორციელების თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ორგანიზატორებთან შეთანხმებით რიგით მეოთხე აქტივობა    მიეძღვნა დედაენის დღეს.  მოწვეული მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს დღე,  პროექტი  ღრმა ფესვებში ჩაახედებს თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ,  როგორ ეფერებოდნენ ჩვენი წინაპრები დედაენას. ეს იყო პათოსი და განწყობა დღევანდელი დღის.


Share.

Leave A Reply